"ყინული სისხლით იყო შეღებილი". ჩაშლილი მესამე, "ნამდვილი რევოლუციის" 100 წლისთავი 

საბრძოლო ხომალდები "პეტროპავლოვსკი" და "სევასტოპოლი"

100 წლის წინ, 1921 წლის 1 მარტს (ძველი სტილით 19 თებერვალს) დაიწყო კრონშტადტის აჯანყება, რომლის ჩახშობისას 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. „საბჭოები ბოლშევიკების გარეშე“ - ასეთი იყო აჯანყებულთა მთავარი ლოზუნგი. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კრონშტადტის აჯანყების - ბოლშევიკების წინააღმდეგ მოწყობილი ყველაზე დიდი აჯანყების ისტორია ჯერაც არ დაწერილა. 100 წლის წინ ბევრი იმედოვნებდა, რომ კრონშტადტიდან დაიწყებოდა მესამე, ნამდვილი რევოლუცია.

კრონშტადტის აჯანყება, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეიარაღებული გამოსვლაა ბოლშევიკების წინააღმდეგ, მასში მონაწილეობდა ხალხი, ვინც ბოლო დრომდე რევოლუციის მამოძრავებელ ძალად მიიჩნეოდა.

მაინც რა უნდოდათ ამბოხებულებს?

„იმის გათვალისწინებით, რომ არსებული საბჭოები არ გამოხატავენ მუშებისა და გლეხების ნებას, დაუყოვნებლივ გაიმართოს საბჭოების ხელახალი და ფარული არჩევნები... დამკვიდრდეს სიტყვისა და პრესის თავისუფლება... შეკრებისა და პროფკავშირების თავისუფლება და გლეხთა ასოციაციები... გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი... გაუქმდეს ყველა პოლიტიკური განყოფილება, რადგან არცერთ პარტიას არ უნდა შეეძლოს გამოიყენოს პრივილეგიები თავისი იდეების პროპაგანდისთვის და ამ მიზნით სახელმწიფოსგან თანხების მისაღებად... გათანაბრდეს კვების რაციონი ყველა მშრომელი ადამიანისთვის... მიეცეთ გლეხებს თავიანთი მიწის განკარგვის სრული უფლება...“

კრონშტადტელი მეზღვაურების ეს მოთხოვნები ჩამოყალიბდა 1921 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით 1 მარტს), 7 მარტს კი აჯანყებულ კრონშტადტს მიხაილ ტუხაჩევსკის მე-7 არმიამ შეუტია, თუმცა პირველი იერიში იოლად იქნა მოგერიებული, მაგრამ 16 მარტს ტუხაჩევსკიმ სერიოზული დახმარება მიიღო და მალე აჯანყებაც ჩაახშო. ზოგიერთი მონაცემებით, დაახლოებით ორი ათასი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ასევე სახელდება 10 ათასი დაღუპულიც; 8 ათასმა მეამბოხემ, იმის გამო, რომ გაყინული იყო ფინეთის ყურე, სადაც კუნძული მდებარეობს, გაქცევით უშველა თავს, თუმცა გადარჩენილთა მოგონებების მიხედვით, დაახლოებით 1500-მა მეზღვაურმა ვერ მიაღწია ფინეთამდე - ზოგს გაზაფხულის თხელმა ყინულმა უღალატა, ზოგი კი იმსხვერპლა წითელმა ბაშკირულმა კავალერიამ, რომელიც დაუნდობლად ჩეხდა გაქცეულებს და რომ არა ნისლი, მეტსაც დაჩეხავდა.

კრონშტადტის აჯანყების ჩახშობა

მრავალი წლის შემდეგ, ლარისა ილვესკოსკიმ, კრონშტადტის დროებითი რევოლუციური კომიტეტის წევრის, კაპიტან თეოდორ კილგასტის ქალიშვილმა, რადიო თავისუფლებას უამბო, თუ როგორ მილასლასებდა ათასობით გალუმპული და ქანცგაწყვეტილი ადამიანი გაზაფხულის თხელ ყინულზე როგორც ქვეითად, ასევე მარხილებითა და ცხენებით. აჯანყებამდე თეოდორ კილგასტი კრონშტადტის საზღვაო სკოლას ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, აჯანყებულებმა კი გაათავისუფლეს. აქტიური მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში და 1921 წლის 17 მარტს, ცოლთან და შვიდი წლის ქალიშვილთან ერთად აღმოჩნდა დევნილთა შორის ყინულზე: ცოლ-ქმარი ქვეითად მიუყვებოდა სახიფათო გზას, ქალიშვილს კი, რომელსაც ჩექმები დასველებოდა, ციგით მიათრევდნენ.

კრონშტადტის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით, გამოიცა ვლადიმირ ანდრეევისა და სერგეი ზაიცევის წიგნი „კრონშტადტი, 1921 წლის მარტი: დაიღუპნენ, მაგრამ გაიმარჯვეს!“. ეს არის პუბლიკაციების ერთგვარი დაიჯესტი კრონშტადტის აჯანყების შესახებ - საგაზეთო სტატიები, საარქივო მასალები, ფოტოები... აქვეა ფრაგმენტები პერტი ჰუსარის წიგნისა - „1921 წლის კრონშტადტის აჯანყება და მისი მემკვიდრეები ფინეთში“, რომელიც დაიწერა სამი ფინელის მოგზაურობის (1973 წ.) შედეგად და, სადაც ფინეთში გაქცეული და აჯანყების გადარჩენილი მონაწილეების ისტორიებია მოთხრობილი.

წიგნი "კრონშტადტი, 1921 წლის მარტი: დაიღუპნენ, მაგრამ გაიმარჯვეს!"

გადარჩენილ და ფინეთში დასახლებულ მეამბოხეთა შორის იყო კონსტანტინ ბოროვიკოვი, წარმოშობით ფსკოვის პროვინციის სოფელ ლუდონიდან. პირველ მსოფლიო ომში მსახურობდა სამეფო გვარდიის ჯარისკაცად, შემდეგ იყო წითელი არმიის მებრძოლი. 1921 წელმა მოუსწრო კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე, ფლოტის სერჟანტის ჩინსა და გუნდის კაპიტნის თანამდებობაზე. ბოროვიკოვმა მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში, შემდეგ გაიქცა ფინეთში, სადაც მუშაობდა სახერხ საამქროში, დროდადრო თავს ირჩენდა მეწაღეობითაც. თუ რუსეთში კონსტანტინი ერქვა, ფინეთში კონსტად იქცა. ცოლად შეირთო ფინელი ქალი ჰილმა ჰუუსარი და თვითონაც ცოლის გვარზე გადავიდა.

კონსტას და ჰილმას ექვსი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვებმა ფინეთის მოქალაქეობა მხოლოდ 1941 წელს მიიღეს, თავად კონსტა მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა ფინეთის მოქალაქე. 1940 წელს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ფინეთის ქვეშევრდომი, 46 წლის კონსტანტინ ბოროვიკოვს სავალდებულო სამხედრო სამსახურში უხმეს, მაგრამ მოგვიანებით, ასაკობრივი ცენზის გამო, გაათავისუფლეს.

შემდეგი კრიტიკული მომენტი დადგა 1944 წელს - ფინეთსა და სსრკ-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესაბამისად, სსრკ-ის ყველა მოქალაქე, რომელიც გაქცეული იყო ფინეთში, ექვემდებარებოდა სამშობლოში დეპორტაციას, მაგრამ აქაც გაუმართლა - ვინც 20 წელზე მეტხანს ცხოვრობდა ფინეთში, მათზე მოთხოვნა არ გავრცელდა.

ფინეთში გაქცეულებს შორის იყო კრონშტადტის რევოლუციური კომიტეტის 11 წევრი, რომელთაგან ერთს სწორედ ის ფინელები ესაუბრნენ, რომლებიც 1973 წელს აჯანყების მონაწილეების მოსაძებნად გაეშურნენ. საუბარია გერასიმ ოსოსოვზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დუმდა აჯანყებაში მონაწილეობის შესახებ, რადგან იცოდა, რომ მის ორგანიზატორებს სსრკ-ში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

მიტინგი ლინკორნ "პეტროპავლოსკიზე" კრონშტადტის ამბოხის ჩახშობის შემდეგ

გერასიმ ოსოსოვი ჯერ მანქანათმშენებელ ქარხანაში, შემდეგ კი სამეფო ფლოტში, წითელ არმიასა და ბალტიის ფლოტში მსახურობდა. 1921 წლის მარტში ამბოხებულ საბრძოლო ლინკორნ „სევასტოპოლის“ მემანქანე იყო, აჯანყების ჩახშობის შემდეგ ყინულ-ყინულ გაიქცა ფინეთში, სადაც იარაღი აჰყარეს და ლტოლვილთა ბანაკში გაგზავნეს. შემდეგ დასახლდა ნურმეში, იქორწინა ქვრივზე, ხუთი შვილის დედაზე, რომელმაც ორი ქალიშვილი მასაც გაუჩინა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არავისთვის მოუყოლია აჯანყებაში თავისი როლისა და კრონშტადტის რევკომში მისი არჩევის მიზეზების შესახებ.

კრონშტადტელმა ისტორიკოსმა სერგეი ზაიცევმა შეისწავლა ფინეთში გაქცეული ზოგიერთი აჯანყებულის ცხოვრება და, ამ პროცესში, რამდენიმე მათგანის ნათესავებსაც კი მიაკვლია.

- ჩვენი წიგნი შეიცავს უამრავ მასალას იმ მღვდლების შესახებ, რომლებიც კრონშტადტის აჯანყების მონაწილეთა შორის აღმოჩნდნენ. მაგალითად, აჯანყების ერთ-ერთი იდეოლოგი იყო მღვდელი სერგი პუტილინი. იგი დაიბადა 1868 წელს ბელგოროდის პროვინციაში. I თანრიგით დაამთავრა ვორონეჟის სასულიერო სემინარია (ე.ი. მოხვდა 14 საუკეთესო სტუდენტს შორის) და მსახურობდა პოლკის მღვდლად დრაგუნთა 45-ე ჩრდილოეთ პოლკში. ამის შემდეგ იგი ბედისწერამ კრონშტადტში მიიყვანა - მსახურობდა ნიკოლაევის საზღვაო ტაძარში, იყო ალექსანდრეს ქალთა გიმნაზიის მღვდელი და კრონშტადტის კადეტთა სკოლის მასწავლებელი... პუტილინის ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები შეიქმნა 1917 წელს: დაშორდა სჯულისმიერ მეუღლეს და ვინმე პარასკევა იაკოვლევასთან კავშირისგან შეეძინა შვილი. ამ აკრძალული სიყვარულის გამო, პუტილინი იძულებულია გაიხადოს ანაფორა. რევოლუციის შემდეგ ასწავლიდა უმაღლეს პარტიულ სკოლაში და ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს კრონშტადტის გარნიზონის კლუბში. რევოლუციამდე იზიარებდა მემარცხენე სოციალ-რევოლუციონერების შეხედულებებს, როდესაც აჯანყება დაიწყო, პუტილინი გახდა მისი ერთ-ერთი იდეოლოგი და „კრონშტადტის სამხედრო რევოლუციური კომიტეტის ცნობების“ რედაქტორი.

კრონშტადტის ციხესიმაგრის საარტილერიო იერიში

წიგნში „კრონშტადტი, 1921 წლის მარტი...“ მოტანილია ფრაგმენტები ბოლშევიკი აგენტების დასმენებიდან: „გამოვლენილია პეტროპავლოვსკში მდებარე კრონშტადტის მთავრობის შემადგენლობა. ვოენმორები: 1) პეტრიჩენკო, 2) იაკოვენკო, 3) მამა სერგი პუტილინი, პარტიული სკოლის ყოფილი მასწავლებელი, 4 ) კაპიტანი ბურკსერი და ინჟინერ-მექანიკოსი ორეშკინი“. აქვეა ამონარიდები მოვლენების მონაწილეთა მოგონებებიდან. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ:

„ამ გაკრეჭილი მღვდლის კალამს ეკუთვნის ამბოხებულთა გაზეთის, „ცნობების“ მთავარი პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ამხელდა და მიწასთან ასწორებდა „კომისართა სიავეს“.

სხვა მოგონებებში დახატულია ჭკვიანი, განათლებული მღვდლის სახე, რომელიც ცდილობს ეკლესიისა და რევოლუციის ერთმანეთთან დაკავშირებას: „მახსოვს, როგორ მივიდა იგი გადატრიალების პირველ დღეებში მეზღვაურთა მიტინგზე და თავისი ძალიან წარმატებული გამოსვლა დაასრულა წინადადებით: „წავიდეთ ტაძარში და აღვასრულოთ ღვთის კურთხევა ჩვენს ახალ ცხოვრებაზე“.

- აჯანყების დამარცხების შემდეგ, სერგი პუტილინი ფინეთში გაიქცა. ამ დროიდან მოყოლებული მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, - ამბობს სერგეი ზაიცევი. - ცნობილია, რომ მასწავლებლად მუშაობდა სოფელ რაივოლაში, სადაც დიდი რუსული თემი იყო. აქტიურად მონაწილეობდა სოფლის ცხოვრებასა და რუსული თეატრის შექმნაში. როდესაც 1939 წლის ომი დაიწყო, პუტილინი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ ჰელსინკიში, სადაც გახდა წმინდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო გუნდის რეგენტი. აი, აქ მისი ისტორია იკვეთება კრონშტადტის აჯანყების კიდევ ორ გმირთან, რომლებიც ასევე გაყინული ყურით მოხვდნენ ფინეთში. საუბარია ძმებ პავინსკებზე - ჰელსინკის ორი რუსული სამრევლოს მომავალ მოძღვრებზე.

რატომ აჯანყდა კრონშტადტი?

„ოქტომბრის გადატრიალების შემდგომი ოთხი წელი ძალიან მძიმე იყო - შიმშილი, ინფექციები, სასურსათო ტალონები და სიღატაკე, მეთაურების სასტიკი მოპყრობა, - ამბობს ზაიცევი, - გარკვეულ ბრძანებებს ვაქვეყნებთ, მათ შორის საიდუმლოს, რომელიც აჯანყების წინა დღეს გაიცა და, უნდა გითხრათ, მათში უბრალოდ, საშინელი დეტალებია. მაგალითად, ირკვევა, რომ შიმშილით ან ავადმყოფობით დაღუპულ ჯარისკაცებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მარხავდნენ. უზარმაზარი პრობლემები იყო უნიფორმასთან დაკავშირებით. როცა მებრძოლები სამსახურს ტოვებდნენ, ჩექმების ნაცვლად მათ ქალამნებს აძლევდნენ. საკვები რაციონი გამუდმებით კლებულობდა, ხალხი სურავანდითა და ტიფით იტანჯებოდა.

მეთაურები არაკვალიფიციური იყვნენ და ხშირად ინიშნებოდნენ მეგობრული კავშირებით, უფროს მეთაურებს თანაშემწეებად და მოადგილეებად, როგორც წესი, თავიანთი ძმაკაცები აჰყავდათ, იქმნებოდა თანამემამულეთა ჯგუფები, რომლის წევრებს იოლად აწინაურებდნენ და ანიჭებდნენ (ყოველ 2-3 თვეში) ახალ სამხედრო წოდებებს. 1921 წლისთვის თითქმის არ იყო ნორმალური პერსონალი. მთელი პეტერბურგი გაიფიცა, რადგან 1917 წელს ბოლშევიკების მიერ გაცემული დაპირებები, არ შესრულდა. თან კანონებს ამკაცრებდნენ, მიმართავდნენ რეპრესიებს - აი, ყოველივე ამას მოჰყვა აფეთქება.

თავიდან იყო მოლაპარაკების მცდელობა, მეზღვაურებს სურდათ თავიანთი აღშფოთება გადაეცათ ბოლშევიკური ხელმძღვანელობისთვის - ბოლოს და ბოლოს, კრონშტადტის მეზღვაურები დაეხმარნენ ლენინს 1917 წლის გამარჯვებაში, ასევე ისინი იყვნენ პირველები, რომლებიც მიხვდნენ, რომ მოატყუეს, მაგრამ ბოლშევიკებს არ სურდათ დათმობა, მათ სჭირდებოდათ ძალის დემონსტრირება, რათა სამომავლოდ არავინ აჯანყებულიყო. ასე რომ, 9 მარტისთვის დაიწყო საომარი მოქმედებები. 70 წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ აჯანყების ინიციატორები იყვნენ გენერალი კოზლოვსკი, პოლკოვნიკი არკანიკოვი და სხვა ყოფილი თეთრგვარდიელი ოფიცრები, მაგრამ სინამდვილეში აჯანყება წამოიწყეს სხვადასხვა პროფესიის იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაინახეს ის საშინელი მდგომარეობა, რომელშიც იმ დროს რუსეთი იმყოფებოდა.

- როგორ მოახერხეთ ფინეთში გაქცეულთა ბედის გარკვევა?

- მოხდა ისე, რომ ერთი ჩემი კლასელი ფინეთში გადავიდა საცხოვრებლად. ვთხოვე, გაერკვია რაიმე ფინეთში გაქცეული აჯანყებულების შესახებ. ჰელსინკის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის ირგვლივ არის რუსული მართლმადიდებლური სასაფლაო, სადაც კრონშტადტის აჯანყების მონაწილეთა ბევრი საფლავია. ჩემმა ნაცნობმა დამაკავშირა საკათედრო ტაძრის მოძღვართან, ნიკოლაი ვოსკობოინიკოვთან, რომელმაც თავის მხრივ მომცა აჯანყებაში მონაწილე ერთ-ერთი სამხედრო პირის, ბორის არკანიკოვის ნათესავის (მეუღლის დისშვილის), მარია კრუგერის ტელეფონის ნომერი. მარია კრუგერის ქალიშვილობის გვარია პავინსკაია და ის ასევე დაკავშირებულია აჯანყების კიდევ ერთ მონაწილესთან, მონასტრის მოძღვართან.

მისი მოგონებების მიხედვით, შევიტყვე - მაგალითად, რომ კრონშტადტის აჯანყების მონაწილეებმა ფინეთში დააარსეს რუსული სამრევლოები, რომლებიც შემდგომში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში გადავიდნენ. მარია კრუგერმა არკანიკოვის შესახებ მიამბო: რევოლუციის შემდეგ ცდილობდა მიეღო ახალი მთავრობა, კრონშტადტში პოლკის საბჭოშიც კი აირჩიეს, მაგრამ შემდეგ იგი აჯანყებულთა მხარეზე გადავიდა და ციხის თავდაცვის შტაბის შემადგენლობაში შევიდა. დამარცხების შემდეგ ისიც ფინეთშიც წავიდა, გარკვეული პერიოდი ლტოლვილთა ბანაკში იყო, შემდეგ მუშაობდა ვიბორგის ქარხანაში, სსრკ-ფინეთის ომის დაწყებისთანავე მეუღლესთან ერთად ჰელსინკიში გადავიდა საცხოვრებლად. მარია კრუგერი ნამყოფია მათ სახლში, ნანობს, რომ ახალგაზრდული წინადაუხედაობის გამო სათანადოდ არ დაინტერესდა ნათესავის წარსულით, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ სახლში ბევრი წიგნი იყო და, რომ ბორის არკანიკოვი გატაცებული იყო პეპლების კოლექციის შეგროვებით (კოლექციის საუკეთესო ეგზემპლარები კედლებზე იყო გამოფენილი).

ბალტიის ფლოტი. კრონშტადტელი მეზღვაურები ლინკორნ "პეტროპავლოვსკზე".. 1917 წ.

ინჟინერი, ჟურნალისტი და 21-ე მოწვევის ლენსაბჭოს დეპუტატი ვლადიმირ ანდრეევი, რომელიც კრონშტადტის აჯანყების შესახებ დაწერილი წიგნის თანაავტორია, ყველაზე მეტად იმის გამო წუხს, რომ აჯანყების მონაწილეების რებილიტაციის (1994 წ.) მიუხედავად, მათთვის ძეგლის დადგმა დღემდე ვერ მოხერხდა.

- საძირკვლის ქვა დაიდგა 1994 წელს. მაშინდელი გუბერნატორი, ანატოლი სობჩაკი მივიდა გახსნაზე. ქვა აკურთხეს, მაგრამ დროთა განმავლვობაში დაიკარგა მასზე დამაგრებული სპილენძის ფირფიტა, შემდეგ ქვაც გადაიტანეს საწყობში, რადგან მისი ადგილი განახლებული ტაძრის ინფრასტრუქტურამ მოითხოვა. სად არ ვიჩივლეთ, მაგრამ ყველგან გვიპასუხეს, რომ პრეზიდენტმა ელცინმა თავის დროზე არ მიუთითა, ვისი ფულით უნდა დადგმულიყო მემორიალი, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ელცინი არაფერ შუაშია. ძეგლის დაფინანსების საკითხი ქალაქის კულტურის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. აჯანყების ირგვლივ კი ბევრი მითი და სიცრუეა. ღუზის მოედანზე გვაქვს საძმო საფლავი - ჯერ კიდევ 1905 და 1917 წლების. ადგნენ და გრანიტის ქვაზე დაუმატეს ორი სტრიქონი - რომ აქ წვანან 1921 წლის აჯანყებისას დახოცილები. სინამდვილეში, საუბარია კრონშტადტის დამცველ 20 მეზღვაურზე, რომლებიც საარტილერიო ჭურვების ყუთებში ჩასვენებულები დაასაფლავეს. მალევე დახვრიტეს ის მღვდლებიც, რომლებმაც დახვრეტილ მეზღვაერებს წესი აუგეს. ასე რომ, რამდენიმე დღის შემდეგ, ეს მეზღვაურები ამოთხარეს, მათი ნეშტი წაიღეს სადღაც ქალაქგარეთ და ძაღლებივით დამარხეს დღემდე უცნობ ადგილზე, მათ ნაცვლად კი დაკრძალეს თავისიანები. როგორ ამოთხარეს ყუთებში ჩასვენებული მეზღვაურები და როგორ გაიტანეს ისინი კრონშტადტის გზატკეცილით - ეს ყველაფერი ასახულია როგორც ფოტო-, ასევე კინოფირზე, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვატყუებენ, რომ მოედანზე დაკრძალულია ორივე მხრიდან დაღუპულები, რაც სინამდვილეში ტყუილია.

ჩვენ გვჭირდება შერიგების ძეგლი, მაგრამ ჯერჯერობით ძეგლის ნაცვლად მხოლოდ ლოდი გვაქვს. აქვეა მარმარილოს დაფა და თარო ყვავილებისთვის. ასევეა ორი გვირგვინი, მათგან ერთი, ლურჯი, ეძღვნება 23 წლის შტურმან ვლადიმირ ბეკმანს, რომელიც ახდენდა ცეცხლის კორექტირებას საბრძოლო ხომალდ „სევასტოპოლიდან“, ანუ მისი მოქმედებების წყალობით ათასობით ადამიანი დაიღუპა კრონშტადტის შტურმის დროს.

ისტორიკოსი იულია დემიდენკო ამბობს, რომ აჯანყებულთა მთავარი ლოზუნგი იყო „საბჭოები ბოლშევიკების გარეშე“. ისტორიკოსის თქმით, კრონშტადტის აჯანყების რეალური ისტორია - ბოლშევიკების წინააღმდეგ მოწყობილი ყველაზე დიდი აჯანყებისა - ჯერ არ დაწერილა.

იულია დემიდენკო

- ეს იყო იმათი აჯანყება, რომლებშიც ბოლშევიკური რეჟიმი ხედავდა თავის მთავარ დასაყრდენს. ბალტიის ფლოტი - ლევ ტროცკის სიტყვებით, რევოლუციის სილამაზე და სიამაყე იყო, თუმცა ტროცკისვე გადაწყვეტილებთი იქნა ამბოხი სასტიკად ჩახშობილი. მაშინ ბევრი ამბოხება ხდებოდა, მაგრამ ბალტიის ფლოტის მხრიდან ამას არავინ ელოდა. ბოლშევიკების დროს გამოსული გაზეთებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ 1918 წლიდან პეტროგრადში მუდმივად იყო მღელვარება და, რომ კრონშტადტის მოვლენებიც პეტროგრადის მუშების გამოსვლებით დაიწყო. 1920 წელი და განსაკუთრებით 1921 წელი ხომ ყველაზე საშინელი დრო იყო. პეტროგრადში არც საკვები იშოვებოდა და არც სათბობი, ბოლშევიკებმა გამოავლინეს მართვის სრული უუნარობა: დანგრევით დაანგრიეს, მაგრამ რაღაც ახალი, რომელიც იმუშავებდა, ვერ შექმნეს. მუშებს შორის დიდი მღელვარება იყო, იმავე პუტილოვის ქარხანაში: საწარმოები იხურება, ბავშვების საკვები არაფერია, არ არის გათბობა, არ არის შუქი და წარმოებისთვის ნედლეული, სრული ლოკდაუნია. ამიტომ ბოლშევიკებმა მიმართეს კრონშტადტელებს, ჩაეხშოთ მუშათა გამოსვლები, მაგრამ კრონშტადტელებმა გადაწყვიტეს ვითარებაში გარკვევა და პეტროგრადში თავიანთი ემისრები გაგზავნეს. გაერკვნენ მუშების მოთხოვნებში და შეუერთდნენ მათ, ასე რომ, ეს არ იყო სტიქიური მოძრაობა: მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი მოთხოვნები და წარუდგინეს ისინი რსდმპ-სა და ლენინს. ბოლშევიკებმა დაიწყეს მოლაპარაკება, კალინინი გაგზავნეს კრონშტადტში, მაგრამ ის ტრიბუნიდან ჩამოაგდეს და ხელისუფლებას რკინის მუშტით დაემუქრნენ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კრონშტატელთა ბევრი მოთხოვნა ფაქტობრივად ერთ წელიწადში დაკმაყოფილდა, მაგრამ იმ მომენტში ყველა ეს წინადადება უარყოფილ იქნა ბოლშევიკების მიერ, რის გამოც ხელიდან იქნა გაშვებული დიალოგის შესაძლებლობა. ამბოხებულები აპროტესტებდნენ სამხედრო კომუნიზმს - გლეხებს იძულებით ართმევდნენ მარცვლეულს და საერთოდ ყველაფერს, მთელ ქვეყანაში შიმშილი მძვინვარებდა, მაგრამ პეტროგრადში იყო ნამდვილი ბლოკადა, პური ტალონებით გაიცემოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ფიზიკურად არ იყო.

კრონშტადტელები მოითხოვდნენ თავისუფალ ვაჭრობას, ასევე წამოაყენეს პოლიტიკური მოთხოვნები: სიტყვის თავისუფლება, „საგანგებო კომისიების“ გაუქმება. ბოლშევიკების ძალაუფლებას ისინი „ნაძირალების რეჟიმს“ უწოდებდნენ. კრონშტადტის დელეგატებმა დაინახეს, რომ მთელი ქალაქი გაფიცულია და მიიღეს ზოგადი რეზოლუცია, რომელშიც შეიტანეს საბჭოების ხელახლა არჩევის მოთხოვნა, რათა გაეძევებინათ ბოლშევიკები საბჭოებიდან და მათ ნაცვლად გზა გაეხსნათ სხვა სოციალისტური პარტიებისთვის. თავდაპირველად, რეზოლუცია შეიცავდა საკმაოდ ბევრ ანტისემიტურ ლოზუნგს, მაგრამ საბოლოო ვერსიაში ისინი არ შეიტანეს. 1 მარტს კრონშტადტში გაიმართა უზარმაზარი მიტინგი, რომლის შემდეგაც დაიწყო აჯანყება.

დააპატიმრეს ფლოტის კომისარი კუზმინი, ძალაუფლება გადაეცა რევოლუციურ კომიტეტს. იყო მცდელობა, ამ გამოსვლებისათვის მესამე - ნამდვილი რევოლუცია დაერქმიათ. კრონშტადტის გარნიზონში დაახლოებით 27 ათასი ადამიანი იყო, პლუს ქალაქის მოსახლეობა, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი კრონშტადტელების დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტაა, რომელიც 10 დღე გაგრძელდა. მიხაილ ტუხაჩევსკის პირველი იერიში ჩაფლავდა, მაგრამ მოგვიანებით კრონშტადტთან თავი მოუყარეს უზარმაზარ ძალებს. იმავდროულად, არასანდო სამხედრო ნაწილები გამოკეტეს პეტროგრადში, რათა აჯანყებულებს არ დახმარებოდნენ.

ჩახშობა საშინელი იყო - ძირითადად ეს გაკეთდა საარტილერიო ცეცხლით. შემონახულია მოგონებები, რომლებიც ამბობენ, რომ ვასილის და ოლგას კუნძულებს გარშემო და უფრო ჩრდილოეთითაც ყინული სულ სისხლით იყო შეღებილით. ორივე მხრიდან, ბევრი ადამიანი დაიღუპა, რადგან კრონშტადტი ხომ იმთავითვე ზღვის აუღებელი ციხე იყო. ძმათამკვლელი ხოცვა-ჟლეტა ბოლშევიკების გამარჯვებით დასრულდა.

- არსებობს ზუსტი რიცხვები - რამდენი წავიდა ფინეთში, რამდენი დაიღუპა, რამდენი დახვრიტეს შემდეგ?

- ამას ვამბობ, რომ ისტორია არ დაწერილა, ზუსტი რიცხვები არ არსებობს. ითვლება, რომ 6-დან 8 ათასამდე გაიქცა ფინეთში, დაახლოებით 6 ათასი შემდეგ დააპატიმრეს, ვიღაც დახვრიტეს, ვიღაც სოლოვკიში გაგზავნეს. ეს საშინელი ამბავი მთელ ბალტიის ფლოტს უქმნიდა საფრთხეს - იყო მისი ლიკვიდირების გეგმაც. ბოლშევიკები საფრთხეს ხედავდნენ მეზღვაურებში, რომლებიც მეტად განათლებულები იყვნენ, რადგან საქმე ჰქონდათ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ მოწყობილობებთან და ა.შ. თუმცა ფლოტი გადარჩა, უბრალოდ ეკიპაჟები დაშალეს, გემებს კი სახელები გადაარქვეს. ეს საშინელი მოვლენა, კრონშტადტის აჯანყება, ვიმეორებ, არ არის შესწავლილი და დღეს ამ დრამის მრავალი განსხვავებული ვერსია არსებობს.

1921 წლის 21 მარტი, კრონშტადტის აჯანყების დახვრეტილი მონაწილეები

- როგორ ფიქრობთ, აჯანყებულთა რეაბილიტაციის შესახებ 1994 წელს გამოცემული ბრძანებულების მიუხედავად, რატომ დღემდე არ დაიდგა მათი ძეგლი?

- ჩვენ ხომ გამუდმებით ეჭვის ქვეშ ვაყენებთ ელცინის მემკვიდრეობას, ახლა კი ისეთი იდეოლოგია ჩამოვაყალიბეთ, როცა ყველა, ვინც ნებისმიერ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, ცდება. ყველა ნაძირალაა, ვინც მეფის, ბოლშევიკების ან საბჭოების ხელისუფლებას აკრიტიკებს. ჩვენთან ნებისმიერი ხელისუფლება წმინდა ძროხაა (ბიზანტიური კონცეფციის შესაბამისად), ძალაუფლება ღვთისგანაა ბოძებული და შეუძლებელია მას დაუპირისპირდე. აჯანყების იდეა ახლა ყველაზე არაპოპულარულია რუსეთში.

კრონშტადტის აჯანყების დაუწერელი ისტორია არ დასრულებულა მისი ჩახშობით. სერგეი ზაიცევის თქმით, მის მონაწილეებს კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დევნიდნენ.

- შავი დღე კრონშტადტისთვის - 1921 წლის 29 ივნისია. ბევრ ჭკვიან წიგნში წერია, რომ ყველაფერი ერთი წლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. სწორედ ამ დღეს დაიწყო კრონშტადტიდან მასობრივი გასახლება, მათ შორის იმათიც, ვინც უშუალოდ არ მონაწილეობდა აჯანყებაში. გაასახლეს აჯანყებულთა ნათესავები, თანამგრძნობები და უბრალოდ ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც იმ დროს კუნძულზე ცხოვრობდა.

ქალაქის ცენტრში, როშალის მოედანზე, შეკრიბეს გასასახლებული ადამიანების პირველი პარტია, მათ უფლება მიეცათ, აეღოთ 50 კილოგრამი ბარგი ერთ ადამიანზე, პლუს ერთი სკამი. რეაბილიტაციის საკითხების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრ იაკოვლევის თანახმად, განსახლება მხოლოდ 1000-მდე ადამიანს არ შეეხო.

აჯანყების შემდეგ დაშალეს გემების ეკიპაჟები და სამხედრო ნაწილები, ხომალდებს შეუცვალეს სახელები. თითქმის მთლიანად შეიცვალა სახანძრო განყოფილებების, პოლიციის და დაცვის სამსახურების შემადგენლობები, ცვლილებები შეეხო სამოქალაქო უწყებებსაც. ბევრს იძულებით დაატოვებინეს კუნძული, ბევრმა თვითონ გადაწყვიტა წასვლა. ამის შემდეგ კრონშტადტში ჩაასახლეს ადამიანები ტვერის, ფსკოვის ოლქებიდან, ჩრდილოეთიდან. გასახლება რამდენიმე წელი გაგრძელდა და გასახლებულებმა მიიღეს „შავი დამღა“, რომელიც უზღუდავდა მათ ნორმალურ სამსახურში მოწყობის უფლებას და ა.შ.

მიხაილ ტუხაჩევსკი

ამ ადამიანების რეაბილიტაცია მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ასე რომ, კრონშტადტის აჯანყების ჩახშობა არა მხოლოდ მისი მონაწილეების ტრაგედიაა, ეს მთელი ქალაქის ტრაგედიაცაა. 1960-იან წლებამდე კითხვარები ხშირად შეიცავდა კითხვას: სად იყავით კრონშტადტის აჯანყების დროს? სხვათა შორის, აჯანყების ჩახშობაში მონაწილეებსაც ცუდი დღე დაადგათ. კრონშტადტის შტურმში მონაწილე სამხედრო მეთაურების უმეტესობა რეპრესირებულ იქნა 1930-იან წლებში. მარშალი მიხაილ ტუხაჩევსკი, რომელიც ხელმძღვანელობდა კრონშტადტზე იერიშსა და აჯანყების ჩახშობის ოპერაციას, დახვრიტეს 1937 წელს სამშობლოს ღალატისა და შპიონაჟის ბრალდებით.