ვიდეოჩანაწერი, სადაც რუსეთის მოქალაქე ილია მიკულსკი, სავარაუდოდ, გამომძიებელს ეუბნება, რომ საქართველოში ფარცხალაძე-მიქაძეების წინააღმდეგ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ფული გადაუხადეს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 25 აპრილს გამოაქვეყნა.
27 აპრილს საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ახსენა ეს ვიდეო, თუმცა პროკურორის პროტესტის შემდეგ, მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა - დასკვნით სიტყვაში მხოლოდ უკვე ჩვენ მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები ახსენოთო.
ახალი გამოძიება არ დაწყებულა შესაძლო „ცრუ ჩვენების“ გამო, - რაც შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება. პროკურორი ამბობს, რომ რუსულ მხარესთან არ აქვთ კომუნიკაცია, მიკულსკის ჩვენების საპირწონედ კი ახსენებს მეორე რუსი მოწმის, როზა ნარცისოვას ახლახან გავრცელებულ საჯარო მიმართვას, რომლის თანახმადაც მასზე და მიკულსკიზე „ზეწოლა“ და „მუქარა“ იყო.
ბიზნესმენი ძმების, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეებისა და „კრიმინალური ავტორიტეტი“ გიორგი მიქაძის გამოყოფილ საქმეზე - ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით - გადაწყვეტილება სავარაუდოდ 29 აპრილს გამოცხადდება. მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე ნახეთ
ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკარა ეტაპზეა ჯანგველაძის საქმე?
ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.
მისი „განზრახ, შეკვეთით და ანგარებით“ მკვლელობის ბრალდებით 2025 წლის 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს, - თბილისელი „კრიმინალური ავტორიტეტის“, გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს. უძილაური მკვლელობას აღიარებს, თუმცა „კილერობას“ (ანუ შეკვეთით და ანგარებით მკვლელობას) - არა.
მკვლელობიდან ხუთ თვეში, 2025 წლის 12 აგვისტოში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ბიზნესმენი გიორგი მიქაძე.
მის ძმას, დავით (დათუნა) მიქაძეს, ასევე გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი და დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა - იმავე ბრალდებით. სამივენი უარყოფენ ბრალდებას.
ასევე ნახეთ
8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“მოგვიანებით, 2025 წლის 29 დეკემბერს, მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად ოფიციალურად დაასახელეს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
ხანგრძლივ სასამართლო პროცესებსა და კომპლექსურ სისხლის სამართლის საქმეს რამდენიმე ნაწილი აქვს.
- „კილერობისთვის“ მსჯავრდადებული გელა უძილაურის განაჩენი ახლა სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული;
- აპრილში დასრულდა ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმის არსებითი განხილვის ეტაპი;
- 27 აპრილს დასრულდა მხარეთა დასკვნითი სიტყვებიც; სავარაუდოდ, განაჩენი 29 აპრილს გამოცხადდება.
- ჯერ კიდევ წინაა ოთარ ფარცხალაძის განაჩენი: მას 2025 წლის 29 დეკემბერს წარუდგინეს ბრალი „მკვლელობის ორგანიზებისთვის“ და საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა. ბრალდებას ფარცხალაძეც უარყოფს.
ასევე ნახეთ
ფარცხალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება სახელდებანარცისოვა-მიკულსკის ჩვენებები
ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენამდე სამი დღით ადრე, 26 დეკემბერს თბილისში გამოჰკითხეს რუსეთის ორი მოქალაქე, მოსკოვში მცხოვრები როზა ნარცისოვა და ილია მიკულსკი.
მათ თქვეს, რომ ლევან ჯანგველაძესთან „საკმაოდ ახლო ურთიერთობა“ ჰქონდათ და მისი მკვლელობის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტეს, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და გამოძიებისთვის „ინფორმაცია მიეწოდებინათ“.
ჩვენება მათ მკვლელობიდან ცხრა-ნახევარი თვის შემდეგ მისცეს. არ დასწრებიან თბილისში ლევან ჯანგველაძის დაკრძალვას. გამოკითხვის ოქმიდან არ ჩანს, რომ გამომძიებელს მათთვის ეკითხა, თუ რის გამო არ მისცეს ამ ხნის განმავლობაში ჩვენება.
მეორე დღეს ისინი რუსეთში დაბრუნდნენ. ილია მიკულსკიმ გამომძიებელს უთხრა: „საქართველოში აღარ დავბრუნდები“.
მთავარი, რაც მათ უთხრეს გამოძიებას:
- ჯანგველაძეს ნათქვამი ჰქონდა, რომ „სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვების თემებთან დაკავშირებით ჰქონდა დაპირისპირება ოთარ რომანოვთან“;
- „მისგან გრძნობდა სერიოზულ საფრთხეს, რადგან ამ ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა და კარგი ნაცნობებიდან მტრებად იქცნენ“;
- „მითხრა, რომ საქართველოში ოთარ რომანოვს ჰყავდა მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ასრულებდნენ მის დავალებებს, გვარად მიქაძეები“, - ამბობდა მოწმე.
დაახლოებით იგივეა ნათქვამი როზა ნარცისოვას ჩვენებაშიც.
ასევე ნახეთ
„დამამახსოვრდა გვარი - რომანოვი“: რას ჰყვება ერთ-ერთი მოწმე ჯანგველაძე-ფარცხალაძის სავარაუდო კონფლიქტზეშეცვლილი ჩვენება - რუსეთში
2026 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც 42 წლის ილია მიკულსკი რუსეთში სავარაუდოდ პოლიციის გამომძიებელს ჩართული კამერის წინ ეუბნება, რომ საქართველოში ფარცხალაძის წინააღმდეგ „ცრუ ჩვენება“ მისცა - ანგარების გამო.
„მინდა გაცნობოთ, რომ 2025 წლის 27 დეკემბერს ვიმყოფებოდი საქართველოში, საგამოძიებო სამსახურში, თბილისში. ჩემთან იმყოფებოდა როზა ნარცისოვა. მივეცი ჩვენება რომან რომანოვ-ფარცხალაძეზე“, - ამბობს ის, თუმცა ფარცხალაძის გვარს შეცდომით ამბობს.
ამბობს, რომ „ლევანის“ - ჯანგველაძის - გვარს ვერ იხსენებს, რადგან ქართული კარგად არ იცის. „ჯანგველაძე“? - ეკითხება გამომძიებელი, რაზეც ეთანხმება.
ტელევიზიის ცნობით, მიკულსკი გამოჰკითხეს მას შემდეგ, რაც რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს ოთარ ფარცხალაძემ მიმართა, - ჩემს წინააღმდეგ საქართველოში რუსეთის ორმა მოქალაქემ ცრუ ჩვენება მისცესო. მედიის თანახმად, მიკულსკი გამოჰკითხეს, ნარცისოვა კი „გაუჩინარდა“.
ილია მიკულსკი ამ გამოკითხვაში ამბობს, რომ:
- როზა ნარცისოვა გაიცნო ხუთი წლის წინ კომპანია „ვკუსვილში“ კურიერად მუშაობისას და დღემდე მეგობრობს;
- პირადად არ იცნობდა ლევან ჯანგველაძეს და არასოდეს შეხვედრია, არც ის იცის, როგორ გამოიყურებოდა;
- მისი მკვლელობის შესახებ მხოლოდ 26 დეკემბერს გაიგო, თბილისში ჩაფრენის შემდეგ, - „წინასწარი ჩვენებიდან, რომელიც გადასახედად გადმომცეს“; შემდეგ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში;
- ნარცისოვამ შესთავაზა ფულადი თანხა, რათა „დახმარებოდა ქართულ გამოძიებას და განზრახ ცრუ ჩვენება“ მიეცა - იმ შინაარსით, რა შინაარსითაც მისცა ჩვენება;
- სანაცვლოდ ნარცისოვა დაჰპირდა 400 000 რუბლს (დაახლოებით 5300 დოლარს);
- ისინი თბილისში დააბინავეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც ნომერში დახვდათ გამზადებული ჩვენება;
- შსს-სა და სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, წავიდნენ აეროპორტში;
- თანხა მას და ნარცისოვას ჩვენების მიცემის შემდეგ გადასცეს თბილისის აეროპორტში - თუმცა დაპირებულზე ნაკლები, 3000 დოლარი.
მიკულსკის ჩვენების სკრინი, რომელიც ტელევიზიამ გამოაქვეყნა, 2026 წლის 10 აპრილით თარიღდება. ამ ჩვენებიდანვე ირკვევა, რომ რუსეთში ის წარსულში ნასამართლევია „ხულიგნობისა“ და „ქურდობისთვის“.
ასევე ნახეთ
„საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს“ - ფარცხალაძე დუმილს არღვევს, თუმცა ბევრს არაფერს ამბობსრას ამბობს პროკურატურა?
„ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა“, - განაცხადა ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ შაბათს, 25 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„რიტორიკული კითხვა მაქვს ოთარ ფარცხალაძესთან: თუ მართლაც თვლიდა [რომ ცრუ ჩვენება მისცეს მის წინააღმდეგ] და მიმართა რუსეთს, რატომ არ მიმართა საქართველოს“?
27 აპრილს პროკურორმა განაცხადა, რომ ინფორმაცია პროკურატურამაც მედიისგან გაიგო, თუმცა იქ „ერთი პოზიციაც გაჟღერდა და მეორე პოზიციაც“ და „ჩვენთან ოფიციალურად რაიმე ინფორმაცია, მომართვა არ ფიქსირდება“.
კითხვაზე, რატომ არ გამოჰკითხეს ისინი სასამართლოში განხილვების დროს, პროკურორმა თქვა: „სასამართლო პროცესზე ვერ მოხდა მათი დაკითხვა, ვინაიდან ვერ შედგა კონტაქტი“.
მისი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ტელეფონის ნომერი მითითებული, თუმცა როდესაც გამომძიებელი დაუკავშირდა, ვერ გავიდა კონტაქტზე.
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან არავითარი კავშირი პირდაპირი გზით არ გვაქვს“, - თქვა მან, - რის გამოც უწყება მოკლებულია მოწმეებზე მეზობელი სახელმწიფოს რესურსით „გასვლის“ შესაძლებლობას.
თუმცა, მისი თქმით, „მოწმეების ჩვენება ცალკე არ შეფასებულა - შეფასდა ერთობლივად, მტკიცებულებათა ერთობლიობის კონტექსტში“ და, ვეფხვაძის თქმითვე, გამოძიებისთვის „ამოსავალი წერტილი არის მოწმის გამოკითხვის ოქმი“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუკი რუსეთის ფედერაციაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მიკულსკიმ მისცა ცრუ ჩვენება საქართველოს სამართლებრივ სისტემას, როგორ აისახება ეს საქმეზე, პროკურორმა უპასუხა:
„სამართლებრივი თანამშრომლობა რუსეთის სახელმწიფოსთან ჩვენ არ გაგვაჩნია... მე ვარ იურისტი, ვმსჯელობ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. იქ რა მოხდება და როგორ მოხდება, როცა ეს მოხდება, მერე შევაფასებ იმას. ჰიპოთეზურად, რა შეიძლება მოხდეს, წინასწარ ვერ გიპასუხებთ“.
ასევე ნახეთ
„მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია მოპოვებული“ - პროკურორი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის როლზეშესაძლო „ცრუ ჩვენებაზე“ გამოძიება არ დაწყებულა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, - რაც გამოიხატა, მათ შორის, მოწმის მიერ „ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით“ - ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.
- იგივე ქმედება, „ჩადენილი ანგარებით“ ისჯება ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
- ხოლო ცრუ ჩვენება ისეთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში (გამოძიება სწორედ ასეთ დანაშაულს ედავება ფარცხალაძესა და მიქაძეებს) - ისჯება სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
საქართველოს პროკურატურას ამაზე გამოძიება არ დაუწყია.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ უნდა დაიწყონ გამოძიება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა:
„ კი ბატონო, მოგყვებით, ზოგადად, კანონმდებლობის შესაბამისად, ხდება საჯაროდ გავრცელებასთან დაკავშირებით [გამოძიების დაწყება]. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა შევაფასოთ ორივეს „ჩვენება“, რომელიც არის ურთიერთგამომრიცხავი. ჩვენება რა, ამ შემთხვევაში ვიდეომიმართვა, ჩვენებას ვერცერთს ვერ დავარქმევ“, - თქვა მან.
რას ამბობს ნარცისოვა?
„ფორმულის“ მიერ ილია მიკულსკის ჩვენების გასაჯაროებიდან მალევე გამოქვეყნდა მეორე მოწმის, როზა ნარცისოვას ვიდეომიმართვა. ვიდეო ახლად შექმნილმა ფეისბუკ-გვერდმა გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში როზა ნარცისოვა ამბობს, რომ მასა და მიკულსკიზე „ზეწოლა“ იყო რუსეთის სამართალდამცავი უწყებებისგან.
„სულ ცოტა ხნის წინ გაისმა მუქარა, გამომძიებელმა დაგვირეკა და სასწრაფოდ დაგვიბარა განყოფილებაში. „რა მიზეზით“? ვეკითხებოდით. გაირკვა, რომ „ცრუ ჩვენების“ გამო გვიბარებდა რომანოვის წინააღმდეგ, რაც გაგვიკვირდა“, - ამბობს ის.
ნარცისოვა ამბობს, რომ მათ საქართველოში არავინ დამუქრებია და არავის უიძულებია, რაიმე ცრუ ჩვენება მიეცათ და გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ფლობდნენ.
ნარცისოვას თქმითვე, მიკულსკის 20-წლიანი პატიმრობით დაემუქრნენ, თუ არ იტყოდა, რომ ცრუ ჩვენება მისცა.
„როგორც ვხვდები, მას [ფარცხალაძეს] დიდი გავლენა აქვს რუსულ გამოძიებასთანაც და სწორედ ასე მოქმედებს. ვითხოვ შველას“, - თქვა მან.
გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ორივე მათგანს „ცრუ-მოწმე“ უწოდა და განაცხადა:
„მიკულსკის [ახალი] ჩვენება რა თქმა უნდა, სარწმუნოა. რატომ არ უნდა იყოს?! თუკი, ბრალდების მხარისთვის სარწმუნო იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჩვენება, რატომ აღარ არის დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული გამოძიება სარწმუნო“?
ბითაძის თქმითვე, როზა ნარცისოვას პოზიცია „სარწმუნო მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ანონსის შემდეგ ჩაწერა ვიდეო“.
რა თქვა მოსამართლემ?
27 აპრილს ილია მიკულსკის ვიდეო თავის დასკვნით სიტყვაში ახსენა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.
როდესაც ბითაძემ ამ ამბის თხრობა დაიწყო, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ შეაწყვეტინა სიტყვა: მისი პოზიციით, დასკვნით სიტყვაში მხარეებმა მხოლოდ უკვე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა ისაუბრონ, ეს მტკიცებულება კი არ გამოუკვლევიათ.
„თქვენ რომ მიკულსკის იტყვით, ჩვენ ნარცისოვა უნდა შევაფასოთ“, - თქვა ვეფხვაძემ.
საბოლოოდ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მაინც მოუსმინა ადვოკატის პოზიციას ამ საკითხზე, - თუმცა სთხოვა, მოკლედ ეთქვა და გააფრთხილა, რომ ამას გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინებს.
„სასამართლოს შესაფასებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც უდავოდ არის ცნობილი და გამოკვლეულია სხდომათა დარბაზში. რა ითქვა მედიაში, ვის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, სასამართლო ამას ვერ შეაფასებს“, - განაცხადა მოსამართლე ტყეშელაშვილმა.
შემდეგი სხდომა 29 აპრილს 10:30 საათზე დაინიშნა. მხარეები საბოლოო რეპლიკებს წარმოთქვამენ და, სავარაუდოდ, მოსამართლე მიქაძეებისა და ჯოხაძის განაჩენს გამოაცხადებს.