რუსულ ნეტში სულ უფრო მეტად წერენ და ლაპარაკობენ ე.წ. კუბოს ფულზე ანუ იმ კომპენსაციაზე, რომელსაც რუსეთში უკრაინასთან ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს უხდიან. როდესაც გარდაცვლილის ახლობლები ფულს ვერ იყოფენ, საქმე სასამართლომდე და ტელეშოუებამდეც კი მიდის.
ტელეშოუში „ზაგრანიუ“ ალფიდა ფრანკინსკაია ჰყვება, რომ მის ვაჟს ქალმა ძალით მოაწერინა ხელი და შემდეგ ომში გაუშვა. ძალით ხელის მოწერაში ხშირად ის იგულისხმება, რომ „შავი ქვრივები“ სიმთვრალეში ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ პარტნიორებზე და ასე მიჰყავთ ქორწინების სახლამდე.
„7 აგვისტოს მივიდა მასთან და დაარწმუნა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მიეღო მონაწილეობა. რომ არ გადაეფიქრებინა, ყველგან თან დაჰყვებოდა. ჩვენი ბინიდან ამოწერა, თავისთან ჩაწერა. 14 აგვისტოს დაქორწინდნენ, 21 აგვისტოს ხელშეკრულება გააფორმა. მანამდე ორჯერ თუ ენახათ ერთმანეთი. დაკრძალვაზეც არ მოსულა, მიზეზად მოიდო, 6 წლის ბავშვი მყავსო. ახლა ქვრივის სტატუსი აქვს. სევასტოპოლში წავიდა და ჩემი შვილის ფულით ბინა იყიდა. ქორწინების გაუქმება მინდა, რა ქვრივი ეგ არის“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ქორწინების გაუქმების მოთხოვნით ის დიდი ხანია სხვადასხვა უწყებაში უშედეგოდ დადის. იქ ეუბნებიან, რომ მის შვილს ცოლის მოყვანას არავინ აძალებდა, და თუ ეს სიმთვრალით მოუვიდა, ისიც უნდა სცოდნოდა, ვისთან უნდა დაელიაო.
ასეთი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. თან ორივე მხარე „შავი ქვრივებიც“ და მათთან მოდავეებიც ამტკიცებენ, რომ მორალი და ჭეშმარიტება მათ მხარესაა. ცოლები ჟურნალისტებთან ირწმუნებიან, რომ სიყვარულით გათხოვდნენ და ახლა პირიქით, ქმრის ოჯახს სურს ფული ხელში ჩაიგდოს.
რამდენია ე.წ. „კუბოს ფული“?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წელსვე გამოსცა ბრძანება N98, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრა, რომ ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი 5 მილიონ რუბლს მიიღებდა, ეს დაახლოებით 180 ათასი ლარია.
ამას ემატება დაზღვევის ფული. ახლობლებს სხვა უამრავი შეღავათიც აქვთ, მარჩენალდაკარგულის პენსია, დახმარება უმამოდ დარჩენილი ბავშვისთვის, შეღავათები კომუნალური გადასახადებისას, ერთჯერადი შემწეობაც კი რემონტისთვის. დამატებით თანხა გამოიყოფა რეგიონული ბიუჯეტებიდან. თუ ყველაფერს ერთად დავითვლით, ოჯახი საშუალოდ 10 მილიონი რუბლს იღებს, ანუ 300 ათასს ლარზე მეტს.
უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად ქორწინებების რიცხვმაც იმატა. ომში წასვლის წინ, ვისაც ურთიერთობა ოფიციალურად არ ჰქონდა გაფორმებული, ცდილობდა, საბუთები მოეწესრიგებინა. ქორწინების ცერემონიები პოლიგონებზეც კი იმართებოდა.
ასევე ნახეთ
"შავი ქვრივები": როგორ მდიდრდებიან თაღლითები რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომსახურეთა ხარჯზეთუმცა სიყვარულით გათხოვილების გარდა გამოჩნდნენ „შავი ქვრივებიც“. ისინი საგანგებოდ პოულობენ მობილიზებულებს, ცოლად მიჰყვებიან და მათი სიკვდილის შემდეგ, კომპენსაციას იღებენ. თუ გავითვალისწინეთ, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარს ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს, ეს არცთუ იშვიათად ხდება. „მედუზა“ და „მედიაზონა“ თავიანთ გამოძიებებზე დაყრდნობით, აცხადებდნენ, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს რუსული მხარის მსხვერპლი 352 ათასი ადამიანი იყო.
„როგორ გავუშვათ ქმარი ომში“?
ინტერნეტში ხშირად იდება პოსტები, შეკითხვით: „როგორ გავუშვათ ქმარი ომში“.
რუსული ნეტი მოიარა ამონარიდმა ინტერვიუდან უძრავი ქონების რეალტორთან.
„- აი, მე 30 წელს გადავცდი. საიდან მოვიტანო ბინის ფული?
- მარტივი ამბავია. პოულობ სამხედროს. ის იღუპება და 8 მილიონი ხელში გიჭირავს.
- ეს მოქმედი სქემაა?
- დიახ, ჩვენთან ბევრი ქალი მოდის ასეთი 8 მილიონით და რამე იაფ ბინას ყიდულობს. ეს ბიზნესგეგმაა“.
„სიბირ რეალიი“ წერს, რომ მარტში კიროვის ოლქში სამართალდამცავებმა თაღლითების ჯგუფი დააკავეს. ჯგუფის წევრები 2024-2025 წლებში ე.წ. ბომჟებს პოულობდნენ, აწესრიგებდნენ და კონტრაქტის გასაფორმებლად აგზავნიდნენ - თან იმ რეგიონებში, სადაც უფრო მეტს იხდიან, მაგალითად, თათრეთში, აქ თანხა ორ მილიონ რუბლს უახლოვდება. კონტრაქტორებს მხოლოდ 300-400 ათას რუბლს უტოვებდნენ, დანარჩენს კი ითვისებდნენ, მინდობილობებისა და ფიქციური ქორწინებების გაფორმებით. თუ კონტრაქტორი დაიჭრებოდა ან დაიღუპებოდა, კომპენსაციის თანხასაც თავად იტოვებდნენ. ზარალმა დაახლოებით 44 მილიონი რუბლი შეადგინა, დაზარალებულებად კი 60 ადამიანი ცნეს.
ჯარისკაცების საფლავები სანქტ პეტერბურგში
პრიმორიეში პრაპორშჩიკი ალექსანდრ პოლიშჩუკი (სამხედრო ნაწილი 16871) კაცების გადაბირებით იყო დაკავებული. პარალელურად მათ ქსენია სკრიაბინასა ან ნატალია სუდარევაზე აქორწინებდა. ქსენია და ნატალია წელიწადში ორ-სამჯერ „ქვრივდებოდნენ“, თანხას კი პოლიშჩუკთან ერთად სამად იყოფდნენ. მსგავსი სქემით მოქმედებდა ტულის 29 წლის მკვიდრი ეკატერინა მოროზოვაც - ახალ „ქმარს“ ის წინა ქმრის დაკრძალვაზე ეცნობოდა.
თებერვალში სენგილეევსკის რაიონულმა სასამართლომ ულიანოვსკის ოლქში განაჩენი გამოუტანა „ვაგნერელ“ დანილ იბეტოვს. მან კონტრაქტის დასრულების შემდეგ დააარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „СВО-ს ინვალიდ ვეტერანთა გაერთიანება „ჩვენები“. ერთ-ერთი სამხედროს ორსულმა ცოლმა იბეტოვს 800 ათასი რუბლი გადაუხადა, რომ მისი ქამარი მახლობელ სამხედრო ნაწილში გადმოეყვანათ. იბეტოვმა ფული აიღო, მიუხედავად იმისა, რომ დახმარება არ შეეძლო, თანაც იმ დროისთვის ეს სამხედრო უკვე აღარც იყო ცოცხალი.
ასევე ნახეთ
"ნახევარი რუსეთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია". როგორ იქცა ომში დაკარგულთა ძებნა მათი ცოლების შემოსავლის წყაროდანჟერო-სუჟენსკში (კემეროვოს ოლქი) პოლიციის მაიორმა, რომელიც ამავე დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი იყო, ქვრივის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ინსცენირება მოაწყო. ქალს ეუბნებოდნენ, რომ მას თითქოსდა ფიქციური ქორწინება ჰქონდა გაფორმებული და კომპენსაციას დაკარგავდა. პრობლემის „მოგვარებაში“ ერთ მილიონი რუბლი გამოსძალეს.
„ერთდღიანი ცოლები“
„შავი ქვრივების“ ერთ-ერთი ნაირსახეობაა „ერთდღიანი ცოლები“. ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. ამ ჯგუფში ასევე შეიძლება შედიოდნენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისა (ЗАГС) და სამხედრო კომისარიატების თანამშრომლებიც.
სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კომპენსაციას იღებს ის, ვინც პირველი წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს. ოჯახის დანარჩენმა წევრებმა წილის მოსაპოვებლად სასამართლოს უნდა მიმართონ.
„მამაჩემი ყოფილი სამხედროა. გავლილი აქვს ჩეჩნეთი, ინგუშეთი, სირია. 2023 წლიდან უკრაინაში იბრძოდა,“ - ჰყვება კრისტინა კრასნოიარსკის მხარიდან. - „შარშან შვებულებით რომ იყო ჩამოსული, ცოლი შეირთო. ამ ქალს მანამდე არც იცნობდა. ქორწილში არ დამპატიჟა. სად გაიცნო არ ვიცი. ის ქალი ეუბნებოდა, ღმერთმა შეგვახვედრა, დაგელოდებიო, სინამდვილეში კი აეროპორტშიც კი არ მოსულა გასაცილებლად… შარშან მამა დაიღუპა. მისმა ახალმა ცოლმა კი იმის უფლებაც კი არ მომცა სამახსოვროდ მამის რამე ნივთი წამომეღო. ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის. სხვა ნომრებიდანაც ვცადე დარეკვა, მაგრამ ჩემს ხმას რომ გაიგებს, მაშინვე ყურმილს კიდებს. სამხედრო კომისარიატსაც მივმართე, რომ კუთვნილი მედლები ჩემთვის გადმოეცათ და არა მისთვის. უარი მითხრეს. სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ 76-ФЗ კანონის მიხედვით, სრულწლოვანი შვილები დაღუპულის ოჯახის წევრებად არ ითვლებიან. ანუ, როგორც შვილს, საერთოდ არაფერი მეკუთვნის. ყველა კომპენსაცია ეკუთვნის ქალს, რომელიც მამამ ცხოვრებაში ორჯერ ნახა.“
„მათხოვრები“, „ტაქსისტები“, „შემტყუებლები“
„სიბირ რეალიი“ წერს, რომ მოსკოვში, 18 მარტს, დააკავეს ფონდის „Мы вместе“ („ერთად ვართ“) დამფუძნებელი იური კოროლიოვი. ოფიციალურად, ფონდის საქმიანობა ქველმოქმედება იყო, სინამდვილეში კი ბრალად თაღლითობა ედება. სამართალდამცავების ვერსიით, კოროლიოვმა შექმნა ორმოცკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი. ისინი თავიანთი „მიმართულებებისდა“ მიხედვით იყოფოდნენ: „ტაქსისტებად“, „მათხოვრებად“ და „შემტყუებლებად“.
ამ შემთხვევაში ჯგუფი არა კომპენსაციაზე, არამედ ფულის დაცინცვლაზე მუშაობდა.
ასევე ნახეთ
დაკრძალვის ფული იგვიანებს — რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში?ტაქსისტები სამხედროებს შეუთანხმდებოდნენ, რომ დანიშნულების ადგილას ორ ათას რუბლად მიიყვანდნენ, მოგვიანებით კი ირკვეოდა, რომ ორი ათასი რუბლი მხოლოდ კილომეტრში იგულისხმეს.
„მათხოვრები“ ქალები იყვნენ. ისინი სამხედროებს უახლოვდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საფულე ან ბილეთი დაკარგეს, ან სხვა რამე პრობლემა შეემთხვათ. ამის შემდეგ ფულის გადარიცხვას სთხოვდნენ.
„შემტყუებლები“ სთავაზობდნენ დალევას, ბილეთების, საცხოვრებლის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას, შემდეგ კი შეთანხმებულზე ბევრად მაღალ ფასს ითხოვდნენ. თუ სამხედრო ძალიან იყო მთვრალი, ცდილობდნენ მისი საბანკო ბარათის PIN-კოდი გაეგოთ და ანგარიშიდან თანხა მოეხსნათ.
ასევე ნახეთ
ახალი შეფასებით, უკრაინის ომში 2025 წლის ბოლომდე დაიღუპა რუსეთის 352 ათასამდე სამხედრო2025 წელს რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედროებთან ფიქციური ქორწინებისთვის ცალკე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 2026 წელს წამოაყენეს ინიციატივა, დაღუპულთა მშობლებს მიეცეთ უფლება, შვილის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სასამართლოში გაასაჩივრონ ასეთი ქორწინებები, რათა ფიქციური მეუღლეებისთვის კომპენსაციების ჩამორთმევა შეძლონ. თუმცა ამ დრომდე არცერთი ეს ინიციატივა კანონად არ ქცეულა.
სტატია მოამზადა თეა თოფურიამ, „სიბირ რეალიისა“ და სხვა მედიასაშუალებების მიხედვით.