„დამამახსოვრდა გვარი - რომანოვი“: რას ჰყვება ერთ-ერთი მოწმე ჯანგველაძე-ფარცხალაძის სავარაუდო კონფლიქტზე

ფოტომონტაჟი: ლევან ჯანგველაძე და ოთარ ფარცხალაძე

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სანქცირებული ექს-გენპროკურორის, კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ერთ-ერთი ბოლო ჩვენება.

გამოძიება ფარცხალაძეს აგვისტოს შემდეგ ოფიციალურად განიხილავდა საქმის მნიშვნელოვან ფიგურანტად, ოქტომბერში აცხადებდა, რომ „მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია მოპოვებული“, დეკემბრის ბოლოს კი, ჯანგველაძის ორი მეგობრის ჩვენების შემდეგ ფარცხალაძეზე ძებნა გამოაცხადეს.

ჩვენებები ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს, იური მიკულსკისა და როზა ნარცისოვას. ორივეს მონათხრობის თანახმად, ისინი მოკლული ჯანგველაძის ახლო გარემოცვის წევრები იყვნენ.

დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ეს ჩვენებები „ირიბი მტკიცებულებაა“ და არაფერს ადასტურებს მკვლელობის ორგანიზების თაობაზე.

ასევე ნახეთ ფარცხალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მტკიცებულებად რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენება სახელდება

ვინ არის ჯანგველაძის მეგობარი მიკულსკი

42 წლის ილია მიკულსკი 2025 წლის 26 დეკემბერს გამოჰკითხეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში.

მოსკოვში მცხოვრები მიკულსკი ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძესთან „საკმაოდ ახლო ურთიერთობა“ ჰქონდა.

კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის, იგივე „სოხუმსკის“ ძმას იგი ასე ახასიათებს: „მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი როგორც ქართველ მოსახლეობაში, ასევე რუსებშიც და სხვა ეროვნების ადამიანებთანაც“.

„აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, ლევან ჯაგველაძის მკვლელობის შემდეგ მე გადავწყვიტე ჩამოვსულიყავისაქართველოში და ყველა ინფორმაცია რასაც ვფლობდი მის ირგვლივ მომეწოდებინა გამოძიებისთვის“, - ამბობს ის.

ჩვენება მან მკვლელობიდან ცხრა-ნახევარი თვის შემდეგ მისცა. არ დასწრებია თბილისში ჯანგველაძის დაკრძალვას. „იმ დროს ვერ მოვახერხე ჩამოსვლა ჩემი გადატვირთვიულისაქმიანობიდან გამომდინარე“, - ამბობს ჩვენებაში.

„ვინაიდან ჩემთვის ცნობილი იყო ლევან ჯანგველაძის ახლობლებიდან, რომ გამოიძება მიმდინარეობდა … მიზანშეწონილად_ ჩავთვალე, გამოცხადება და ჩემთვის ცნობილი ინფორმაციის მიწოდება“, - ამბობს ის.

ოქმიდან არ ჩანს, რომ გამომძიებელმა ჰკითხა, თუ რის გამო არ მისცა მან ამ ხნის განმავლობაში ჩვენება.

მიკულსკი მეორე დღეს რუსეთში დაბრუნდა. „საქართველოში აღარ დავბრუნდები“, - უთხრა გამომძიებელს.

ასევე ნახეთ 2025 წელი - "ოცნება" ყოფილი ერთგული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ

„დამამახსოვრდა გვარი - რომანოვი“

ილია მიკულსკის მონათხრობი ასეთია:

2025 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში, რესტორან „სევერიანეში“ შეხვდა ლევან ჯანგველაძეს და ფულის სესხება სხთოვა.

„ლევანმა მომცა ფული. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე და მითხრა, რომ ჰქონდა პრობლემები ერთ-ერთ პირთან, რომელიც იყო საქართველოდან. მან მითხრა,რომ აღნიშნულიპიროვნება მართალია იყო საქართველოდან, მაგრამ ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ჰქონდა გავლენები დაიყო ყველაფერზე წამსვლელი“.

„მისგან ელოდებოდა აშკარა სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს“.

„მან ასევე მითხრა ამ პიროვნების სახელიოთარი. მითხრა ქართული გვარიც, თუმცა არ დამამახსოვრდა, მაგრამ დამამახსოვრდა მისი რუსული გვარი - რომანოვი, რადგან ეს არის ძალიან ცნობილი გვარი რუსეთში“.

„ლევანის მკვლელობის შემდეგ როდესაც გაჟღერდა ამ ადამიანის სახელი, მაშინ დავიმახსოვრე მისი ქართული გვარი - ფარცხალაძე“.

„სერიოზული საფრთხე“ და სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვები

ილია მიკულსკის თქმით, მაშინვე დაინტერესდა ამ საკითხით და რესტორანში საუბრისას ჰკითხა, რა ხდებოდა.

„მან მითხრა, რომ სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვების თემებთან დაკავშირებით ჰქონდა დაპირისპირება ოთარ რომანოვთან და მისგან გრძნობდა სერიოზულ საფრთხეს, რადგან ამ ბიზნესში მათი გზები გადაიკვეთა და კარგი ნაცნობებიდან მტრებად იქცნენ“, - ამბობს მიკულსკი გამოკითხვისას.

  • ჯანგველაძის მამიდაშვილმა მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მისმა აწ-გარდაცვლილმა ბიძაშვილმა ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში გაიცნო და „ტელეფონზეც ესაუბრებოდა ხოლმე“.
  • „აფრთხილებდნენ [ფარცხალაძესთან] ახლო ურთიერთობა არ ჰქონოდა“, თუმცა მასთან მაინც ხშირი კომუნიკაცია ჰქონდაო.
  • მან ასევე თქვა, რომ მოსკოვში „ერთ-ერთ სუფრაზე“ ლევან ჯანგველაძეს უთხრეს - თუ ვინ, არ დაუზუსტებია, - „დაანებე ამ ხალხს [ფარცხალაძეს] თავიო“. „შენი დონე არ არისო, ურჩევდნენ. ხომ იცი ვისთან მეგობრობსო [უსოიანები] და რატომ არ ანებებ თავსო“, - თქვა ბერძენიშვილმა.

მიკულსკის მონათხრობის თანახმად, მან ჯანგველაძეს ჰკითხა, მხოლოდ რუსეთში გრძნობდა ამ საფრთხეს თუ საქართველოშიც, - რამეთუ ჯანგველაძე ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში.

„მიპასუხა, რომ საფრთხეს გრძნობდა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, თუმცა საქართველოში ჩასვლის დროს რა უსაფრთხოების ზომებს ღებულობდა, ჩემთვის არ დაუკონკრეტებია“.

„ერთადერთი, რაც მითხრა, [არის ის, რომ] საქართველოში ოთარ რომანოვს ჰყავდა მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ასრულებდნენ მის დავალებებს, გვარად მიქაძეები“, - ამბობს მოწმე.

„აღნიშნული გვარი, მიქაძეები, კიდევ უფრო აღვიდგინე მოგვიანებით, საინფორმაციო საშუალებებში ლევანის მკვლელობის შესახებ ინფორმაციების წაკითხვის შემდეგ. როდესაც გავიგე ლევანის მკვლელობის ამბავი“, - ასეთია მოწმის ჩვენება.

„ირიბი მტკიცებულება“ - ადვოკატი

დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რუსეთის მოქალაქეების ჩვენება კი ირიბი მტკიცებულებაა და არაფერს ადასტურებს მკვლელობის ორგანიზების თაობაზე.

„არ შეიძლება, ბრალი წარუდგინოთ ადამიანს, თუ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება. ამის შემდეგ ირიბი ჩვენება შეიძლება გახდეს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი. საოცარი ამბავი, ირიბი ჩვენებები არის კონფლიქტთან დაკავშირებით და არა [მკვლელობის] შეკვეთასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა 30 დეკემბერს სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს, არანაირი კავშირი არ ჰქონია - ადვოკატი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

„რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები თურმე და განაცხადეს, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ მათ ჰქონდათ ბიზნესდავა. რომელ ბიზნესზეა საუბარი? გამოკვეთილია რაიმე [სიგარეტის ბიზნესი] რომ არსებობდა? მოწმეთა ჩვენებებით მხოლოდ დასტურდება რაღაც კონფლიქტის არსებობა და ეს კონფლიქტი არსებობდა თუ არა საერთოდ, ეს დასადგენია“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

თავის მხრივ, პროკურორი ლევან ვეფხვაძე არ იზიარებს დაცვის მხარის კრიტიკას მტკიცებულებების არარსებობაზე და ამბობს:

„საქმე მოცულობითია, 35 ტომია, ცალკე აღებული მოწმის ჩვენების შეფასება, ექსპერტიზის დასკვნის შეფასება, ასე არ ხდება, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, ჩვენ ერთობლიობაში საკმარის მტკიცებულებებად მივიჩნიეთ, რომ ბრალი წარგვედგინა“.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

„საქმე გახსნილია“

დღეს, 29 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე „სრულად გახსნილია“.

„ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა“, - განაცხად ამან.

„მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს“, - ასეთია გამოძიების ვერსია.

„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძე შსს-მ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა - საქმე გახსნილად გამოაცხადა

გელა უძილაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი

ლევან ჯანგველაძის „კილერობისათვის“ მსჯავრდადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მიქაძეების მეგობრის, გიორგი ჯოხაძის პირად მცველად მუშაობდა სამი წლის განმავლობაში. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო შეკვეთა-ანგარების ვერსია და ის პირადი შურისძიებით ახსნა. მოსამართლემ მას 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

რას ამბობს გამოძიება

გამოძიების ვერსია ასეთია:

  • 2021 წლის დასაწყისში დავით მიქაძემ და მისი დაცვის უფროსმა, დავით ჩუბინიძემ - იცოდნენ რა, რომ დაზარალებული, ვინმე ვახტანგ კობიაშვილი, საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს“;
  • ამ მიზნით დავით ჩუბინიძემ - დავით მიქაძესთან შეთანხმებით - აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, რომ იარაღები თითქოსდა დაუდგენელმა პირმა მოიპარა;
  • შედეგად, მიქაძე და ჩუბინიძე „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER - P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE - DDM4 PDW-ის; NAA - 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს;
  • ამის შემდეგ მიქაძე და ჩუბინიძე შეხვდნენ კობიაშვილს, დაინტერესდნენ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და „კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა“;
  • გამოძიება ასევე ამბობს, რომ მიქაძემ და ჩუბინიძემ ამ იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK - 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, ვინმე „დავით ღოღელიანზე გაასაღეს“;
  • ეს იარაღი, გამოძიების თანახმად, ამოღებულია ღოღელიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
  • დავით ღოღელიანი დააკავეს 19 სექტემბერს - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით; ის წინასწარ პატიმრობაშია.

დავით მიქაძეს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული:

  • ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
  • გარდა ამისა, რამდენიმე თვეში მას ბრალი წაუყენეს ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის „მუქარის“ გამო.
ასევე ნახეთ ბიზნესმენ დავით მიქაძეს მესამე ბრალიც დაუსწრებლად წაუყენეს - ამჯერად საქმე ჯანგველაძის მკვლელობას არ ეხება

ფარცხალაძეს, - თუკი მის დაკავებას მოახერხებენ, - 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე ნახეთ არ ვაკეთებთ კომენტარს - „ფინანსური პოლიცია“ უწყებაში ჯანგველაძე-ფარცხალაძის შეხვედრაზე

მას დაუსწრებლად უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა და მასზე ძებნა გამოაცხადეს.

ოთარ ფარცხალაძე და „კავშირი FSB-სთან“

აშშ-ისა და ბრიტანეთის მთავრობების მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე (ამჟამად - ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი) არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი.

  • ბერა ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძის ახლო მეგობარია.

პროკურორობამდე ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?

2013 წლამდე იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, მანამდე - უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე კი - ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.

პროკურატურაშიც და ფინანსურ პოლიციაშიც მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო, - რომელიც მოგვიანებით თავად მუშაობდა მთავარ პროკურორად, 2024 წლამდე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. უწყების თანახმად, ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობისთვის მოხვდა სიაში. კერძოდ:

  • ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად;
  • ალექსანდრ ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) ოფიცერი.
  • დოკუმენტის თანახმადვე, სავარაუდოდ, სწორედ ონიშჩენკო დაეხმარა ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძეს „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად ჩადის ხოლმე რუსეთში“.

დოკუმენტში წერია, რომ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად იყენებენ“.

ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?

დოკუმენტის თანახმადვე, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

სულ მცირე, 2024 წლიდან ოთარ ფარცხალაძემ გვარში „რომანოვი“ დაიმატა. როგორც მისმა კიდევ ერთმა მეგობარმა, მამუკა ფიფიამ უთხრა მედიას:

„ბატონმა ოთარმა გამოიძია თავისი ფესვები და მიაგნო თავის გვარს. გვარი შეიცვალა... რომანოვების დინასტიიდან ბრძანდება ბატონი ოთარი“.

ასევე ნახეთ ფარცხალაძის მემკვიდრეობა