შიდსი კვლავ გვიტევს

Your browser doesn’t support HTML5

20 მაისს საქართველოში აღნიშნეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებში შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა ცაში გაუშვეს წითელი ბუშტები, რომლებზედაც სიმბოლურად აღნიშნული იყო გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტების სახელები.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 7 032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული, რომელთა შორის 5 248 მამაკაცია, 1 764 კი - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3 772 პაციენტს, 1 440 გარდაიცვალა.

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს გამოვლინდა აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებულია.

2004 წლიდან საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უზრუნველყო და შეინარჩუნა ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავი/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი.

2005 წლიდან საქართველომ უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივ გადაცემის პროფილაქტიკის ღონისძიებებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. შედეგად საქართველომ უზრუნველყო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის ელიმინაცია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან, მაისის მესამე კვირას, უკვე 35 წელია აღინიშნება და წელს მისი დევიზია „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.