Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო სარეზერვო სამსახური კანონსა და რეალობას შორის


ქართველი რეზერვისტები გორის ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის 9 აგვისტო.
ქართველი რეზერვისტები გორის ცენტრალურ მოედანზე, 2008 წლის 9 აგვისტო.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო მშენებლობის გეგმებში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები შეეხო რეზერვისტების შეკრების პროგრამას, რომელიც თითქმის ერთი წელია, რაც შეჩერებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ აპირებს ააღორძინოს სარეზერვო სამსახური და ახლებური წესით მოახდინოს რეზერვისტთა გადამზადება. სამხედრო ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ, უარი თქვას მრავალრიცხოვან რეზერვზე და ყურადღება მომზადების ხარისხზე გადაიტანოს.

სამხედრო რეზერვში წასვლა და 18 დღის განმავლობაში ჯარისკაცული ცხოვრებით ცხოვრება საქართველოში ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული იყო. 2006 წლის აგვისტოში საკუთარი შვებულების ნახევარი რეზერვისტთა ბანაკში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გაატარა და ამით ხაზი გაუსვა რეზერვის სამსახურის მნიშვნელობას. თუმცა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვითარება შეიცვალა. რეზერვისტთა მრავალათასიანმა კონტინგენტმა, უხეირო ორგანიზაციისა და მართვის გამო, დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. რეზერვისტები არაორგანიზებულად გამოვიდნენ ბრძოლის ველიდან და ზოგი იარაღით, ზოგიც უიარაღოდ დაბრუნდა თბილისში.

რადიო თავისუფლების არქივში ინახება აუდიოჩანაწერი რომელიც შარშან, 10 აგვისტოსაა გაკეთებული ვაზიანის სამხედრო ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, სადაც გორიდან დაბრუნებული რეზერვისტები იარაღს მასობრივად აბარებდნენ უკან და თან ჰყვებოდნენ იმ არაორგანიზებულობასა და ქაოსზე, რაც საკუთარი თვალით ნახეს ბრძოლის ველზე გატარებული დღე-ნახევრის განმავლობაში: „რეზერვისტი ვარ. ჩავედი არცევში, ოსური სოფელი არის. გახიზნულები იყვნენ ოსები, რომლებიც იმ ღამეს, გაგვიმართლა და, არ ჩამოვიდნენ. ვეკითხები ავტობუსში, ვინც იყო ჩემთან ერთად, - წოდება არც ვიცოდი მისი, ვიცოდი, რომ ბრძანებებს იძლეოდა,- ტიპს ვეუბნები, აი, სერჟანტი ხო ხარ შენ, მითხარი რა დანიშნულება გვაქვს, ჩვენ რა გვევალება. არ ვიცი, ძმაო, მოვლენ და გვეტყვიანო.“

მაგრამ სულ ერთი დღით ადრე, 2008 წლის 8-9 აგვისტოს, გორის ქუჩებში ნახავდით სხვანაირ რეზერვისტებს. ახალგაზრდა ჭაბუკები პატრიოტულად იყვნენ განწყობილნი და მზად იყვნენ, დახმარებოდნენ რეგულარულ ნაწილებს და დაეცვათ სამშობლო. აი, რა მითხრა მაშინ რიგითმა რევაზ ბარიშვილმა 112-ე ბატალიონის მეოთხე ასეულიდან: „იმ დღეს ვმუშაობდი დილით, სამსახურში ვიყავი, და რომ გავიგე, გაწვევააო, გამოვვარდი და მოვედი აქ. შემართება არის ძალიან, ძალიან მაგარი. ვართ სამშობლოს სიყვარულით და სულისკვეთებით, კაცურად, ლამაზად და, როგორც შეეფერება ქართულ არმიას, ისე.”

პატრიოტული შემართება ამ ახალგაზრდებში, ალბათ, არ გამქრალა, თუმცა სარეზერვო სამსახურში მათ აღარავინ უხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მასობრივი რეზერვის მომზადების თაოსანი იყო, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეზერვისტთა მომზადების დონეს „კატასტროფული“ უწოდა და 18-დღიანი შეკრებები გააუქმა. პარალელურად თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაიწყო სარეზერვო სამსახურის კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ რატი მაისურაძეს უჭირს იმის თქმა, თუ რა სტადიაშია ახალი პროექტი. უფრო სწორად, ის გვეუბნება, რომ პროექტი „დამუშავების პროცესშია“.

რეზერვის მომზადების კანონში ცვლილებებზე მუშაობა რომ მიმდინარეობს, ეს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინაციის სამსახურშიც დაგვიდასტურეს. ამ დეპარტამენტის უფროსმა გოჩა ხარშილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, სახეცვლილი კანონის თანახმად, რეზერვისტთა შეკრება მალე გამოცხადდება.

ირაკლი სესიაშვილი
ინფორმაციას რეზერვისტთა მომზადების ახალ წესზე გადასვლის თაობაზე ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროშიც, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა არსებით ცვლილებას გულისხმობს ახალი პროექტი. სამაგიეროდ, სარეზერვო გაწვევაში წარმოშობილ ასეთ პაუზას დაუშვებლად მიიჩნევენ სამხედრო ექსპერტები და ხელისუფლებას ურჩევენ, აქცენტი გააკეთოს არა რეზერვისტთა რაოდენობაზე, არამედ მომზადების ხარისხზე. სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის თქმით, ოკუპაციის პირობებში მყოფ ქვეყანას, პირველ ყოვლისა, აქტიური რეზერვის გადამზადება სჭირდება. მისი აზრით სარეზერვო სამსახური პირველ რიგში იმ პირებს უნდა შესთავაზონ, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური. „მათ გარკვეული დაინტერესება ექნებათ, რადგან ეს არ იქნება მუდმივი სამუშაო, თუმცა ის, ნაწილობრივ, ანაზღაურებადი იქნება”, ამბობს სესიაშვილი.

სარეზერვო სამსახურის შესახებ არსებული კანონის თანახმად, სარეზერვო შეკრება 18 დღეს გრძელდება და შეკრებაზე ყოფნის დროს მოქალაქე არავითარ ანაზღაურებას არ იღებს. ამიტომ პირველი გაწვევების დროს ხელისუფლებამ აქცენტი ისეთ ფენაზე გააკეთა, რომელსაც ანაზღაურების პრეტენზია არც ჰქონდა. რეზერვისტების ფორმა საქართველოში პირველად ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულ პირებსა და სტუდენტებს ჩააცვეს. ამასთან, მოტივაცია რომ გაეძლიერებინა, ხელისუფლება შეჰპირდა სტუდენტებს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაათავისუფლებდა მათ, ვინც სწავლის პერიოდში სამჯერ გაივლიდა სარეზერვო შეკრებას. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ის ენთუზიაზმი და პატრიოტზმი, რაც რეზერვისტებში ჯერ კიდევ არსებობს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არიან ყოფილი რეზერვისტები, ვისაც სურს, კვლავაც აქტიურად იყოს ჩაბმული სარეზერვო სამსახურში. ეს არის მათი მოწოდება, რაც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოსო, დასძენს სესიაშვილი.

როგორ აპირებს ამ მოწოდების გამოყენებას სახელმწიფო, ძნელი სათქმელია. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი, რომელიც სარეზერვო შეკრების ორგანიზებას უნდა ხელმძღვანელობდეს, თავად არის დაუსრულებელი რეორგანიზაციის სტადიაში და იქ გასულ კვირაში უკვე მესამედ შეიცვალა ხელმძღვანელობა აგვისტოს ომის შემდეგ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ არსოშვილი, რომელსაც უმაღლესი სამხედრო განათლება არა აქვს. ამასთან, არავინ იცის, აქვს თუ არა ქვეყანას თანხები რეზერვისტთა ბატალიონების დასაკომპლექტებლად. სამხედრო ექსპერტების გათვლით, სახელმწიფო ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს ხარჯავდა სარეზერვო სამხედრო შეკრებებზე. 2005-2008 წლებში საქართველოში სარეზერვო შეკრება 20 ათასამდე მოქალაქემ გაიარა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG