26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშზე ფერადი კვამლის გაშვების გამო 19 წლის სტუდენტს, ნიკოლოზ დარსანიას სისხლის სამართლის მუხლით დევნა ემუქრება.
რატომ?
ნიკოლოზ დარსანია ერთხელ უკვე ცნო სასამართლომ სამართალდამრღვევად შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევის გამო. გასული წლის ნოემბერში გზის გადაკეტვის არგუმენტით, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში, სამი დღე გაატარა - ეს ადმინისტრაციული პატიმრობა იყო.
სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერის თანახმად, მას ვინც შეკრება-მანიფესტაციის წესს მეორედ დაარღვევს, ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს წესი 2025 წლის 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ამ წესით უკვე დაკავებული და გასამართლებულია, დემონსტრანტი ზურაბ მენთეშაშვილი. მას გზის ხელმეორედ გადაკეტვას ედავებოდნენ და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება.
ნიკოლოზ დარსანიას შემთხვევაში, კი 26 მაისის აქციაზე გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი შეკრება-მანიფესტაციის წესების მესამე ჯერზე დარღვევად მიიჩნევა.
„თავდაპირველად ნოემბერში დამიჭირეს გზის გადაკეტვის გამო და სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს, შემდეგ, 17 მარტს, ისევ გზის გადაკეტვის გამო ჩემს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, მაგრამ კობა ჩაგუნავამ [მოსამართლე] გადააკვალიფიცირა სისხლის სამართალზე და დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემზე აღძრეს ახალი ადმინისტრაციული საქმე, აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო და ისევ კობა ჩაგუნავამ საქმე ზეპირი განხილვის გარეშე გადააკვალიფიცირა სისხლის სამართალზე და უკან დაუბრუნა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ამბობს ნიკოლოზ დარსანია რადიო თავისუფლებასთან.
სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 26 მაისის აქციაზე ნიკოლოზ დარსანია იყენებდა პიროტექნიკას, კერძოდ, „მექანიკური ზემოქმედების შედეგად უშვებდა კვამლს“.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2026 წლის 8 ივნისსაა შედგენილი
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკოლოზ დარსანიას მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოში ზეპირი მოსმენის გარეშე შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.
„ნიკოლოზ დარსანია ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირია, თუმცა მიუხედავად ამისა მის მიმართ 2026 წლის 8 ივნისს, კვლავ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი... რაც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს“, - წერს მოსამართლე კობა ჩაგუნავა დადგენილებაში.
ნიკოლოზ დარსანია ერთადერთი არაა, რომლის საქმეც ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ პოლიციას უკან დაუბრუნა სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის არგუმენტით. ასე მოხდა ენმ-ის წევრ გიორგი წულაიას შემთხვევაშიც.
ასევე ნახეთ
ტროტუარზე პროტესტისთვის მოქალაქეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება2025 წლის 20 დეკემბერს წულაიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და სასამართლოს მიმართა. მას ტროტუარის "ხელოვნურად გადაკეტვას" ედავებოდნენ. იგივეს ედავებოდა შსს 2025 წლის ოქტომბერშიც.
მოსამართლე დავით მაკარიძემ მიიჩნია, რომ გზის გადაკეტვა მეორედ არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული იყო და საქმე რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს დაუბრუნა.
„სისტემამ მიიღო კანონი, რითაც განათლებულ და კარგ მოქალაქეებს უნგრევენ ცხოვრებას, ევროპის უნივერსიტეტბმა მიიღო [ნიკოლოზ დარსანია] და ზაფხულში უნდა წავიდეს სასწავლებლად, შეიძლება წაუყენონ ბრალი და ჩასვამ ციხეში, ბრალი ერთ წლამდე პატირობას ითვალისწინებს...“, - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე და ამატებს, რომ „ასეთ საქმეებზე ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რა სასჯელი გამოიყენონ და ამიტომ არ ახდენს მყისიერ რეაგირებას“.
გიორგი წულაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მიუხედავად მოსამართლის მიერ საქმის შსს-ში დაბრუნებისა, უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. არც ნიკოლოზ დარსანიამ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება შსს-მ მის შემთხვევაზე.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაინტერესდა, აღასრულეს თუ არა, მოსამართლის დადგენილება. უწყების განმარტება მიღებისთანავე სტატიაში აისახება.
როგორ მკაცრდებოდა შეკრება-მანიფესტაციის წესები?
2024 წლის ნოემბრიდან, საპროტესტო აქციების პარალელურად, ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და რამდენიმე სხვა კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სანქციები.
ცვლილებების შედეგად:
- გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღიდან 60 დღემდე;
- მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, წვრილმანი ხულიგნობა და აქციებთან დაკავშირებული სხვა სამართალდარღვევები;
- სამართალდარღვევად განისაზღვრა საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვა გარკვეულ შემთხვევებში;
- გამკაცრდა პასუხისმგებლობა გზების გადაკეტვის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების, პიროტექნიკის გამოყენებისა და სხვა საპროტესტო მოქმედებებისთვის;
ასევე ნახეთ
აქცია პოლიციის ნებართვით? - სახელმწიფო აპირებს გადაწყვიტოს, სად და როგორ გამოხატო პროტესტიბოლო ერთი წლის განმავლობაში, კი „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა ათობით კანონი შეცვალა და გაამკაცრა. 2025 წლის ზაფხულში რადიო თავისუფლებამ ასეთი 40 კანონი დაითვალა. თუმცა კანონების გამკაცრების პროცესი დღემდე გრძელდება.
კანონმა განსაზღვრა სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნებაც, თუ „შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“:
- დემონსტრანტებმა გაფრთხილება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში“ უნდა შეიტანონ, სულ მცირე, ხუთი დღით ადრე.
- აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
- აიკრძალა ასევე აქციით სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება. მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის ჩატარება ასევე „შეკრების ან მანიფესტაციის საერთო სასამართლოში ჩატარებასაც“. ყველაფერი ეს ისჯება 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
- აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
- აქციის ორგანიზატორებს მანიფესტაციის ჩასატარებლად პოლიციის გაფრთხილების ვალდებულება დაემატათ;
ასევე ნახეთ
40-მდე კანონი 5 თვეში - რა მოასწრო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზეხელისუფლების განმარტებით, ცვლილებების მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და სხვა მოქალაქეთა უფლებების დაცვა იყო. თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საერთაშორისო ინსტიტუტები ამტკიცებდნენ, რომ სანქციების ასეთი მკვეთრი გამკაცრება სცდებოდა წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და რეალურად საპროტესტო აქტივობის შეკავებას ემსახურებოდა.
კრიტიკოსების შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური იყო ის გარემოება, რომ მრავალჯერ გაიზარდა როგორც ჯარიმების ოდენობა, ისე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. მათი აზრით, ეს მოქალაქეებისთვის ქმნის მაღალ ფინანსურ და პირად რისკს, რაც ადამიანებს შესაძლოა აქციებში მონაწილეობისგან ან ხელისუფლების საჯარო კრიტიკისგან შეაკავებდეს.
არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის Amnesty International-მა, Human Rights Watch-მა და OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights-მა, გამოთქვა შეშფოთება, რომ ცვლილებები შესაძლოა ნეგატიურად აისახებოდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობაზე.
ასევე ნახეთ
შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული გამოძიებები - ევროსაბჭოს მემორანდუმი2024 წლიდან დღემდე ასობით დემონსტრანტია დაჯარიმებული და დაპატიმრებული გამკაცრებული წესებით, გზის გადაკეტვის, ტროტუარზე დგომისა თუ შეკრება-მანიფესტაციის სხვა წესების დარღვევის საბაბით.