ყასემ სოლეიმანის სამგლოვიარო ცერემონიას ასიათასობით ადამიანი დაესწრო

პროცესიის მონაწილეებმა თეირანის ქუჩებზე ჩაატარეს „ყუდსის ძალების“ სარდლის, გენერალ ყასემ სოლეიმანის კუბო. რამდენიმე მთავარი ქუჩა ჩაიკეტა ასიათასობით ადამიანის დასატევად.

თეირანის რევოლუციის მოედანი ორშაბათს. სამი დღით ადრე გენერალი ბაღდადის აეროპორტში მოკლეს აშშ-ის დრონიდან გაშვებული რაკეტით. როგორც იტყობინებიან, სოლეიმანის სამგლოვიარო პროცესია ყველაზე ხალხმრავალი იყო ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის დაკრძალვის შემდეგ.

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ხალხში იშვიათად ავლენს ხოლმე ემოციებს, ტიროდა, როცა ყასემ სოლეიმანის კუბოსთან ლოცულობდა.
 

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ და პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ლოცვა აღავლინეს გენერალ ყასემ სოლეიმანისა და ერაყული გასამხედროებული დაჯგუფების ლიდერის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდის კუბოებთან. ალ-მუჰანდიც 3 იანვარს იქნა მოკლული აშშ-ის დრონით.

„ყუდსის ძალების“ ახალი ლიდერი, გენერალი ისმაილ ყაანი ტირის თავისი წინამორბედის, ყასემ სოლეიმანის კუბოსთან.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა სამი კილომეტრის სიგრძის სამგლოვიარო პროცესიას.

პროცესიის მონაწილეებს მიმართა მოკლული გენერლის ქალიშვილმა ზეინაბ სოლეიმანიმ. მან თქვა, რომ ირანი შურს იძიებს მამამისის სიკვდილისთვის. ზეინაბ სოლეიმანის სიტყვებით, მამამისის სიკვდილი „შავ დღეს“ მოუტანს აშშ-ს.

სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეები გენერალ ყასემ სოლეიმანის პორტრეტებით.

გენერალ ყასემ სოლეიმანისა და იმ ადამიანების კუბოები, ვინც 3 იანვარს დაიღუპა ერაყში აშშ-ის დრონის იერიშის შედეგად.

სამგლოვიარო პროცესიის დროს დაწვეს აშშ-ისა და ისრაელის დროშები.

პროცესიის მონაწილეებს უჭირავთ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუტაფორიული კუბოები.

მგლოვიარეებს უჭირავთ უზარმაზარი ბანერი ყასემ სოლეიმანის სურათით და წარწერით: „მკაცრი შურისძიება გზაშია“.

დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ღაზის სექტორიდან ჩავიდა თეირანში ყასემ სოლეიმანის სამგლოვიარო ცერემონიაზე. სოლეიმანი, რომელიც „ყუდსის ძალებს“ ხელმძღვანელობდა, საკვანძო მნიშვნელობის ფიგურა იყო ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის გავრცელების საქმეში.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაიზალ მიყდადი (მარცხნიდან მეორე) სირიის დედაქალაქ დამასკში ესწრება სოლეიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას. ირანის „ყუდსის ძალებმა“ დიდი დახმარება გაუწიეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, როცა ის დამარცხების პირას იყო.

იემენის ქალაქ საადაში ჰუთიტი მეამბოხეების მხარდამჭერს სოლეიმანის სურათი აქვს ტანსაცმელზე მიმაგრებული. მეამბოხეები, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, გამოვიდნენ „ყუდსის ძალების“ სარდლის მოკვლისთვის „სწრაფი შურისძიების“ მოწოდებით.

სოლეიმანის სამგლოვიარო ცერემონიას წინ უძღოდა მწვავე რიტორიკული შეტაკებები თეირანსა და ვაშინგტონს შორის. მსოფლიო ლიდერები კი 3 იანვრის მკვლელობის შემდეგ სიმშვიდისკენ მოწოდებებით გამოვიდნენ.