„მწუხარე ტურიზმი“ უკრაინის ტურიზმის სფეროს სიცოცხლეს უნარჩუნებს

ესპანელი ტურისტი YouTube-ზე თავისი არხისთვის იღებს ვიდეოს კიევის რეგიონში ნაომარ ადგილებში მოგზაურობის დროს, 2024 წლის ნოემბერი

მას შემდეგ, რაც უკრაინის ტურიზმის მრეწველობა რუსეთის შეჭრის შედეგად მკვეთრად შეიკვეცა, უკრაინაში ტუროპერატორები იმ მოგზაურებს ემსახურებიან, რომელთაც ომის შედეგების უშუალოდ ნახვა სურთ.

ვიტალი სინიაკოვი ერთ დროს კიევის ოქროსფერ გუმბათიან ეკლესიებსა და ოდესის პლაჟებზე უძღვებოდა ექსკურსანტებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა კიევზე პირველი სარაკეტო იერიში მიიტანა, „ტურიზმი დაახლოებით ერთი წლით ჩაკვდა“, ამბობს ის.
ახლა ამ საქმის ვეტერანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გიდთაგან, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობს, „მწუხარე ტურებს“ სთავაზობენ მნახველებს იმ ადგილებში, რომლებიც რუსული შემოჭრის შედეგად ცნობილი გახდა ტრაგიკული მოვლენების გამო.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ახლა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა (საექსკურსიო) ტურის დაახლოებით 80 პროცენტი “ბნელი ტურებია“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას.

ტურისტები ომით დაზიანებულ კულტურის სახლთან ირპინში

უკრაინაში ტურიზმი კრიზისს განიცდიდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც.

2013 წელს უკრაინას 24 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია -- მათი თითქმის ნახევარი რუსი იყო. „ნამდვილი ბუმი იყო“, ამბობს სინიაკოვი 2010-იანი წლების დასაწყისის შესახებ. თუმცა, 2014 წელს მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა, რადგან კრემლის მიერ ყირიმის ანექსიამ და დონბასის რეგიონში კონფლიქტმა მეზობელ ქვეყნებს შორის განხეთქილება გამოიწვია.

შემდეგ დაიწყო COVID-ის პანდემია, რომელმაც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო მოგზაურობა შეაფერხა.

ასევე ნახეთ

“სულ მცირე, დიალოგი დაბრუნდა” - “ხალხის მსახურის” დეპუტატი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს აფასებს

თუმცა, 2022 წლის თებერვლამდე ცოტა ხნით ადრე, „კიდევ ერთი ბუმი იყო და ჩვენ ბევრი ტურისტი გვყავდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ინდოეთიდან“, ამბობს სინიაკოვი. „გულწრფელად რომ ვთქვათ, მათ მშვენიერი უკრაინელი გოგონები აინტერესებდათ.”

შემდეგ კრემლმა დაიწყო ქვეყანაში შეჭრა. 2022 წლის განმავლობაში, მონაცემების თანახმად, უკრაინაში 2,1 მილიონი ადამიანი ჩავიდა, რაც ტურისტების რაოდენობის 90 პროცენტზე მეტით შემცირებას ნიშნავდა 2014 წლამდე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით.

რამდენიმე მოგზაურმა, რომლებიც მაინც ჩავიდნენ უკრაინაში, საექსკურსიო ტურები დაჯავშნა საომარი მოქმედებების ადგილების სანახავად, რომლებსაც უკვე 2022 წლის ზაფხულში უკეთებდნენ რეკლამას.

ტომასი, კანადელი სანიტარი, ნაომარი ადგილების მონახულებისას უკრაინაში

კანადელი ექთანი, ტომასი, ერთ-ერთი იყო, ვისაც უკრაინაში კონფლიქტის საკუთარი თვალით ნახვა სურდა.
2024 წელს ის ქალაქ ხარკოვში გაემგზავრა ექსკურსიაზე რადგან, მისი თქმით, კიევის მიმდებარე რაიონებისგან განსხვავებით, სადაც შემოწირულებებითა და სამთავრობო სახსრების დახმარებით ომით დაზარალებული ზოგიერთი ადგილის აღდგენა მოხერხდა, „[აღმოსავლეთ უკრაინაში] ამ ადგილების გულმოდგინედ მოწესრიგებისთვის ნაკლები თანხაა მოიპოვება“.

ის ამბობს, რომ ხარკოვში შესაძლებელი იყო შეულამაზებელი საომარი რეალობის დანახვა, რაც კონტრასტს ქმნიდა დედაქალაქთან, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში „თქვენ მემორიალურ დაფას ან რაიმე სახის წარწერას კითხულობთ.”

ასევე ნახეთ

როგორ ეძებენ და აბრუნებენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს

კანადელი, რომელმაც გვარის დასახელება არ ისურვა, იხსენებს, რომ ხარკოვის ომით განადგურებულ გარეუბნებში ცხოვრების ხილვამ მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა . „ერთ შენობაში უზარმაზარი ხვრელი იყო რაკეტისგან თუ რაღაც მსგავსისგან დატოვებული. უშუალოდ მის გვერდით, შუქი იყო ანთებული და დავინახე კაცი, რომელიც უბრალოდ ვახშამს ამზადებდა“, - იხსენებს ის.

მისი თქმით, ხარკოვში მიღებულმა გამოცდილებამ თავისი ცხოვრების ტრაექტორია შეცვალა. ამ მოგზაურობის შემდეგ ის დონბასში ექიმად მუშაობდა, მოხალისედ. მოგვიანებით, უკრაინის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ის რადიო თავისუფლებას დიდი ბრიტანეთიდან ესაუბრა, სადაც უკრაინაში ბინადრობის უფლებისთვის ამზადებს საბუთებს.

ხარკოველი კაცი მარტში, დრონით თავდასხმის შედეგად ჩამსხვრეულ ფანჯარასთან.

თავიდან, როდესაც ტურისტებმა უკრაინაში სისხლის ღვრისა და ნგრევის ადგილების მონახულება პირველად დაიწყეს, გაჩნდა გარკვეული მტრული განწყობა და ოპონენტებმა ამას ომის მსხვერპლთა „საფლავებზე ცეკვა“ უწოდეს.

ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შეიცვალა, რადგან უცხოური პრესის ჯგუფები გადაადგილდნენ და მთავრობამ იზრუნა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბუჩა და ირპინი.
კირილ ზარუბინი, რომელიც ხარკოვში ომით დაზარალებულ ადგილებზე ტურებს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ადგილობრივები უარყოფითად უყურებენ გადამღებ ჯგუფებს, განსაკუთრებით, როცა თვალში საცემია აღჭურვილობა. სხვა მხრივ, მისი თქმით, მადლიერი უკრაინელი საზოგადოება ტურისტებს თავიანთი ქვეყნების ელჩებად აღიქვამს.

ასევე ნახეთ

„ფქვილი ჭიქებით იყიდებოდა“ — ბლოკადა, შიმშილი და ცხედრები ოკუპირებულ ოლეშკის ქუჩებში

მისი თქმით, ადგილობრივები „აფასებენ სხვადასხვა ქვეყნის მხარდაჭერას, ამიტომ, თუ ამ ქვეყნებიდან ვინმეს ნახავენ, შეუძლიათ მადლობა პირადად გადაუხადონ “.

ზარუბინის კლიენტების უმეტესობა აშშ-დან და იაპონიიდანაა.
ერთ-ერთი ტურის დროს, როცა გიდი იაპონელ ტურისტს აფეთქების შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ სახლს აჩვენებდა, მათ ბინის მეპატრონე მიუახლოვდა. „მან თავის დანგრეულ ბინაში შეგვიპატიჟა, რათა ყველაფერი ეჩვენებინა, მაგალითად, როგორ გამოიყურებოდა იქაურობა ადრე, რა ხდებოდა მის წინ და რას აპირებდა შემდეგ“, ამბობს ზარუბინი, „მართლაც შესანიშნავი ბიჭი იყო“.

"ომის ტურისტი" ათვალიერებს ტანკს კიევის რეგიონში

უკრაინაში უცხოელი ტურისტების მზარდი რაოდენობით დაბრუნებასთან ერთად, არის იმის ნიშნებები, რომ ომის თემატიკაზე ტურები უკრაინის ტურისტული ლანდშაფტის მუდმივ ნაწილად იქცევა. უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტომ ცოტა ხნის წინ განაახლა თავისი ვებსაიტი, და საზოგადოებას ამცნო თავის მიერ შემუშავებული „ახალი ტურისტული პარადიგმა“, „რომელიც დაადგენს დანიშნულების ადგილებსა და მარშრუტებს, რომლებიც უკვდავყოფენ უკრაინელი ხალხის მიერ თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვაში გაღებულ მსხვერპლს“.

ამ ეტაპზე, ომის ადგილების მონახულების მსურველი ტურისტების რაოდენობა მცირეა. ხარკოვში, ზარუბინის თქმით, აპრილში მან მხოლოდ ოთხი ტურისტს უმასპინძლა. სინიაკოვი, რომელიც კიევში მუშაობს, ამბობს, რომ საერთო რაოდენობა რუსეთის შეჭრამდელი რიცხვის დაახლოებით, ერთი მესამედია.

თუმცა მსოფლიოს ქვეყნები აფრთხილებენ თავიანთ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ომის დროს უკრაინაში, ბევრი, ვინც ჩამოდის, თავის გეგმებს არავის უმხელს.

„არავინ, ვისაც [ომის] ტური შევთავაზე, დედებს არ ეუბნება, რომ უკრაინას სტუმრობდა“, - ამბობს სინიაკოვი. „მამებს უთხრეს, მაგრამ დედებს - არა“.

ასევე ნახეთ

"ჩვენ ახლა სიმამაცის ექსპორტი შეგვიძლია“ - ინტერვიუ უკრაინელ პოეტთან ხარკოვიდან


ასევე ნახეთ

ანასტასია იაშაღაშვილის ღალატის საქმე – თანამშრომლობა ოკუპანტებთან და საქართველოში ცხოვრების სურვილი