ცხოვრება ომის შემდეგ

„ცხოვრება ომის შემდეგ“ - ასე ჰქვია რადიო თავისუფლების პროექტს, 6 მოკლე ფილმისგან შემდგარ ამბავს, წეროვნის დევნილთა დასახლებიდან იმ ადამიანების შესახებ, ვინც დევნილობაში საკუთარი თავი ხელახლა იპოვა, ახალი საქმე გაიჩინა და სხვა დევნილების ყოფაც შეცვალა.

რეზო, რომელიც თმას ჭრის

საქმე თუ ასე კარგად წავიდოდა, ვერც ვიფიქრებდიო.

რეზომ წეროვანში, ერთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი კოტეჯი რომ იქირავა და სილამაზის სალონისთვის საჭირო ერთი სავარძელი და მაგიდა იყიდა, მაშინ მხოლოდ თვითდასაქმებაზე ფიქრობდა.

თიკო, რომელმაც თოჯინების თეატრი გახსნა

„აქ, წეროვანში არც თეატრი იყო არც სკვერი, არც კინო“.

იყვნენ ბავშვები. ომგამოვლილი ბავშვები. თიკომ ამ ბავშვებთან ერთად და ამ ბავშვებისთვის ერთგვარი თავშესაფრის, რეალობიდან გაქცევის სივრცე მოაწყო. თვითონაც ამბობს ,- თოჯინების თეატრი გახდა ადგილი, სადაც ივიწყებ რეალობას და გადადიხარ ზღაპარში.

გოჩა, რომელიც ფეხსაცმელს კერავს

სანამ მივიწყებულ ხელობას გაიხსენებდა, ვერაფერს მოერგო.

მეათე წელია წეროვანის დასახლებაში, სადაც 1900-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, ის ერთადერთია, ვინც თავისი სახლის წინ „სარეკლამო აბრა“ დაკიდა და ფეხსაცმლის შავი საღებავით მიაწერა - „ფეხსაცმლის შეკეთება“ . გოჩამ ბავშვობაში ნასწავლი საქმე გაიხსენა.

მაია, რომელიც სამკაულებს აკეთებს

სამკაულების კეთება მისი საქმე არ ყოფილა. ბიოლოგიას ასწავლიდა ახალგორის ერთ სოფელში. ხელს თუ ახალ საქმე მოკიდებდა ვერც იფიქრებდა. მით უმეტეს საქმეს, რომელსაც დიდი მოთმინება სჭირდებოდა. „არ როგორ ვიცხოვრო“,- მხოლოდ ეს ფიქრი აწუხებდა.

მერე და მერე წეროვანში დასახლებულს, საქმემ, რომლესაც მოთმინება სჭირდებოდა, სიმშვიდე დაუბრუნა. მაია, 47 წლისაა, ტიხრული მინანქრის სახელოსნოში მუშაობს.

რეზო, რომელიც პუფებს კერავს

ომი რომ დამთავრდა რეზოს აღარაფერი დარჩა. სამსახური ჰქონდა და ეგ ეყო. თბილისში მუშაობდა. წეროვანს „გეტოს“ ეძახდნენო. ერთნაირი სახლები და მეტი არაფერი.

„რის გაკეთებას აპირებ, ეგ რა სისულელეაო“, - ეუბნებოდნენ, როცა ახლობლებმა გაიგეს, რომ პუფების კერვას აპირებდა. მერე, რეზომ სამკერვალოც ააშენა. რეზოს საქმემ კი სხვა დევნილებსაც გამოუჩინა საქმე.

თამარი, რომელიც სახლებს ნომრავს

2002 უნომრო და ერთნაირი სახლი წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაჩნდა. ამ სახლებს მხოლოდ რიგითი ნომრები აქვს. „ეს არ არის სახლის მისამართი“, - ამბობს თამარ ბერიანიძე. სახლს ახალგორში სხვა მისამართი ჰქონდა. ის სახლი დაკარგა. მაგრამ მისამართი დარჩა.

ახლა თამარი წეროვანის დევნილთა დასახლებაში სახლებს ხელნაკეთ, მისამართის აღმნიშვნელ ფილებს აკრავს. როცა თიხის აბრა-სახლი თავდაყირა აღარ ეკიდება მისამართიც გასწორდება.

წეროვნის დევნილთა დასახლება