13 ყველაზე ცნობილი კადრი 2025 წლის მსოფლიოდან
20 იანვარი - კაპიტოლიუმის შენობაში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართა.
20 თებერვალი - მსხვერპლი მოჰყვა ხერსონის და კონსტანტინოვკის დაბომბვას. უკრაინის ქალაქები მთელი წელი იბომბებოდა.
24 თებერვალი - გერმანიაში, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა/ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა“ გაიმარჯვა.
10 სექტემბერი - სტუდენტებთან შეხვედრისას სასიკვდილოდ დაჭრეს ჩარლი კირკი, პრეზიდენტ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
28 თებერვალი - რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წელს ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვითარება დაიძაბა. მანამდე, ბაიდენის მმართველობის დროს, უკრაინამ ამერიკისგან მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო. „თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით“, - უთხრა ტრამპმა ზელენსკის და მეტი მადლიერებისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ კი ტრამპს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მიანიშნა და უთხრა „მკვლელთან“ კომპრომისზე არ წასულიყო.
16 აპრილი - სერბეთში 2025 წელსაც გრძელდებოდა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები. ათიათასობით დემონსტრანტი, რომლის ბირთვსაც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეადგენენ, აპროტესტებენ კორუფციასა და უპასუხისმგებლობას ხელისუფლებაში. მასობრივი გამოსვლების საბაბი გახდა 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედია: ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურში ჩამოინგრა ბეტონის სახურავი, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
18 მაისი - ვატიკანში რომის პაპის ლეო XIV-ის (რობერტ პრევოსტი) ინაუგურაცია გაიმართა. ის აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას. რომის პაპის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 21 აპრილს ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე.
15 აგვისტო - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალასკაში დონალდ ტრამპს შეხვდა. მათი განხილვის საგანი უკრაინაში ომის დასრულება იყო.
სექტემბერში რევოლუცია მოხდა ნეპალში. მასობრივი პროტესტი დაიწყო 4 ოქტომბერს, როდესაც ნეპალის ხელისუფლებამ ქვეყანაში WhatsApp, Facebook, Instagram და სხვა სოციალური ქსელები აკრძალა. პროტესტს მალევე მოჰყვა დაპირისპირება ქუჩებში და ხელისუფლების ცვლილება.
8 აგვისტო - შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე. „35 წელიწადი ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე. - „თქვენ ისტორიაში შეხვალთ“.
1 ივლისი - მისია შეწყვიტა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), რომელიც მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს 1961 წლიდან ეხმარებოდა.
9 ოქტომბერი - ისრაელმა და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპის საინიციატივო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელმა ღაზაზე შეტევა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ - მას მერე, რაც ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზაში ემსხვერპლა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები - ამ მონაცემს ღაზის ჯანდაცვის მესვეურები ავრცელებენ.
ივნისის შუა რიცხვებში ისრაელმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო საომარი მოქმედება დაიწყო, რასაც მოჰყვა 12-დღიანი ომი, რომელშიც აშშ-ც ჩაერთო და დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები. ამერიკამ განაცხადა, რომ „გააცამტვერა“ ირანის ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვული ობიექტები და ამით ბოლო მოუღო თეირანის ბირთვულ პროგრამას.
სატელიტურ ფოტოზე: ირანის ბირთვულ ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი
2025 წელსაც გრძელდებოდა დაპირისპირება სუდანში.
სუდანის არმიასთან ომში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ ისინი ეხმარებიან გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF). არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ბრალდებას უარყოფს.
გაეროს მონაცემებით, ელ-ფაშერის დაცემას დარფურში მოჰყვა ეთნიკური ნიშნით ჩადენილი ხოცვა-ჟლეტები, გაუპატიურებები, ძარცვები და მასობრივი იძულებით გადაადგილებები. ომში ათიათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. სუდანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უარეს ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის.