ჯეი დი ვენსი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა - ტრამპი

ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მხარდაჭერა და ახალი შეთანხმებების განვითარებაა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.

„თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“, - დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მისი თქმითვე, აშშ გააძლიერებს:

  • „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან;
  • მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან;
  • ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ჩვენს შეთანხმებებს;
  • აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას“.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის“.

„ეს იყო საზიზღარი ომი, - ერთ-ერთი იმ რვა ომიდან, რომელიც მე დავასრულე, - და ახლა ჩვენ გვაქვს კეთილდღეობა და მშვიდობა“, - დაწერა მან.

ჯერჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. ვენსი 6 თებერვალს მილანში მიემგზავრება, 13 თებერვალს კი მიუნხენში იქნება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში ბოლოს 2008 წლის 3 სექტემბერს იმყოფებოდა - 8 რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ბაქოს შემდეგ თბილისს, შემდეგ კი კიევს ეწვია.

ასევე ნახეთ ახალი დერეფანი და საქართველო - რა თქვეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა

გასულ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დათანხმდნენ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორის აღსადგენად ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მიწვევას.

  • 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
  • ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
  • 13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
  • 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართეს.
ასევე ნახეთ ალიევმა და ტრამპმა დავოსში შეხვედრა გამართეს