„ჯარი გავიდა - ძაღლები დარჩნენ“. პრაღა აღნიშნავს საბჭოთა ჯარების გაყვანის 30 წლისთავს

30 წლის წინ, პრაღაში გაიმართა კონცერტი სახელწოდებით Adieu CA, რომელიც ეძღვნებოდა ვარშავის პაქტის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჩეხოსლოვაკიიდან გაყვანის დასრულებას. ამ კონცერტის ორგანიზატორი, მუსიკოსი მიხაელ კოცაბი, საბჭოთა ჯარისკაცებთან გამომშვიდობების სიმბოლოდ იქცა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოაწყო კონცერტი, არამედ იმიტომ, რომ მან მოახერხა ფრენკ ზაპას გამოსვლის ორგანიზება, ფრენკ ზაპამ კი, თავის მხრივ, სცენიდან მოუწოდა საბჭოთა ჯარისკაცებს ეცეკვათ ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეებთან.

წელს გადაწყდა კონცერტის გამეორება. "30 წელი ოკუპანტების გარეშე" ამ სახელწოდებით გამართული კონცერტის სცენაზე კვლავ შეიკრიბებიან ჯგუფ „პრაღის არჩევნის“ წევრები, სოლისტ მიხაელ კოცაბთან ერთად. ასევე გამოვლენ სხვა ჩეხი მუსიკოსები , რომელთა სიმღერების არანჟირება ამერიკელმა კომპოზიტორმა და ჩეხეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა, სტივენ მერკურიომ დაწერა.

საბჭოთა ჯარისკაცები მატარებელზე ტვირთავენ ტანკებს და ამუნიციას

"27 ივნისს, როდესაც გენერალ -პოლკოვნიკი ედუარდ ვორობიოვი თვითმფრინავში ჩაჯდა პრაღის კბელის აეროპორტში, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ კვლავ მივიღეთ სრული თავისუფლება და მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი" - ასე იხსენებს მიხაელ კოცაბი 30 წლის წინანდელ მოვლენებს. კოცაბი იყო ჩეხოსლოვაკიაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მომხრე და ხავერდოვანი რევოლუციის დროს შექმნა ინიციატივა „ხიდი“, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც კომუნისტურ მთავრობასთან, ასევე „სამოქალაქო ფორუმის“ წევრებთან.

საბჭოთა არმიის ბოლო ჯარისკაცმა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია დატოვა 1991 წლის 26 ივნისს, თუმცა შეთანხმება ჯარების გაყვანის შესახებ გაფორმდა რამდენიმე თვით ადრე, 1990 წლის 26 თებერვალს. ჯარები გაჰყავდათ სამ ეტაპად, ვინაიდან საუბარი იყო დაახლოებით 75 ათას ჯარისკაცზე, 40 ათას სამოქალაქო პირსა და ასევე შთამბეჭდავ სამხედრო არსენალზე, რომელიც მოიცავდა ასობით ტანკსა და საარტილერიო დანადგარს, თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს.

ჯარების გასვლის შემდეგ დარჩენილი საბჭოთა ტანკის ქონგურა

შეიარაღებული ძალების ცენტრალური დაჯგუფების შტაბი მდებარეობდა მილოვიცეში - პრაღის გარეუბანში მდებარე პატარა ქალაქში. იქ ჯერაც შეგიძლიათ იპოვოთ მიტოვებული სახლები, კინოთეატრი, საბავშვო ბაღი და სხვა შენობები, რომლებსაც ადრე საბჭოთა სამხედროები იყენებდნენ და, რომლებიც ყოფილი სამხედრო პოლიგონის მახლობლად მდებარეობენ.

საბჭოს ქუჩა საბჭოთა სამხედრო ზონაში. ფოტო: დანა კინდროვა

საბჭოთა ჯარების სამხედრო დაჯგუფება ჩეხოსლოვაკიაში 75 ათას ჯარისკაცს ითვლიდა მათ შორის 1980 -იანი წლების ბოლოსთვის, ჯარების გაყვანის დროს. 1968 წლის აგვისტოში, ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის მომენტში, ჯარისკაცების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ამ რიცხვს. რადიო თავისუფლებამ ადრე გამოაქვეყნა საუბარი საბჭოთა გენერალ ალექსანდრე მაიროვთან, რომელმაც თავის მოგონებებში დაწერა, რომ ჯარების პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 1968 წლის ოქტომბერში გაიყვანეს. ამის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიაში რჩებოდა 115 ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება, რომლის რაოდენობა, ქვეყნის ოკუპაციის 23 წლის განმავლობაში, თანდათან მცირდებოდა.

ჩეხეთში ერთ-ერთი საბჭოთა სამხედრო ბაზის შესასვლელი

"არსებობს ცნობილი პოსტულატი: ვიდრე შეხვალ, დაფიქრდი, როგორ გამოხვიდე. ეს არის ძველების რჩევა", - იხსენებდა ალექსანდრე მაიროვი რადიო თავისუფლებასთან 1988 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. - ჯარების შეყვანისას, ყველასათვის ნათელი იყო, რომ მათი დარჩენის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნებოდა სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე კონკრეტულად ჩეხოსლოვაკიაში.

პოლიტიკური ხელმძღვანელობა და განსაკუთრებით სამხედროები, მათ შორის მინისტრი გრეჩკო, კარგად გრძნობდნენ სიტუაციას. შეხვედრა ლეგნიცაში (1968 წლის 12 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში გაიმართა ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ქვეყნების სარდლების შეხვედრა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება საბჭოთა კონტინგენტის შემცირებისა და საბჭოთა ძალების ცენტრალური დაჯგუფების შექმნის შესახებ. შენიშვნა რთ) გრეჩკომ იმის გამო კი არ გამართა, რომ არ იცოდა, რა უნდა ექნა, არამედ იმისათვის - ამაშია მინისტრის სიბრძნე! - რომ შეეჯერებინა თავისი პოზიცია იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში იმყოფებოდნენ.

Რა გავაკეთოთ? მე შევთავაზე მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში 30 დივიზიონიდან 25 დივიზიის გაყვანა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ პოლიტიკურად: ჩეხოსლოვაკია დარჩა ვარშავის კავშირში. შესაბამისად, რატომ უნდა გვქონდეს ამგვარი ტვირთი ან ჩვენ ან ჩეხოსლოვაკიას, რატომ უნდა გავტენოთ ეს ქვეყანა ჯარით, რომელიც, მთლიანობაში, არასასურველია ჩეხოსლოვაკიელი ხალხისთვის. ყველაზე მეტი დრო მე დავყავი ჩეხოსლოვაკიაში, მქონდა უზარმაზარი ინფორმაცია და მე ვგრძნობდი ნეგატივს, რაც ასახავდა არა მხოლოდ ინტელიგენციის, არამედ ზოგადად ლოიალური და მეგობრული ხალხის განწყობას, მათ შორის სლოვაკებისას, რომლებიც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდნენ ჩვენთან. ამიტომ, აუცილებელი იყო ჯარების გაყვანა, ხოლო ის, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს, განისაზღვრა მთავრობებს შორის 16 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით.

ჯარების გაყვანა დეტალურად დააფიქსირა ჩეხმა ფოტოგრაფმა დანა კინდროვამ, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში, სანამ სამხედროები აგროვებდნენ თავიან ინვენტარს საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად, დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და იღებდა მოვლენის მტკიცებულებებს, იმას, რაც ხდებოდა. დანა კინდროვას თქმით, საბჭოთა ჯარებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი საჯარო ღონისძიებები, სადაც, როგორც ისინი იმედოვნებდნენ, უნდა მისულიყვნენ ისინი, ვინც ცხოვრობდნენ საბჭოთა სამხედროების სამხედრო ბაზების მიმდებარე ქალაქებში. მაგრამ ძალიან ხშირად მხოლოდ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე მოქალაქე თუ მოდიოდა ასეთ ღონისძიებებზე.

ჭაღებით ვაჭრობა საბჭოთა სამხედრო ბაზის შესასვლელში

„როდესაც მარტო ვრჩებოდით, ყოველთვის ვეკითხებოდი ჯარისკაცებს: "გიხარიათ, რომ შინ მიდიხართ?" ერთმა მითხრა: "სულ ერთია, აქ ვიცხოვრებ თუ უკრაინაში - ჩვენ ისე ღარიბულად ვცხოვრობთ, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ." ძალიან სევდიანი ამბავი იყო, - იხსენებდა დანა კინდროვა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფოტოგრაფმა ასევე ისაუბრა სამხედროების მიერ დატოვებული ძაღლების ბედზე, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების ხანგრძლივი ყოფნის ერთგვარ მეტაფორაზე:

„ 50 ძაღლი იყო. საბჭოთა ჯარები წავიდნენ, ძაღლები კი ავტოფარეხში ჩაკეტეს. ამ ძაღლებს საჭმელი არ ჰქონდათ და შიმშილისგან გაცოფდნენ. იძულებული გახდნენ დაეხვრიტათ. ადამიანმა, ვინც ეს ამბავი მომიყვა, მითხრა, რომ ეს ნამდვილი საშინელება იყო.

დაბა კურჟივოდი მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა დატოვეს იქაურობა. საბჭოთა სამხედროებმა კურჟივოდი აქციეს დახურულ სამხედრო ზონად, ადგილობრივი მოსახლეობა გამოასახლეს. რენესანსის სტილის ეკლესია და ციხე დროთა განმავლობაში მთლიანად დაინგრა.