იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა ქართულ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე შეაჩერა და არა რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან, პაპუაშვილი ამბობს, რომ:
„ეს ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, როდესაც ცდილობენ, რომ მისი ხელისუფლების მიმართ რაღაცა ნაბიჯები გადადგან... არავის პრობლემა არ აქვს, ყველა იღებს ვიზას... ყველას ვიღებთ უვიზოდ, ჩამოვიდნენ და თავისი თავლით ნახონ ჩვენი ქვეყანა...“
შალვა პაპუაშვილი ამ შეზღუდვის დაწესებას „უსამართლო“ და საქართველოს ხელისუფლებაზე მორგებულ გადაწყვეტილებად აფასებს და მისი შეფასებით ეს ცივილიზაციურ კრიზისზე მიანიშნებს:
„მოარგეს წესები საკუთარ სურვილს, რომ პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ საქართველოს ხელისუფლებაზე... ევროკავშირი რომ ფიქრობს, ვიზა და არავიზის საკითხი არის დასჯის ინსტრუმენტი, აქ ჩანს ბრიუსელის მთელი ამორალურობა... ეს აჩვენებს ცივილიზაციურ კრიზის, რასაც განიცდის ევროკავშირი...“
მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი
„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში, ბრატისლავაში იმყოფება და უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება. ის 1 აპრილს ჩაფრინდა.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ჰკითხა, დასჭირდა თუ არა მიხეილ ყაველაშვილს ვიზის აღება ევროკავშირის წევრ სლოვაკეთში ჩასაფრენად.
„...გირჩევთ, ვიზიტის გაშუქებაზე კონცენტრირდეთ, რაც შეეხება დასმულ კითხვას, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს მედიასთან განხილვის საგანს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში იმყოფება - რა ითქვა პეტერ პელეგრინისთან ერთობლივ ბრიფინგზედიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის შეზღუდვის დაწესება
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები გაყალბებულს უწოდებენ, ხელისუფლებაში მესამე ვადით მყოფ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტები გაუიშვიათდათ. ამ მხრივ გამონაკლისია სლოვაკეთი და უნგრეთი.
- იმაზე პასუხად, რასაც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებს, ევროკავშირს 2025 წლის იანვრიდან უკვე შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად, დირექტივა ბლოკის ყველა წევრს არ შეუსრულებია, - მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს.
- ბრიუსელი, - რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, ემხრობა ფინანსური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის, - ამას ვერ ახერხებს. მიზეზი არის კონსენსუსის წესი - ფინანსური სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო, სულ მცირე, უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგობას სწევენ;
- უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტები შეინარჩუნეს უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საკუთარი მოქალაქეების ინტერესთა მოტივით, უარი არ თქვეს რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე.
- ამ პოლიტიკის გამო უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს ხშირად ახასიათებენ, როგორც პრორუსულს.