ცხოვრება ომის ნარჩენებით

დაბომბილი სახლი ერგნეთში

თინა ნიკოლიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში მეუღლესთან, შვილსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მას არასოდეს ავიწყდება 2008 წლის აგვისტოს ომის დღეები. ომის ნარჩენებს ის ახლაც სხეულით ატარებს. ზაფხულის იმ დღეს ჯერ ხმაური გაიგო, შემდეგ რაღაცა გასკდა და სხეულზე სისხლიც დაინახა. ნიკოლიშვილების ეზოში კასეტური ბომბი აფეთქდა, ბომბის ნასხლეტებს კი ახლაც სხეულით ატარებს.

ბროწლეთის მცხოვრები თინა ნიკოლიშვილი

დიდი ხანია ექიმთან არ ყოფილა, ოჯახს ამის შესაძლებლობაც არა აქვს. ტკივილი ხშირად აუტანელი ხდება: „გავიხედე და გოგო ტირის, მშობლები დამეღუპნენო. გამოვიდა გარეთ და არავინ ჩანდა. თურმე ყველა დაიჭრა. ვიყავით უპატრონოდ. მერე სასწრაფო მოვიდა, წაგვიყვანეს ტყვიავში. სხეულში ისევ მაქვს ნამსხვრევები. აი, ახლაც მთელი სხეული მიკანკალებს. ტყვიები მაქვს მთელ სხეულში“.

რობერტ ნიკოლიშვილი

იქვე დაიჭრა თინას მეუღლე რობერტ ნიკოლიშვილიც, თუმცა მისი ჭრილობა უფრო მსუბუქი აღმოჩნდა და ბომბის ნარჩენები მაშინვე ამოუღეს.

დაბომბილი სახლი ერგნეთში

მიუხედავად ამისა, 71 წლის კაცი ამბობს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ამ დრომდე ტკივილითა და მოგონებებით ცხოვრობენ: „ვაი უბედურებასა! გავნახევრდი, ადამიანობა აღარ მაქვს. ომის შემდეგ ვერ გავიხარეთ. ტანჯვასა და უბედურებაში ვართ. ცოლი დღე და ღამე ტირის. არ შეუძლია და რა ვქნა. საშველი რომ იყოს, მე ვუშველიდი, მაგრამ არ არის საშუალება“.

გორის ცენტრში, ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩებზე, კასეტური ბომბების კვალი შენობებს ახლაც შერჩენია. 2008 წლის 12 აგვისტოს აფეთქებას ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. მათ შორის იყო ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი სტან სტორიმანსი.

ომის დასრულებიდან ცოტა ხანში ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ “ჰიუმენ რაიტს უოჩმა” განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის პერიოდში კასეტური ბომბებით 16 ადამიანი დაიღუპა.

განაღმვითი სამუშაოები კონფლიქტის ზონაში

  • მეათე წელია, კონფლიქტის ზონაში ჯერ ისევ მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები.
  • ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ 2008 წლის ომის ნარჩენებს ერგნეთშიც ეძებს.
  • გასული წლიდან დღემდე 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხო ტერიტორიად.
  • ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ 20 ათასზე მეტი ჭურვი, ნაღმი, ბომბი და სხვა აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო.
  • სამუშაოები ისევ გრძელდება და ომის ნარჩენებისაგან ტერიტორია ჯერ სრულად არ არის გაწმენდილი.
  • „ჰალო ტრასტი“ არა მარტო კონფლიქტის ზონის სოფლებში, არამედ ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზებზეც მუშაობს.

“რუსეთმაც და საქართველომაც გამოიყენეს კასეტური ბომბები”, ვკითხულობთ 80-გვერდიან ანგარიშში. ამ ბომბებით დაშავდა 54 სამოქალაქო პირი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ კასეტური ჭურვების გამოყენების შედეგად 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 46 დაიჭრა. საქართველოს მიერ გამოყენებულ მსგავს იარაღს სულ ცოტა 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და 8 დაიჭრა.

მსხვერპლი აღირიცხებოდა როგორც კონფლიქტის დროს, ასევე მის შემდეგ. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების შემდეგ შევიდა და საბრძოლო ნარჩენებისა და ნაღმებისგან ტერიტორიის გასუფთავება დაიწყო. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებმა გიორგი გიგაურმა მეგობრებისგან შეიტყო, რომ „ჰალო ტრასტი“ ადგილობრივ კადრებს ატრენინგებდა და ორგანიზაციას მანაც მიმართა. ტრენინგების შემდეგ გიორგიმ კონფლიქტის ზონაში დიდხანს იმუშავა, ოკუპაციის ხაზთან ახლოს კი უამრავი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა აღმოაჩინა. „ჰალო ტრასტის“ გამნაღმველები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობდნენ.

„ეს არის საქმე, რომლის შემდეგაც გულში დიდი სიამაყე გაქვს. პირადად მე 2010 წლიდან ჩავერთე სამუშაო პროცესში. 2010 წლის შემდეგ ამ წლის თებერვლამდე ვმუშაობ გამნაღმველად „ჰალო ტრასტში“. ძალიან დიდი ტერიტორიებია გასუფთავებული, მასშტაბური სამუშაოები შესრულდა და, შესაბამისად, ეს ადგილები ახლა არის უსაფრთხო. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მიწების დამუშავება და თავისუფლად შეუძლიათ იმოძრაონ“.

მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ჰალო ტრასტმა“ 137 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოაცხადა უსაფრთხოდ. ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ 20 ათასზე მეტი ჭურვი, ნაღმი, ბომბი და სხვა აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო.

ამჟამად „ჰალო ტრასტის“ ქართველი გამნაღმველები განაღმვით ოპერაციებს ასრულებენ ისრაელში, ავღანეთსა და ანგოლაში. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ სამუშაოები თებერვალში სოფელ დვანის განაღმვის შემდეგ შეაჩერა, თუმცა ადგილობრივი სპეციალისტები აცხადებენ, რომ დარჩენილია ტერიტორიები, სადაც ჯერ არ მისულან და ეს საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვესაა.

ასევე ნახეთ მშვიდობის ფასი ერგნეთში

ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე გაერომ 2005 წელს დააწესა. 2019 წლის სლოგანია „უსაფრთხო მიწა - უსაფრთხო სახლი“, თუმცა კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა ჯერ არ არის მიღწეული.