ქურქი გაიხადე

რუს ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას ექსპრესიული რეაქცია ჰქონდა აფხაზეთში ლეოპარდის სიკვდილზე. მის პოსტს აფხაზი მომხმარებლების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელებში.

თავის ინსტაგრამის გვერდზე რუსეთის ტელეწამყვანმა კერძოდ დაწერა, რომ „აფხაზეთში მათ, ვისაც ადამიანებს არ ვუწოდებ, მოკლეს ჩემი კილი. მე ლეოპარდის ელჩი ვარ ველური ბუნების მსოფლიო ფონდიდან. სექტემბერში ჩვენ დავდგით ფოტო-ხაფანგები, რათა გვეთვალთვალა ხუთი, სულ ხუთი ლეოპარდისთვის, რომლებისთვისაც ველური ცხოვრების ჩუქება გვინდოდა. ამ დროს კი იმათ, ვისაც ადამიანებს არ ვუწოდებ, დგამდნენ არამზადა ხაფანგებს, რომლებსაც ასეთივე არამზადები აწარმოებენ,“ ნათქვამია პოსტში.

მიუხედავად იმისა, რომ სოცქსელების აფხაზი მომხმარებლები თავადაც არ იშურებდნენ ეპითეტებს, როცა აფხაზეთში ლეოპარდის სიკვდილის შესახებ ცნობა გაჩნდა, ტელეწამყვანის ამ პოსტმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აფხაზურ დახურულ ჯგუფებში მასზე დაიწერა სარკასტული კომენტარები, რომლებსაც ახლდა „1 არხის“ წამყვანის სურათები ბეწვის ტანსაცმელში.

„აი, აქ ბეწვი აცვია და მეც შემიძლია ვიტირო,“ წერს ერთ-ერთი მომხმარებელი აფხაზეთიდან პასუხად ანდრეევას სიტყვებზე „ვტირი, თუმცა ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ“.

„იქნებ თვითონ გაიხადოს ბეწვის ტანსაცმელი და მერე ასწავლოს სხვებს ჭკუა. მაგალითად, ჯულია ორომონდმა ნიკიტა მიხალკოვის „ციმბირელ დალაქში“ უარი თქვა ნამდვილი ბეწვის ტარებაზე“.

ეს არაა ერთადერთი ფოტო, რომელზეც ტელეწამყვანს ბეწვის ნაწარმი აცვია. მაგალითად, ტასს-ის არქივში შეიძლება იპოვოთ ანდრეევას ფოტო კარაკულის ქურქში.

თუმცა გამოჩნდნენ მომხმარებლები, რომლებიც ტელეწამყვანს გამოექომაგნენ.

„ლაპარაკია არა ბეწვზე, არამედ მოკლულ ცხოველზე! რატომ უმახინჯებთ სიტყვებს, მით უმეტეს, რომ მართალია. ბარემ მედალი ჩამოჰკიდეთ კისერზე მკვლელებს.“

ამას პასუხად მოჰყვა, რომ „გარეული ცხოველების დამცველებს აპრიორი არ შეუძლიათ მოკლული ცხოველების ქურქების ტარება“ და „ლეოპარდის მოკვლის ფაქტი, რომელიც სოჭის ნაკრძალიდან გაიქცა, აფხაზეთში არაა დამტკიცებული, ყველაფერი ჭორების დონეზეა. აქ კი ეკოლოგები წერენ ამაზე, თუ ფაქტები და საბუთები მოგეპოვებათ, წარმოადგინეთ ისინი, თორემ მხოლოდ სიტყვები საბუთების გარეშე -ცარიელი სიტყვებია.“

როგორც ჩანს, აფხაზ მომხმარებლებზე იმოქმედა იმ სიმსუბუქემ, რომლითა ახდენს ანდრეევა ადამიანების დეჰუმანიზაციას, ართმევს მათ ადამიანის სტატუსს. რუს ბუნების დამცველებს ისიც უსაყვედურეს, რომ მათ ნაკლებად აინტერესებთ ადამიანების ტრაგედიები. „მოკლულ აფხაზებზე არ ულაპარაკიათ იმდენი, რამდენსაც ამ ლეოპარდზე ლაპარაკობენ“, დაწერა აფხაზმა მომხმარებელმა ერთ-ერთ ჯგუფში.