მოკლედ
- თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება;
- ცვლილებები შეეხება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას;
- წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებას;
- საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის საკითხების დაზუსტებას/დახვეწას.
- კანონპროექტის ავტორი თავდაცვის სამინისტროა;
- ცვლილებები პირველი მოსმენით თავდაცვის კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.
რა იცვლება?
ყოველწლიურად ახალწვეულების ჯარში გაწვევის დეტალურ პროცედურას მთავრობა დადგენილების გამოცემით არეგულირებს ხოლმე. მაგალითად, 2025 წლის დადგენილების თანახმად, 2026 წელს 5 800 ადამიანი აკმაყოფილებს სავალდებულო ჯარის გავლის კრიტერიუმებს. ისინი 18-დან 27 წლამდე ასაკის არიან და არ აქვთ მიზეზი, რითაც ჯარში წასვლას გადაავადებენ ან ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ჯარში გამოძახების მუხლს ახალი ჩანაწერები დაემატება.
წვევამდელის გამოძახება ჯარში შესაძლებელი იქნება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინება).
გარდა, სკოლის ვალდებულებისა შეატყობინოს სავალდებულო სამხედრო ასაკის მქონე მოსწავლეს, რომ ჯარშია გამოძახებული, აღრიცხვაზე აყვანა შესაძლებელი გახდება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებითაც.
ის, რომ კომუნიკაცია შედგა, უნდა დადასტურდეს უკუკავშირით ან შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით.
მესამე გზა უწყების პირადად ჩაბარებაა, რაც ასევე ხელმოწერილი დოკუმენტით უნდა დადასტურდეს. თუ ახალწვეული ხელმოწერაზე უარს ამბობს, მის ნაცვლად ხელს უფლებამოსილი პირი მოაწერს.
ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირი?
კანონპროექტის თანახმად, უფლებამოსილი პირი ოჯახის წევრი იქნება.
ოჯახის რომელი წევრი?
ეს მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს. შემუშავდება კანონის მიღების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება.
გამოქვეყნება - ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება
თუ წვევამდელი შეტყობინებას ჯარში გაწვევის შესახებ პირადად არ იბარებს; არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ან ელექტრონულ ფოსტას პასუხობს და ფოსტის მეშვეობით გაგზავნაც შეუძლებელია, მაშინ სამხედრო აღრიცხვის ორგანო, უწყებას ოფიციალურ ვებსაიტზე აქვეყნებს.
უწყება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
ასეთ დროს ახალწვეული ვალდებულია 10 დღეში წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში მივიდეს.
ეს წესი უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.
ანუ თუ კი აქამდე საქართველოში არყოფნა უწყების ჩაუბარებლობის მიზეზი ხდებოდა ხოლმე, საიტზე გამოქვეყნება ამ საკითხს გადაჭრის. საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების გამოქვეყნებისთანავე 10 დღეში საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს.
რომელ საიტზე და რა ფორმით გამოქვეყნდება უწყისები, როგორ უნდა ნახონ ახალწვეულებმა დოკუმენტაცია - ამ საკითხებს კანონპროექტი არ აწესრიგებს. მითითებულია, რომ ამ საკითხებსაც მთავრობა კანონის მიღების შემდგომ დაარეგულირებს.
რა მოხდება, თუ წვევამდელი კომისიაში არ გამოცხადდება?
სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის მიზანმიმართული არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის თანახმად, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით.
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ერთწლიანი ნებართვები
თავდაცვის კოდექსში გაწერილია ის დარგები, სადაც სამხედრო სტატუსის მქონე პირს [აქ შედის ჯარისკაციც და ადმინისტრაციული პერსონალიც], სამხედრო სამსახურის პარალელურად დასაქმება შეუძლია.
ეს სფეროებია: მეცნიერება, პედაგოგიკა, მედიცინა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საავიაციო სფერო, საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა, რაც საერთაშორისო პარტნიორობას ან სამშვიდობო ოპერაციებს უკავშირდება.
მოქმედი წესით, თავდაცვის სისტემაში დასაქმებულებს პარალელური საქმიანობისთვის სამინისტროს ნებართვა სჭირდებათ. ცვლილებების თანახმად, კი მათ ამ ნებართვის მოპოვება ყოველ ერთ წელში ერთხელ მოუწევთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენწლიანი კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.
ნებართვის აღების ეს წესი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება. შეცვლილი კანონი საჯარო მოხელეებს, დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობისთვის, ხელმძღვანელის წერილობით თანხმობას ავალდებულებს.კანონის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება და საჯარო სექტორში მუშაობის 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება. დაწესებულია ფულადი ჯარიმაც.
საკონტრაქტო სამსახურის დარღვევა
საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კონტრაქტზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი, ვადიანი სამხედრო სამსახურია; საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს მიეკუთვნებიან რიგითის, პირველი კლასის რიგითის, კაპრალის, კაპრალ-სპეციალისტის, უმცროსი სერჟანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის, მასტერ-სერჟანტის, მთავარი სერჟანტის, ლეიტენანტის, უფროსი ლეიტენანტის, კაპიტნის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეები.
თუ საკონტრაქტო სამსახურში მინიმუმ 12 თვე იმსახურე (1 წელი) და შემდეგ შეწყვიტე კონტრაქტი, პირდაპირ რეზერვში გადადიხარ. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ გეხება.
თუ ერთ წელზე ნაკლები იმსახურე და წახვედი ჯარიდან ავტომატურად გადაგიყვანენ 8-თვიან სავალდებულო (წვევამდელთა) სამსახურში.
ეს არ მოხდება, თუ გაქვს გადავადების/გათავისუფლების საფუძველი ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა.
ჩვეულებრივ, როცა სამხედრო პირი კონტრაქტს არღვევს და მიდის, მას ფულადი ჯარიმა ეკისრება. ამ ცვლილებით კი თუ კონტრაქტს დაარღვევ, მაგრამ გადახვალ სავალდებულო 8-თვიან სამსახურში, ჯარიმა ჯერ შეგიჩერდება, 8-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ კი საერთოდ გაგიუქმდება.
თავდაცვის კოდექსში პერიოდულად ცვლილებები შედის ხოლმე. ცვლილებების დიდი ნაწილი პოლიტიკური დისკუსიის საფუძველიც გამხდარა. პარლამენტში განხილვისას თავად კოდექსსაც ჰყავდა კრიტიკოსები.
ერთ-ერთი ბოლო შესწორება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესში შევიდა. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხოთ.
ამ ცვლილებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება აღარ აქვთ სტუდენტებს, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ. ეს ცვლილება შეეხოთ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა საზღვარგარეთ, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ. დისტანციურ სწავლებაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა.