ღმერთი თუ ღმერთის მკვლელი?

90 წლის წინ იოსებ სტალინი პირველად შეადარეს ღმერთს. 1934 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „პრავდაში“ დაიბეჭდა ყინულმჭრელ „ლიტკეს“ ექსპედიციის ხელმძღვანელის, დმიტრი დუპლიცკისა და გემის კაპიტნის, ნიკოლაევის ხელმოწერილი განცხადება სათაურით „ყინულმჭრელ „ფიოდორ ლიტკეს“ ბრწყინვალე გამარჯვება“, რომელშიც სტალინი ნახსენები იყო როგორც „ლენინური პარტიის დიადი მესაჭე“. სავარაუდოდ, არქტიკის დამპყრობელმა საბჭოთა მეზღვაურებმა არაფერი იცოდნენ იოანე ოქროპირის იმ შეგონების შესახებ, რომლის მიხედვითაც, „ქრისტეს წმინდა ეკლესია იგივეა, რაც ხომალდი ზღვაში, უფალი ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე კი - მხოლოდშობილი ძე მისი“.

მესაჭე - სტალინის ეს ახალი ტიტული სწრაფად აიტაცა საბჭოთა პროპაგანდამ. 1937 წლის 1 იანვრის გაზეთ „პრავდის“ მეწინავე სტატიაში, რომლის სათაურია „ჩვენ მიგვიძღვება დიადი მესაჭე“, ვკითხულობთ:

გაზეთი "პრავდა", 1937 წ. 1 იანვარი

„საბჭოთა ხომალდი კარგად აღჭურვილი და შეიარაღებულია. მას არ აშინებს შტორმები. ის მიჰყვება აღებულ კურსს. მისი კორპუსი აგებულია გენიალური მშენებლის მიერ მტრულ სტიქიასთან გასამკლავებლად ომებისა და პროლეტარული რევოლუციების ეპოქაში. მას მართავს გენიალური მესაჭე სტალინი“.

გზა გაღმერთებამდე

სტალინის მიზანმიმართული გაღმერთება 30-იანი წლებიდან დაიწყო, მანამდე, როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, საბჭოთა მითოსის მთავარი პერსონაჟი ლენინი იყო, სტალინს კი, ძირითადად, თანამემამულე ხელოვანები თუ ახსენებდნენ.

“ვინ იმღერა პირველად ლენინზე, ვინ ახსენა პირველად სტალინი?” – კითხულობს გალაკტიონ ტაბიძე თავის ერთ-ერთ ჩანაწერში, - „ლენინი პირველად ნახსენებია 1918 წელს ქართულ პოეზიაში ჩემ მიერ და სტალინი კი ცოტა მოგვიანებით 1928 წელს. მანამდე, ტყუილია, არავის არ უხსენებია – სტალინი“.

ახალგაზრდა სტალინი

1920–იანი წლებიდან მოყოლებული მწერლები თანდათანობით პარტიის აგიტატორებად იქცნენ. მწერლებს ევალებოდათ მიზნობრივი წერა, პარტიისა და მთავრობის იდეოლოგიის პროპაგანდა. მართალია იყვნენ მწერლები, რომლებიც წნეხის გარეშეც აღიარებდნენ ბოლშევიზმის მნიშვნელობას, მაგრამ განმსაზღვრელი და ტონის მიმცემი იყო ბოლშევიკების მიერ დამკვიდრებული „ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი“, რომელიც შემოქმედს თავისუფალ არჩევანს არ უტოვებდა.

აკაკი ბაქრაძე

აკაკი ბაქრაძის თქმით („მწერლობის მოთვინიერება“), ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი, მწერალს ართმევდა შემოქმედებით თავისუფლებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა ზნეობრივი პასუხისმგებლობისა და საკუთარი კონცეფციის გარეშე დარჩენას. ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი პანეგირიკულ-პროპაგანდისტულ მწერლობას ითხოვდა. როგორც ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, ამ დროიდან ესხმება ხოტბა სტალინს, ხდება მისი წარსულის განდიდება, გმირობების გამოკვეთა:

„იქმნება შესაბამისი შინაარსის ნაწარმოებები, პლაკატები, ლოზუნგები, პორტრეტები, რომლებითაც გადავსებულია ჟურნალ-გაზეთები, ქუჩები, მოედნები, დაწესებულებები. იქმნება გარემო, რომელშიც მითითების გარეშეც ცხადია, თუ რა უნდა აკეთოს ხელოვანმა, რა უნდა იყოს მისი შემოქმედების მთავარი ელემენტი... შემდეგ მთავრობის განკარგულებები და მითითებებიც გამოდის, რომ უკვდავყოფილი იქნას სტალინის კვალი. წესდება პრემიები, მათ შორის სტალინური პრემია... ერთი სიტყვით, იქმნება სისტემური გარემო, რომელიც მკაფიოდ ეუბნება ყველა შემოქმედს, თუ ვინ უნდა იყოს ნომერ პირველი პერსონაჟი მათ შემოქმედებაში.“

შესაბამისად, ქართველი პოეტები უმღერიან სტალინს, როგორც მსოფლიო მუშათა კლასის ბელადსა და მასწავლებელს; მათ პოეტურ სამყაროში, „სტალინი მთელი პროგრესული კაცობრიობის იმედია, ამიტომაც თანაბრად უყვარს და შესტრფის მას რუსი თუ ჩინელი, ქართველი თუ ინდოელი, უკრაინელი თუ კორეელი, ბელორუსი თუ პოლონელი...“ (ს.ჭილაია)

სტალინი ახალი სამყაროს კოსმოგონიის მთავარი პერსონაჟია:

„მზე გველეშაპს გამოსტაცე,
ხალხს სამშობლო დაუბრუნე:
ჯუღაშვილი დედამ შობა
და სტალინი - საუკუნემ.“ (ან. თევზაძე)

სტალინი სინათლის, თავისუფლებისა და ბედნიერების მომტანიცაა:

„ხალხს დღე არ ჰქონდა - შენ გაუთენე,
შენ გაუბრწყინე სინათლით თვალი;
ბინა არ ჰქონდა - შენ აუშენე,
შენ დაუბრუნე მას წართმეული
დიდი სამშობლო თავისუფალი.“ (შ. აფხაიძე)

„სტალინის გაღმერთების“ პიკი 1937-38 წლებზე მოდის, როცა დიდი ტერორი მძვინვარებს. 1937 წლის 15 მაისს ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობის ტრიბუნიდან მიმართავს მწერლებს:

ლავრენტი ბერია

„ქართული პოეზია გამდიდრდა ახალი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით. პირველ რიგში საჭიროა აღინიშნოს დიდი სტალინისადმი მიძღვნილი ნაწარმოებნი. ჩვენი პოეტები უმღერიან ბელადის სახეს, როგორც ყველა ჩვენი გამარჯვების სიმბოლოს“

აკაკი ბაქრაძის დასკვნით, ეს შექება მკაფიოდ აუწყებდა მწერლობას, თუ როგორ თხზულებებს მოიწონებდა კომპარტია.

გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ამ პერიოდში წერს გიორგი ლეონიძე ეპოპეას „სტალინი - ბავშვობა და ყრმობა“ (სტალინზე დაწერილი ყველაზე ვრცელი პოეტური თხზულება), რომელშიც ბელადი ახალ გმირად, ახალ ამირანად არის გამოყვანილი:

„მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის ხალხმა,
რაც უკვე მის გულს დაუდგენია,
რომ ახალ ცეცხლის დამრიგებელი
უკვე წარმოშვა ხალხის გენიამ.“

"სტალინი - ბავშვობა და ყრმობა"

„ბავშვობა და ყრმობის“ მასშტაბმა, როგორც მსახიობი აკაკი ვასაძე იხსენებდა მოგონებების წიგნში, თვითონ სტალინი შეაწუხა.

„ლაურეატი ხომ არის? აბა, რას ჩამაცივდა ეგ შენი ლეონიძე?!“ - ჯერ ხუმრობით უთქვამს სტალინს შემდეგ კი, როგორც აკაკი ვასაძე ამბობს, დაუმატებია: „არ მინდა ისე მიიღოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს ჩვენს რევოლუციონერთა მოღვაწეობას გამოვრიცხავდე თანამედროვე პოეზიის, პროზისა და დრამატურგიის თემატიკიდან. მე წინააღმდეგი ვარ ოდებისა და ფსალმუნების მსგავსი „თანამედროვე საგალობლების“, სადაც მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების განდიდებას აქვს ადგილი მისი საქმეების, მისი ხალხთან ურთიერთობის გარეშე“.

გიორგი ლეონიძის პოემის მასშტაბის პროზაული თხზულების შექმნა სცადა კონსტანტინე გამსახურდიამ. რომან „ბელადის“ პირველი ნაწილი ჟურნალ „მნათობში“ 1937 წელს დაიბეჭდა.

„სტალინის მიმართ ჩვენ არაფერი არ მიგვაჩნია დამაკმაყოფილებლად, სტალინის სათანადო მხატვრული სავსებით ასახვა იქნებ მიუწვდომელი საქმეც იყვეს, მაგრამ იმ მხატვრულ ნაწარმოებთა შორის, რაც სტალინის შესახებ დაიწერა, როგორც ქართულად, ისე სხვა ენებზე, კონსტანტინე გამსახურდიას რომანი აუცილებლად ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამართული ნაწარმოებია. რომანი გამთბარია სიყვარულით ბელადისადმი“ (პ. ინგოროყვა).

სტალინი კრემლში. 1936 წ.

სტალინისა და სხვა ადგილობრივი თუ საკავშირო ბელადების სახელებმა ფოლკლორსა და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაშიც შეაღწია, თუმცა პირველობა, ცხადია, აქაც სტალინს ეკუთვნოდა.

„გაიღვიძეო, პატარა,
დედაი ხელით გატარებს,
ნუთუ შენ არა გსმენია,
რომ ეს ქვეყანა შენიო
გლოვობს ლენინს.
ჩიტუნაო პატარა,
დედაიმ მისთვის გატარა ,
სტალინსა გაჰყვე მტკიცედა
მიეცი სიტყვა ფიცითა.
...ფიცს აღარ ეღალატების“.

ეს გასაღვიძებელი „ნანა“ აღმოსავლეთ საქართველოს მთაშია ჩაწერილი, ისევე როგორც ხევსურის შემდეგი ლექსი:

„გჯეროდეს, დიდი სტალინო,
მკლავს აღარ მოვჭრი ქისტასა!
დავაძმობილეთ ურთერთსა
ხალხი ბარის და მთისაცა.“

სტალინი. იაკობ ნიკოლაევი

კოლექტივში შესული გლეხების სათქმელია გადმოცემული კახეთში ჩაწერილ ლექსებში:

"ცაზე მთვარე ამოსულა,
ნიშანია დარისა,
კოლექტივი გაძლიერდა,
ვენაცვალე სტალინსა!“

„ჯუღაშვილო, მე შენ გამჩენს
ვენაცვალე ყელშია,
დაწიხლული გლეხ-კაცობა,
შენ გამართე წელშია“

„გაივლის წლები და საუკუნეები, კიდევ მრავალი თაობა ამღერდება სტალინის, ამ უდიდეს, მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის ადამიანის შთამაგონებელი გენიით“, - წერდა 1939 წელს გამოცემული წიგნის („ლენინი და სტალინი ქართულ პოეტურ ფოლკლორში“) შესავალში მწერალი, დიმიტრი ბენაშვილი, რომელსაც, გამდინარე წიგნში თავმოყრილი ნაწარმოებების ხარისხიდან, შესაძლოა, თვითონაც არ სჯეროდა თავისი ამგვარი პროგნოზისა.

საიდან გაჩნდნენ ბელადები სახალხო მთქმელების ნაწარმოებებში?

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

„როცა ამგვარად ორგანიზებული იყო ბელადის განდიდების პროპაგანდა, ბუნებრივია ეს გარემოება სახალხო მოლექსეებზეც მოახდენდა გავლენას“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, - „შესაძლებელია მითითებით ან შეკვეთითაც თხზავდნენ ამგვარ ლექსებსა და სიმღერებს. რამის მტკიცება ძნელია, თუმცა ხარისხიდან გამომდინარე, გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. დიდად არ ბრწყინავენ ეს ლექსები. ნაძალადევი ჩარჩოს ნაწილადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ალბათ, იყო კრიტიკული და ანტისტალინური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიც, მაგრამ პოლიტიკური დევნის, შევიწროებისა და შიშის გამო თითო-ოროლა ნიმუში თუ შემორჩა“.

ძნელია იმის თქმაც, მართალა ხალხში დაიბადა 1939 წელს ძველ ბუხარაში ჩაწერილი ზღაპარი „ღმერთის სიკვდილი“ თუ რომელიმე „ლიტერატურის პარტიულობის პრინციპის“ ერთგულმა ადგილობრივმა მწერალმა შეთხზა?

უზბეკური ზღაპარი ლენინსა და სტალინზე

ზღაპარი, რომელიც „საბჭოთა ხალხების ზღაპრების“ კრებულში გამოქვეყნდა, მოქმედება ხდება ნიკოლოზ II მეფობის დროს: შეიკრიბებიან მდიდრები და შესჩივლებენ ოქროს საწოლში მთვლემარე მეფეს, სტალინი და ლენინი დაიარებიან და ღარიბებს ასწავლიან, როგორ წაგვართვან ძალაუფლება. უბრძანე, ჩასვან ციხეში. მეფემაც გასცა ბრძანება. დაიჭირეს ლენინი და სტალინი, დაადეს ბორკილები და ჩაყარეს ციხეში. გავიდა დრო. ხალხმა იკითხა, სად დაიკარგნენ ლენინი და სტალინი? რატომ არ ჩანან? დადის ხალხი, კითხულობს, მაგრამ პასუხი არავის აქვს. ეს ამბავი შეიტყვეს ფრინველებმა და მათაც დაიწყეს ძებნა. ერთ ბეღურას გაუმართლა. ფანჯარაში თვალი მოკრა ციხეში მყოფ ლენინსა და სტალინს. ბეღურამ უხმო თაგვებს. თაგვებმა სწრაფად გადაღრღნეს მსხვილი ჯაჭვები. ბეღურების დაძახილზე მოსულმა თრიებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს, არწივებმა კი ზურგზე შეისვეს ლენინი და სტალინი და გაფრინდნენ. გაქცეულ ტუსაღებს მეფის მსახურები დაედევნნენ, მაგრამ ბეღურებმა ამჯერად უხმეს ვეფხვებს, ლომებსა და სხვა ცხოველებს. შეშინებულმა მდიდრებმა უკან დაიხიეს, თუმცა დროებით. ღმერთს შესთხოვეს დახმარება. ღმერთიც დათანხმდა. ამასობაში ლენინმა და სტალინმა ღრუბლებში შეამჩნიეს ღმერთის ჯადოსნური სასახლე და გადაწყვიტეს შესვენება. ღმერთმა მსახურებს უბრძანა სტუმრების შეპყრობა და მათი მდიდრებისთვის გადაცემა, მაგრამ არწივებმა დაიცვეს ლენინი და სტალინი. მსახურები გაყარეს, სასახლის პატრონს კი თვალები ამოკორტნეს. გაბრაზებულმა სტალინმა და ლენინმა ხელი ჰკრეს დაბრმავებულ ღმერთს, რომელიც მიწაზე ჩამოვარდა და მოკვდა. ლენინი და სტალინიც დაეშვნენ მიწაზე, გაყარეს მეფე და მდიდრები და მას შემდეგ ბედნიერად ცხოვრობენ რუსებთან, უზბეკებთან, ტაჯიკებთან, თათრებთან და სხვა ხალხებთან ერთად.

უცნობია, რა ბედი ეწია ამ „ზღაპრის“ მთქმელს, ჩამწერსა და გამომცემელს. სამაგიეროდ ცნობილია იმ ადამიანის ხვედრი, რომელმაც პირველმა უწოდა სტალინს ღმერთის სახელი - „დიდი მესაჭე“ („Великий кормчий“). ყინულმჭრელ „ლიტკეს“ ექსპედიციის ხელმძღვანელი და მუშურ-გლეხური სამხედრო-საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელი, დივიზიის კომისარი დმიტრი დუპლიცკი, როგორც კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრი, დახვრიტეს 1938 წლის 19 თებერვალს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით.

დმიტრი დუპლიცკი - ყინულმჭრელ „ლიტკეს“ ექსპედიციის ხელმძღვანელი და მუშურ-გლეხური სამხედრო-საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელი, დივიზიის კომისარი