Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირისპირდებიან და რას ითხოვენ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების ახალგაზრდა წარმომადგენლები


3 თებერვალს "ახალი მემარჯვენეების" ოფისში მომხდარი ინციდენტის ირგვლივ ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც იმსჯელეს.

მათ შეკრებასაც "ახალმა მემარჯვენეებმა " უმასპინძლეს. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს ქვეყანაში არსებული პრობლემები ცივილური მეთოდებით გადაჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვით დაემუქრნენ. კონკრეტულად რას უპირისპირდებიან და რას ითხოვენ ისინი?

11 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები გარკვეული საკითხების ირგვლივ გაერთიანებაზე თანხმდებიან. ახალგაზრდა მემარჯვენეები, დემოკრატები, ნაციონალური მოძრაობის, ტრადიციონალისტების, აღორძინების, მრეწველების, ლეიბორისტების და სხვა პოლიტიკური ძალების უმცროსი თაობის წარმომადგენლები იწყებენ მოძრაობას, რათა საკუთარ ლიდერებსაც დაანახვონ რამდენად შესწევთ უნარი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა საქვეყნო პრობლემები დააყენონ და ხელისუფლებას საერთო მოთხოვნები გაერთიანებული ძალებით წაუყენონ. ამ იდეის განხორციელება ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს "ახალი მემარჯვენეების" ოფისზე თავდასხმამ უბიძგა. 6 თებერვალს ისინი სწორედ "ახლების" ოფისში შეიკრიბნენ.

[ტრადიციონალისტების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის ხმა] "ჩვენ რომ ადრე შევკრებილიყავით და არ დავშლილიყავით მაშინ, როცა გიორგი სანაიას მოკვლის შემდეგ შევიკრიბეთ, არ მივიღებდით იმას, რაც გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოში მივიღეთ. ჩვენ ყველანი შეთანხმებულები ვართ, რომ საარჩევნო კანონი არის დრაკონული და ის ხელისუფლებას სრულ კარტბლანშს აძლევს ხელისუფლებაში დასარჩენად. შეთანხმებულები ვართ, რომ ასეთი ხელისუფლების ხელში საქართველოს მომავალი არ უწერია."

ეს ახალგაზრდა ტრადიციონალისტების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ის ფიქრობს, რომ გარკვეული საკითხების ირგვლივ ახალგაზრდების გაერთიანებას, ბევრი რამის შეცვლა თუ არა, რაღაც-რაღაცების თავიდან აცილება მაინც შეუძლია. მაგრამ რა არის ის საკითხები, რომლებიც ახალგაზრდულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს აღელვებთ? პირველი - ისევ და ისევ, დაქსაქსულობა და გაერთიანების პრობლემა. ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ გარკვეული კონკრეტული საკითხების გარშემო გაერთიანება აუცილებელია. როგორც მათ შეკრებაზე ითქვა:

[ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის ხმა] "დღევანდელი ხელისუფლება განიცდის პოლიტიკურ დეგრადაციას. გადარჩენის გზა არის ახალგაზრდობის, რომელსაც ახალგაზრდა პოლიტიკური ორგანიზაციებიც წარმოვადგენთ, გაერთიანება, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული საკითხების გარშემო."

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს. მოხდა შეთანხება, რომ საწყის ეტაპზე გააქტიურება დრაკონული საარჩევნო კანონმდებლობისა და პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ არის საჭირო. "აღორძინების" წარმომადგენლის მხრიდან იყო მცდელობა გაერთიანების მოტივად პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დასახელებულიყო, მაგრამ მას აუხსნეს, რომ ამ მოთხოვნით გააქტიურება ამ ეტაპზე სულ სხვა მიმართულებით წასვლის ტოლფასი იქნება. დღევანდელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის უმცროსი თაობის წარმომადგენლები ბევრზე არაფერზე, მაგრამ ერთობლივი განცხადების მიღებაზე კი შეთანხმდენენ. მასში ნათქვამია: " ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, წინ აღვუდგებით საქართველოს პოლიტიკის კრიმინალიზაციის მცდელობას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს თავის მიერვე შექმნილი რთული ვითარების ცივილური მეთოდებით მოგვარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას, გაფიცვების, დემონსტრაციების, მანიფესტაციებისა და სახალხო დაუმორჩილებლობის ჩათვლით. "განცხადებას ხელს 11 ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს. ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაციების გააქტიურება ჯერჯერობით ამ ზოგადზე ზოგადი განცხადების მიღებით ამოიწურება. "ახალი მემერჯვენეების" ოფისში გამართული შეკრების არსი იქ მისულმა ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი ჩხიკვაძემ ასე განმარტა:

[გიორგი ჩხიკვაძის ხმა] "იმიტომ მოვედით, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ახალი მემარჯვენეებისთვის. ვის მიერაც უნდა ყოფილიყო დაგეგმილი ის, რაც აქ მოხდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო ვანდალური აქტი. ჩვენი მოთხოვნაა - ხელისუფლება კონსტრუქციული მეთოდებით შეეცადოს სიტუაციის გამოსწორებას."

ახალგაზრდები არ აკონკრეტებენ, სახელდობრ, რა კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ ხელისუფლებას. არ მოსწონთ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის იდეა; ფიქრობენ, რომ მისი განხორციელება უკან, წარსულისკენ ნაბიჯის გადადმა იქნება და არც იმის სჯერათ, რომ, ვთქვათ, "ახალი მემარჯვენეების" ოფისზე თავდასხმის საქმე სამართალდამცავების მიერ ობიექტურად იქნება გამოძიებული. მოკლედ, მათ ამ ხელისუფლების არ სჯერათ. თუმცა, საწყის ეტაპზე, ვერც თვითონ ავლენენ მზაობას იმისათვის, რომ ერთმანეთს გაერთიანების უფრო კონკრეტული იდეები შესთავაზონ. მაგრამ 6 თებერვლის შეკრება, როგორც იქ ითქვა, გაერთიანების მცდელობის დასაწყისი იყო. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება შემდგომ.
XS
SM
MD
LG