19 ივნისს, საათზე მეტხანს გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა, რომელსაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი განიხილავდა. ახსნა-განმარტების ეტაპი 26 ივნისისთვის გადაიდო.
რას გრძნობს ბერა ივანიშვილი?
გრძნობს თუ არა თავს შეურაცხყოფილად ბერა ივანიშვილი? ამ კითხვაზე პასუხი შსს-ს არ აქვს. მეტიც, თვლის, რომ ბერა ივანიშვილის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არ არის, რადგან შეურაცხყოფა და წვრილმანი ხულიგნობა ისედაც „დაიდენტიფიცირებულია შესაბამისი თანამშრომლის“ მიერ და ამის დამადასტურებელი ფაქტი საქმის მასალებში დევს:
„ამ პოსტის შინაარსის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მსგავსი შეურაცხყოფა, ვფიქრობთ, რომ ჯდება 166-ე მუხლის შემადგენლობაში. არგუმენტაციას მოკლებულია, რომ უნდა დაიკითხოს ის პიროვნება, რომელსაც მიაყენეს შეურაცხყოფა“, - ასე უპასუხა გიორგი გოგიას ადვოკატის, მიხეილ ზაქარეიშვილის შუამდგომლობას ბერა ივანიშვილის სასამართლოში გამოკითხვის შესახებ, შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ, 19 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
„საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი“ პოსტი ისევ ფეისბუკზეა
მიუხედავად შსს-ს მტკიცებისა, რომ ფეისბუკში პოსტის გამოქვეყნებით გიორგი გოგიამ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, ეს პოსტი, სოციალურ ქსელში კვლავ ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
პოსტი, რომლის გამოც გიორგი გოგიას შსს ედავება
ადვოკატის კითხვაზე, მიმართა თუ არა შსს-მ Meta-ს „საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი“ პოსტის წაშლის მოთხოვნით, რათა აღმოეფხვრა წესრიგის დარღვევა, სალომე ქირია ბუნდოვნად პასუხობს:
„Meta-სთან რა წვდომა გვქონდა და რა კონტენტის წაშლა მოითხოვა სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ამ ფაქტის უარყოფის ან დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება ნამდვილად ვერ იქნება. ამ შემთხვევაში, სამართალდამცავმა ორგანომ გაატარა ის ღონისძიება, რაც მის უფლებამოსილებაში იყო“.
ეს პასუხი შეიძლება ასეც ითქვას - შსს Meta-სთვის არ მიუმართავს.
მიხეილ ზაქარეიშვილი, ადვოკატი
„წარმოიდგინეთ, პოლიციელი ქუჩაში რომ შეესწროს წვრილმან ხულიგნობას, უბრალოდ რომ გამოწეროს სამართალდარღვევის ოქმი და წავიდეს, ანუ ადამიანს არც კი მოუწოდოს, რომ შეწყვიტოს წვრილმანი ხულიგნობა, აი ასეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე. მათ მიაგნეს წვრილმან ხულიგნობას და არაფერი მოიმოქმედეს, რომ ეს ხულიგნობა შეწყვეტილიყო. უბრალოდ, მათი ამოცანაა, რომ დაისაჯოს ადამიანი“.
გიორგი გოგიას ადვოკატი დაინტერესდა იმითაც, მოიძია თუ არა შსს-მ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აუდიტორიას, რა რაოდენობასა და მათ შორის, რომელ ასაკობრივ კატეგორიას მისწვდა „წვრილმან ხულიგნობად შეფასებული ფაქტი“.
ევროსასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რამდენიმე კვირის წინ განმარტა, რომ იმისათვის, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, აუცილებელია მასშტაბების განსაზღვრა.
„იმ საქმეზე დადგინდა, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებულ პოსტს ჰქონდა ასიათასზე მეტი ნახვა, 600-ზე მეტი გაზიარება. ანუ ევროსასამართლომ სტანდარტი დააწესა, რა უნდა შეფასდეს იმისათვის, რომ დადგინდეს 166-ე მუხლის შემადგენლობა. დღეს შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ მათი ინტერესის სფერო არ არის მოცვა და აუდიტორია, სულ რომ არავის ენახა ეს პოსტი, ის მაინც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არისო“.
სოციალურ ქსელში გიორგი გოგიას სახელითა და გვარით განთავსებულ პოსტს, რომლის გამოც შსს 33 წლის მოქალაქეს 166-ე მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევას ედავება, 35 რეაქცია და ერთი კომენტარი აქვს.
პოსტი ნამდვილად გოგიამ დაწერა?
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამას „არც ადასტურებს და არც უარყოფს“. თავად გიორგი გოგიას 19 ივნისს გამართულ სხდომაზე სიტყვით არ უსარგებლია. მან მოსამართლეს მხოლოდ ის უთხრა, რომ ეთანხმება ადვოკატს. კომენტარი მას არ ჟურნალისტებთან გაუკეთებია.
საქმის მასალების თანახმად, შსს-მ გიორგი გოგიას იდენტიფიცირება სოციალურ ქსელში მესამე პირების ანგარიშების შესწავლით მოახერხა. თავად გიორგი გოგიას პირად ანგარიშზე არ იძებნება მისი მაიდენტიფიცირებელი არანაირი ინფორმაცია, მათ შორის, არც ფოტო.
შესაბამისად, შსს-ს იურისტი ამბობს, რომ სამართალდამცავებს, მისი ძმის, ლაშა გოგიას ფეისბუკის ანგარიშის შესწავლა მოუწიათ და ასე დაადგინეს, რომ სასამართლოში დაბარებული გიორგი გოგია ნამდვილად ისაა, ვინც სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.
„თითოეული ნაბიჯი, თუ რა იქნა განხორციელებული პირის იდენტიფიცირებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად, საქმეში წერილობითაა წარმოდგენილი“, - განაცხადა შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ 19 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
მიხეილ ზაქარეიშვილისთვის შსს-ს არგუმენტაცია და მტკიცებულებები, თუ როგორ დაადგინა გიორგი გოგიას ვინაობა - არადამაჯერებელია:
„ჯერჯერობით, სასამართლოში მხოლოდ იმის განხილვა მოვასწარით, ეს პოსტი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რადგან არანაირი რეალური მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე კავშირი არსებობს ორ ადამიანს შორის გარდა სახელისა და გვარის დამთხვევისა და ამ სახელისა და გვარის 175 ადამიანია დარეგისტრირებული საქართველოში, არ არსებობს“, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.
როგორ მიაგნო შსს-ს ინსპექტორმა შეურაცხმყოფელ პოსტს?
ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. შსს მსგავსი საქმეების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ სამმართველოს ინსპექტორები სოციალური ქსელის „მონიტორინგს ახორციელებენ“ და ასე აღმოაჩენენ სავარაუდო სამართალდარღვევებს.
ასეა გიორგი გოგიას საქმის შემთხვევაშიც. სალომე ქირიამ, შსს-ს იურისტმა განმარტა, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომელმა, თათია კაცაძემ, „დააიდენტიფიცირა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი“ და შესაბამისი ოქმი 15 ივნისს შეადგინა:
„[სავარაუდო სამართალდამრღვევმა] მიმდინარე წლის 14 ივნისს, მის პირად გვერდზე განათავსა პოსტი, რომელიც მიემართებოდა ბერა ივანიშვილს და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტი დაიდენტიფიცირდა შესაბამისი თანამშრომლის მიერ. პოლიციელი უთითებს, რომ გიორგი გოგიამ გააზიარა „მთავარის“ პოსტი, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბერა ივანიშვილს. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება“.
როგორ და რა გზით მიაგნო სამართალდამცველმა კონკრეტულ პოსტს, ამ კითხვაზე პასუხი არც გიორგი გოგიას ადვოკატს აქვს:
„გაზიარებულია „მთავარის“ პოსტი. ასეთი პოსტები ადამიანებს უბრალოდ თაიმლაინზე არ უვარდებათ ხოლმე. შესაბამისად, პოლიცია ვერ გააკეთებს აქცენტს იმაზე, რომ შემთხვევით შეხვდათ ეს პოსტი. დაინტერესება არსებობს ან „მთავარის“ მიმართ, ან იმ ანგარიშის მიმართ, რომელსაც სამართალდარღვევას ედავებიან“, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.
შსს-ში "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" პირველი ივნისიდან მუშაობს. ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, იქ სულ ათამდე ადამიანია დასაქმებული. 15 ივნისის მონაცემებით, სამმართველომ სასამართლოებში, საქართველოს მასშტაბით, 60-მდე საქმე გადააგზავნა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, 166-ე და 173-ე 16 პრიმა მუხლებით, 2000-დან 4000 ლარამდე უკვე დაჯარიმებულია არაერთი ადამიანი. ეს ორი მუხლი, 20-დან 60 დღემდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.