Accessibility links

Tbilisi Photo Festival

ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020

I_Residency: დღეს აიკიდე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00

I_Residency (inside, isolation residency) - სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის - თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებულია და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. სარეზიდენციო პროგრამის ფარგელბში შეიქმნა 11 პროექტი. სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

უკვე სამი საათია გაუნძრევლად ზის სავარძელში. შეიძლება ოთხი. პირი გამშრალი აქვს, მაგრამ წყალი სამზარეულოშია და იქამდე ვერ მივა ახლა. მხრებზე სიმძიმე აწევს. გულზეც. თავშიც. ოფლიანი ხელით ხშირ-ხშირად ამოწმებს ტელეფონს - ცხრის ნახევარი, ცხრას თხუთმეტი აკლია, ცხრა. კომენდანტის საათი დაიწყო. მესიჯები არ არის. არც არავის დაურეკავს. ტელევიზორში საინფორმაციო გადის. მაგრამ ტელევიზორამდე ვერ მივა ახლა.

წუხელ ის ხმა ისევ მოვიდა, არადა თითქმის ჩაძინებული იყო. „ადექი, კუთხეში დადექი, შებრუნდი და ისევ დაწექი. ადექი, თორემ გადაგედება და მოკვდები“. მაშინვე ადგა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იდგა საძინებელი ოთახის კუთხეში. ერთი წუთი, შეიძლება ათი. მერე დაწვა და ისევ ხმა: „ყველა მოგიკვდება. მალე. მალე ყველა ერთად მოგიკვდება“. ამ ხმას ბავშვობიდან იცნობს. ერთხელ დაინახა კიდეც - საწოლის წინ, წიგნების თაროების თავზე მსუქანი მოხუცი ქალი იჯდა, უცინოდა და უცნაურად, სწრაფ-სწრაფად აქნევდა მოკლე ხელ-ფეხს. შიშისგან სუნთქვა შეეკრა, ყვირილი უნდოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, თითქოს დამბლა ჰქონდა დაცემული. მერე დაძინების ეშინოდა, დედას ტირილით თხოვდა შუქი არ ჩაექრო, არც თავის ოთახში, არც დიდ ოთახში, არც დერეფანში და არც არსად. მშობლებმა ექიმთან წაიყვანეს. მგრძნობიარე გოგოა, დიდი წარმოსახვა აქვს, მძაფრ შთაბეჭდილებებს და ემოციებს მოარიდეთ და თანდათან გაუვლისო, ასე თქვა. ცოტა მართლა გაუარა - სტუდენტობის პერიოდიდან ხმა იშვიათად აკითხავდა ხოლმე. აი ქმარს რომ შორდებოდა, მაშინ ესმოდა ხშირად - „მახინჯი ხარ. მსუქანი. უინტერესო. დებილი. არავის უყვარხარ“. და ახლაც ესმის, კარანტინში, დაძინება როცა უჭირს ხოლმე.

მარტო ყოფნას მიჩვეულია, ქმარს რაც გაშორდა, მას მერე სულ მარტო ცხოვრობს. არ ეგონა, ასე ძალიან თუ გაუჭირდებოდა ეს „თვითიზოლაცია“. ერთადერთი სამსახურში აღარ ვივლიო, ფიქრობდა - სხვა მხრივ ისედაც სახლში ატარებდა ხოლმე საღამოებს. მაგრამ ეს საღამოები ახლა ძალიან გრძელი და აუტანელი გახდა. სიცარიელის განცდა, რომელიც მძიმეა და მხრებზე და გულზე აწვება ხოლმე, საღამოობით ხდება გაუსაძლისი. „წიგნები უნდა ვიკითხო“ - ეუბნება თავის თავს. „ტანსაცმლის კარადაც დასალაგებელი მაქვს“.

ანკა გუჯაბიძის ფოტო
ანკა გუჯაბიძის ფოტო

იმ ღამითაც ვეღარ დაიძინა. გული ძალიან ჩქარა უცემდა, თან უცნაურად - შრიალით, ყურებში. თვალები დახუჭა და სამზარეულოს მაგიდაზე მიყრილი სამი ცალი სნიკერსი გაახსენდა. საკუთარ თავს დაპირდა, რომ ღამით აღარ შეჭამს. არა, მარტო ღამით კი არა, ხვალიდან საერთოდ ცოტას შეჭამს. მაგრამ ახლა ძალიან შია, ძალიან ცარიელია. სნიკერსებს საცხობიდან გუშინწინ მოტანილი ხაჭაპურის ნაჭერს აყოლებს, ხაჭაპურს ნაყინს. „მორჩა, ხვალიდან მართლა აღარ ვჭამ“ - ფიქრობს, თან სველ და მჟავე ტუჩებს ტუალეტის ქაღალდით იწმენდს და უნიტაზში მოტივტივე ხაჭაპურის ნაგლეჯს უყურებს. სტუდენტობის პერიოდში კვირაში რამდენჯერმე ემართებოდა ასე - სამზარეულოში მარტო იკეტებოდა, სწრაფად იტენიდა პირში ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდა, მერე ტუალეტში გარბოდა, ხმების ჩასახშობად წყალს მოუშვებდა და პირში ორი თითის ჩადებით საჭმელს ამოაღებინებდა ხოლმე. მაშინ გახდომა უნდოდა, ახლობლები სულ მის მრგვალ ლოყებზე ლაპარაკობდნენ. ახლა შედარებით გამხდარია, მაგრამ ღამით ისევ ბევრს ჭამს. „სახე ისევ დამიმრგვალდა“ - სევდით გაიფიქრებს ხოლმე, როცა აბაზანის სარკეში იყურება, ღებინების მერე. „ნუ რა ვქნა. კარანტინში ყველა სუქდება“.

რაც კარანტინი დაიწყო, ღამით ხშირ-ხშირად ეღვიძება და ოფლიანი ხელით ტელეფონს ამოწმებს. ოთხი საათი, ხუთის ნახევარი, ხუთი. ცოტა კიდევ რომ გათენდება, დედას დაურეკავს და წნევის ამბავს გამოკითხავს. დედა ხნიერია, სხვა ქალაქში მარტო ცხოვრობს და ადრიანად იღვიძებს ხოლმე. ხნიერ ადამიანებს ახლა განსაკუთრებით ემუქრებათ საფრთხე და დედა უკვე რამდენიმე კვირაა არ უნახავს. ვერც ნახავს - ქალაქი ჩაკეტილია, ტრანსპორტი არ მოძრაობს. „დედა მოგიკვდება. დედას ვეღარ ნახავ“ - ხშირად ასე ეჩურჩულება ის ხმა, როცა მოდის.

დილით სუპერმარკეტში იყო. ალბათ ამიტომაცაა დღეს ასე დაღლილი. ერთჯერადი ხელთათმანი ეკეთა, ხელი ცოტა უკანკალებდა, უხერხულად ეჭირა საყიდლების სია - „კარტოფილი, ვაშლი, ყავა, წიწიბურა, ზეთი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი“. მაღაზიაში ხალხი იყო, ყველას ნიღბები ეკეთა და ყველა ცდილობდა არ მიახლოებოდა სხვებს. ხალხის დანახვამ დაძაბა, გაოფლიანდა. მწვანე კალათაში სწრაფ-სწრაფად ალაგებდა საყიდლებს. „შოკოლადი დამავიწყდა“ - გაახსენდა უკვე სალაროსთან მისულს, არადა დიდ რიგში იდგა მოლარესთან მისაღწევად. სალაროს თავზე მარსის და სნიკერსის ბრიკეტები ეწყო და უცებ ძლიერი შიმშილი იგრძნო. ჩვევა აქვს, რომ კენტი რიცხვი ყოველთვის უნდა ამჯობინოს ლუწს - „დაცდილი აქვს კარგად“ - და ახლა სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ორი მარსი და ერთი სნიკერსი იყიდოს, თუ ერთი სნიკერსი და ორი მარსი. დრო აღარაა, მის საყიდლებს უკვე მოლარე ითვლის, მის უკან თავის რიგს ბევრი ხალხი ელოდება. ხელში ორ სნიკერსს და ერთ მარსს იღებს, მაგრამ ეს დაწყვილებული სნიკერსის ბრიკეტები დისკომფორტს უქმნის. ერთ სნიკერსს კიდევ ამატებს, მაგრამ ახლა მარსიანად ოთხი ბრიკეტი უჭირავს ხელში. „ცოტა სწრაფად, თუ შეიძლება“ – პირბადიდან გამოსცრის ვიღაც რიგში მდგომი. „სამ-სამს ავიღებ“, უცებ გაუელვებს თავში და უცებვე იაზრებს, რომ მაშინ ერთად ექვსი ბრიკეტი გამოუვა, ექვსიანი კი ცუდი ციფრია, არ უყვარს. ოფლი ასხამს. სწრაფად აბრუნებს მარსს და მოლარის წინ სამ ცალ სნიკერსს ყრის, ცდილობს აღარც გახედოს რკინის მომცრო თაროს, რომელზეც მარსის ბრიკეტები აწყვია მეჩხერად. ხასიათი უფუჭდება. იცის, რომ ამაზე ფიქრი სისულელეა, რომ მარსის და სნიკერსის რაოდენობა არ შეიძლება რამის - კარგის ან ცუდის - მომასწავებელი იყოს. „ნევროზია“ - ეუბნება საკუთარ თავს. „ნევროზია, და უნდამივხედო“. მაგრამ დისკომფორტის განცდა არ ტოვებს. მთელი ზურგი სველი აქვს ოფლით.

მაღაზიიდან სახლამდე ფეხით მიდის. ახსენდება, რომ დღეს არავის დალაპარაკებია. მგონი არც გუშინ. საკუთარ თავს ეუბნება, რომ სახლში როგორც კი მივა, ჯერ დედას დაურეკავს და წნევის ამბავს გამოკითხავს, მერე ერთადერთ, ბავშვობის მეგობარს, რომლის ქმარიც ბევრს სვამს და კარანტინის დროს ნერვები ისე გაფუჭებია, ბავშვისთვისაც დაურტყამს ხელი. სამი დღის წინ ორმა თანამშრომელმა დაურეკა, ჯგუფური ზარით - სავარძელში იჯდა, როცა უცებ ვოტსაპის ზარი აწკრიალდა. ტელეფონის კამერაში უშნოდ ჩანდა, თმა დასაბანი ქონდა და სახეზეც შესიებული იყო. თან თავი ტკიოდა და ისევ იმ სიმძიმეს გრძნობდა - ზურგზე, მხრებზე, გულში. ამ ყველაფრის გამო დაიძაბა, ლაპარაკში ვერ ჩაერთო, ერთ მომენტში მგონი უადგილოდ გაეცინა - უხეშად, ხმამაღლა. მაშინ, როცა ერთ-ერთი ქალი თავის დედამთილზე ყვებოდა, ისეთი ნევროზი აქვს, ოთახიდან არ გამოდის და საჭმელს რომ ვაწვდით, ჭურჭელს სანიტაიზერს უსვამსო. „არ უნდა გამცინებოდა“ - გაიფიქრა მაშინვე. „უხერხული იყო. რას იფიქრებენ“.

პირველ დღეებში, როცა სამსახური ჯერ კიდევ ჰქონდა და ყველანი „ონლაინ“ მუშაობდნენ, თვითიზოლაცია უფრო ადვილი იყო. რაღაც ახალი რუტინული რიტმიც ჩამოუყალიბდა - ღამის მაისურზე პირდაპირ გადაიცვამდა ხოლმე ჯემპრს, შელახულ ლეპტოპს ხსნიდა და „ზუმით“ ელაპარაკებოდა კოლეგებს, ძირითადად სასტუმროს მენეჯერს. მერე უფროსის წერილი მიიღეს - რომ მუშაობას აჩერებენ, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა დროებით უწყდებათ და ყველა უხელფასო შვებულებაში გადის. „მოგეხსენებათ, შექმნილი ვითარების გამო ყველაზე დიდი, ტარგეტირებული და პროლონგირებული ზიანი ტურისტულმა სექტორმა მიიღო მსოფლიოში. ეს გლობალური ტრენდი ჩვენი სასტუმროების ქსელსაც შეეხო. სტაფის კეთილდღეობა და ბენეფიტები ჩვენთვის პრიორიტეტულია და ვეცდებით რიზონულ დროში მოვახდინოთ რისკების ელიმინირება და სამომავლო ნაბიჯების კომუნიცირება. ბეიჯების დაბრუნება ჯერჯერობით არ არის საჭირო. გმადლობთ თანამშრომლობისთვის“ - იწერებოდა დირექტორი. ეს წერილი არ გაკვირვებია, თუმცა იმ დღიდან კიდევ უფრო მოემატა შფოთი. მას შემდეგ დღეში რამდენჯერმე ამოწმებს ფულს ანგარიშზე. „ორი თვე ალბათ მეყოფა. ორ თვეში იქნებ საზღვრებიც გაიხსნას“.

ამ საღამოს მართლა ძალიან დაღლილია. და დამძიმებული. დაღლილი იმითაც, რომ ეს ბოლო ხანებია სულ დაღლილია და დამძიმებული და სულ თავის თავზე ფიქრობს, სულ იცის რას გრძნობს - სევდიანია, შეშფოთებული, დაბნეული, თუ გაბრაზებული. იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი კარანტინის ბრალია. ყველაფერი გაუვლის, როცა კარანტინი დამთავრდება. ტელეფონზე საათს ამოწმებს - ცხრა, ათის თხუთმეტი წუთი, ათის ნახევარი. პირი გამშრალი აქვს, ოფლი ასხამს და თითქოს ყელშიც ფხაჭნის რაღაც. ახსენდება, რომ დღეს, სუპერმარკეტში, ხალხში იყო. იმედია სიცხე არ აუწევს ახლა. იმედია ვინმესგან არ გადაედო.

„მალე მოკვდები. დღეს აიკიდე“ - ისევ ბრუნდება ხმა. „ყუთით დაგმარხავენ და მომკითხავიც არავინ გეყოლება“.

I_Residency: გაურკვეველი მომავლის მუდმივი მოლოდინი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

I_Residency (inside, isolation residency) - სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის - თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებულია და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. სარეზიდენციო პროგრამის ფარგელბში შეიქმნა 11 პროექტი. სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

სულის დრესირების მეთოდი იზოლაციაში

ჩემი უფროსი და სკოლაში ინგლისურენოვანი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებოდა. ვიცოდი, ფერიას როლი რომ ჰქონდა. მიხაროდა. პრემიერაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი და ფერიაა, მაგრამ თურმე მხოლოდ იმ სცენაში ჩნდება, სადაც ფერიას ბოროტი ჯადოქარი მოხუცად გადააქცევს. ჩემი და მხრებში მოხრილი, ტილოს დახეული კაბით გამოვიდა სცენაზე და არტისტულად მოკუზულმა, პირობით ტყეში ძირს დაყრილი ფიჩხები შეაგროვა. შემდეგ კონკიას გამოელაპარაკა: Oh, You are so kind... კიდევ რამდენიმე ფრაზა თქვა, რომელსაც ვერ ვიხსენებ და კულისებისკენ წავიდა. ცრემლი მომადგა მაშინ. ახლა კი, სამზარეულოში მდგომი, შორიდან რომ გავყურებ საკიდებზე სიმეტრიულად დაწყობილ ჩემს ტანსაცმელს, სხვადასხვა ზომის ჩანთებს და ქამრებს, მგონია, რომ ახლაც მოვტყუვდი, მეც სხვა როლი შემრჩა.

კარანტინში ყველანი ერთად ვიყავით, ცოცხლებიც და მკვდრებიც. ისეთი დამაჯერებელი იყო ბავშვობის სცენები. ყველამ ისე შესანიშნავად ვითამაშეთ. ამ თამაშის დასრულება არავის უნდოდა.

ბავშვობაში, იმ საბჭოურ ხმაურიან სალარო აპარატზე ვოცნებობდი, მაღაზიებში რომ იდგა. ქვედა უჯრა მოულოდნელად გამოვარდებოდა ხოლმე და დანაყოფებში კოხტად ჩაწყობილი მანეთის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები მოჩანდა.

სოჭში ხშირად ვისვენებდით. სწორედ იქაურ მაღაზიებში ვაშტერდებოდი მოლარეებს, თამამად რომ ატყაპუნებდნენ თითებს იმ ჯადოსნურ ღილაკებზე. თან პირს ჩუმად ამოძრავებდნენ და არ ვიცი რატომ, მე ყველა ჯერზე ერთი და იგივე მესმოდა: „ვოსემ, ტრი... ვოსემ, ტრი", რასაც უჯრის გამოვარდნის ხმა ემატებოდა. ამიტომ, იმ ჯადოსნურ ყუთს ბოლოს ასე დავარქვი: „ვოსემ, ტრი, თხითხითხი". მოკლედ, ეს უინტელექტო, უშნო, მაგრამ ჩემთვის სრულიად იდუმალი აპარატი ოცნებად მექცა. მამაჩემი მპირდებოდა, რომ მისი მეგობარი, თბილისის უნივერმაღის დირექტორი, ასეთ აპარტს მალე ჩამოწერდა და მომიტანდა. ჩამოწერა – ეს სიტყვა პირველად მაშინ გავიგე.

არა და არ ჩამოიწერა.

გავიდა დრო. ერთ დღესაც მამაჩემმა რაღაც დიდი ნივთი მოიტანა შინ. გული ამიჩქარდა, მოხსნეს შალითა, მამაჩემმა თქვა, – ვერსად ვიშოვე ის აპარატი და საბეჭდი მანქანა მოგიტანე, ჰგავს კიდეც და თან რასაც გინდა იმას დაწერო.

ამერიკაში, წარმატებული მწერალი ამ ამბავს გამოიყენებდა კითხვაზე – „როგორ დაიწყეთ წერა“? – ეფექტური პასუხისთვის, მაგრამ ჩვენთან სისულელე იქნება ამის თქმა და თან ამ მიზეზითაც არ დამიწყია წერა.

ავეჯს თითქმის ყოველ დღე ვუცვლი ადგილს. ამ კლაუსტორფობიულ მოცემულობას, ამ უძრაობას, ყოველდღიური ცვლილებით ვებრძვი.

პორნოს რატომ არ უყურებ? – მეკითხება უფროსი, 11 წლის შვილი. ცოლად გამომყევი, ხო ამბობ, მიყვარხარო, – მეუბნება უმცროსი, 6 წლის ტყუპისცალი. ყველა ოთახიდან მეძახიან ბავშვები. აზუსტებენ, ეიფელის კოშკი უფრო მაღალია თუ ანძა, ანიმაციაში ხომ მხოლოდ ოპერატორები არიან ნამდვილები.

უცებ შიში მიპყრობს – ორსულად ხომ არ ვარ. არ მინდა მეოთხე შვილი. მერე მახსენდება, რომ ჩემი მეგობრები შვილებზე ოცნებობენ. ჩემს თავზე ვბრაზდები.

გამუდმებით ვფიქრობ იმ ქალებზე, ვინც კარანტინმა ყავლაშვილის პროექტის ბინებში, მოძალადე ქმრებთან ერთად გამოკეტა.

კიდევ იმ ქალებზე ვფიქრობ, რომელთა უმრავლესობას ეუბნებიან, რომ უკვე 50 წლის არიან. არადა, ჯერ 50 წლის არიან.

დიასახლისობა და პროფესიული საქმე ერთმანეთს ახრჩობს. ჭურჭელს ვრეცხავ და მოგონებებს დამამშვიდებელი აბებივით ვიყრი პირში. ყველაზე ბურჟუაზიულ, ყველაზე გამომწვევ მოგონებებს ვექაჩები. სტოკჰოლმი, ნობელის მუზეუმი მახსენდება – ჩერჩილის ფერწერა ჰქონდათ გამოფენილი. მახსენდება ორჰან ფამუქი, ნობელის ლექციის დაწყების წინ, სამაჯურიდან საათი მოიხსნა და ჭიქიდან წყალი მოსვა.

ლაჟვარდოვანი სანაპიროს მთელი ზოლი მიდგება თვალწინ. ცივი ღვინო და მზით გამომშრალ კანზე შეზელილი ვანილის ტანის კარაქი.

მტვერსასრუტი ჩავრთე და ვითომ თვითმფრინავში ვარ. მარტო. ეს მარტოობა კვებავს სულს. საშინელ მყუდროებას მანიჭებს ჩემს პატარა ჩანთაში ჩატეული ყველა ნივთის დანახვა. დაშვებას რომ იწყებს თვითმფრინავი, მე სახის სველ საწმენდს ვიღებ, ნაკვთებს ყურადღებით ვიწმინდავ. შემდეგ, ლოსიონით იმავე მოძრაობას ვაკეთებ. დამატენიანებელს ვისვამ. პომადას ვიმატებ და მზის სათვალეს ვიკეთებ. ველოდები იმ წამს, როდესაც სხვა ქვეყნის მიწაზე პირველ ღერ სიგარეტს მოვუკიდებ. ასეც ხდება. დიდად არ მსიამოვნებს თამბაქოს გემო, მაგრამ მჭირდება.

ჯერ არ ვიცი რას ვნახავ ნიუ იორკში. ტელეფონს რომ დავკარგავ მეტროპოლიტენ მუზეუმში. შემდეგ აღმოჩნდება, რომ მომპარეს და ქურდს შეტყობინებას დავუტოვებ.

ეს მოგზაურობა მიყვარს: ვარშავიდან ვენაში რომ ჩავფრინდი, შემდეგ ჩეხეთში, ბრნოში მიმავალ ავტობუსში ბოლო თავისუფალი ადგილი დავიკავე და მეორე დღეს ოსტრავაში, აბსენტ ბარში აღმოვჩნდი შესანიშნავ ჩეხებთან ერთად. ჩეხი გოგონები ხელჩანთაში უცნაურ ნივთებს ინახავენ. უფრო მოულოდნელს, ვიდრე უცნაურს. აბსენტ ბარში, თარჯიმანმა კლარამ ჩანთიდან რძის ბოთლი ამოიღო და ჭიქაში დაასხა. ამასობაში, იმავე მაგიდაზე ჩამოდგმული იდუმალი დანადგარიდან, ნატეხი შაქრის გავლით, ჩემს ჭიქაში აბსენტი წვეთავდა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ მოგზაურობა დროს აჩერებს. რადგან სხვაგან ერთ დღეში ძალიან ბევრი რამ ხდება. ზოგჯერ, შეუძლებელიც კია ამდენი ამბავი 24 საათში ჩაეტიოს. ცხოვრებას თითქოს დროს პარავ და ამ ნაქურდალის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობ.

კექსს ვაცხობ. ბებიაჩემმა თინა დემეტრაძემ ათობით წელი გაატარა სამზარეულოში, და სამზარეულო აქცია ბრძოლის მეთოდად. ეს იყო მისი მთავარი და მყარი მოედანი. მე ორი თვეც ვერ გავძელი. და თუ გავძელი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მკვდრები მეხმარებოდნენ. ვისაც როგორც შეეძლო. ზოგი ამ მძიმეწონიანი მოგონებების ამოთრევაში მეხმარებოდა, ზოგიც ინგრედიენტებს მითითებდა, რითაც დრესინგს ვამზადებდი. დრესინგს გადარჩენისთვის. მოწყენილობამ ისევე შეიძლება მოკლას ადამიანი, როგორც ვირუსმა და ქმარმა.

ეზოში ვარდებმა იფეთქა. მართალია, ეს იზო ბებიას დარგული ყვავილებია, მაგრამ მე ერიკ რომერის ვარდებს ვეძახი. მის ფილმებში ჩნდებიან ასეთი ფერის ვარდები.

მაკარონს მხიარულად ვხარშავ, რადგან მოვასწარი ტექსტის მომზადება – როგორია სამყაროს მხატვრულად დაუფლების ცდა? ესა თუ ის ტექსტი, ზოგან ამღვრეული, ზოგან აუმღვრეველი სახით შენარჩუნებული, თავისებური რუდიმენტებით წარმოდგება ხოლმე. ზოგან ნაწილები თანაზომიერად არცაა განლაგებული, ვიღაცის მხატვრული ამოცანა ამოუხსნელიც რჩება.

დღე 57-ე.

6 კილოგრამი დავიკელი. თმა შევიჭერი. მილენა პედიკურისთვის სახლში მოვიყვანე. თავიდან მოვაყოლე ომის დროს აფხაზეთიდან გამოვლილი გზის ამბავი. იმ ცნობილი გემით... დაიწყო. მერე ის ძაღლი ვერ აიყვანე? – ვეხუმრები. ვიცინით.

ცხოვრებამ ჩვეულ კალაპოტში გადასვლა დაიწყო, ყველანი ავირიეთ, ცოცხლებიც და მკვდრებიც. თითქოს ყველას თავისი უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა.

დაუმშვიდობებლად დავიშალეთ.

დაღამდა.

ბავშვებს ვაძინებ.

დაიძინეს.

სიჩუმეა.

სიჩუმეა მთელ ქალაქში.

(ფანჯარაში ვიყურები)

რა არის ეს, თითქოს რაღაცამ ჩაიფრინა? კაჭკაჭია თუ რამე სხვა ჩიტი?

(მხარზე მკოცნის და ფანჯარაში იყურება)

კაჭკაჭია.

2020 / ივნისი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG