Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებადის, მაკკეინისა და ჰაველის მოსაზრებები ირანში მიმდინარე მოვლენებზე


საპროტესტო გამოსვლები თეირანში
საპროტესტო გამოსვლები თეირანში
ირანში მიმდინარე მოვლენებს ფართო გამოხმაურება ახლავს მთელს მსოფლიოში, გამოთქვამენ შეფასებებს როგორც არჩევნებისა და საპროტესტო აქციების, ისე მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ. ცნობილ მოღვაწეთა შორის, რომელთაც ჩვენმა რადიომ ირანში შექმნილი ვითარების შეფასება სთხოვა, არიან ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი.

ორივე, როგორც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუებში გაირკვა, გულდასმით აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ ყურადღებას თავდაპირველად მივაპყრობთ ცნობილ ირანელ მოღვაწეს, ადამიანის უფლებების დაცვით სახელგანთქმულ იურისტს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ შირინ ებადის, რომელიც ბუნებრივია, განსაკუთრებით კარგად ერკვევა ვითარებაში. სწორედ მან განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების კრიტიკით დაიწყო, რომ ძალადობით უკმაყოფილებას სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს.

შირინ ებადი
ებადის თქმით, პროტესტზე რეაგირებისას ირანის ხელისუფლებამ იმდენად დიდი ძალა გამოიყენა, რომ ამით ბევრი აღაშფოთა, კრიტიკა გამოთქვეს პარლამენტის წევრებმაც. “პროტესტი გამოხატა ზოგმა პროფესორმაც და იმედი მაქვს, ვითარება განვითარდება ისეთი მიმართულებით, რომ ანგარიშს გაუწევენ ხალხის მოთხოვნებს”, აცხადებს შირინ ებადი. საერთოდ, ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, ირანელმა იურისტმა რამდენჯერმე გამოთქვა იმედი... კონკრეტული პროგნოზის გაკეთებას ის თავს არიდებდა, არ უპასუხია არც შეკითხვაზე “შეიძლება ჩატარებულ არჩევნებს არჩევნები ეწოდოსო?”

მეორე მხრივ, ებადიმ არაორაზროვანი პასუხი გასცა შეკითხვას - საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას ემხრობა, თუ მისაღებად მიაჩნია წინადადება, რომელიც საარჩევნო ბიულეტენების ნაწილის ხელახლა დათვლას ითვალისწინებს: მას საჭიროდ მიაჩნია ახალი არჩევნების ჩატარება, თან ამის გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობით. ხმების განმეორებით დათვლა კი, ფიქრობს ებადი, საქმეს ვერ უშველის.

ამ შეფასებას იზიარებს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინიც. პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატი ცნობილია თავისი ინტერესით და ინფორმირებულობით საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში. “ჩემი აზრით, ირანის მთავრობის განცხადება, ხმებს თავიდან დავითვლითო იმას ჰგავს, რომ მგელს ცხვრის ფარა ჩააბარო. მათი ჩატარებულია ეს ფალსიფიცირებული არჩევნები და ახლა ნამდვილად არ გამოდგებიან ხმების ხელახლა პატიოსნად დამთვლელებად”, აცხადებს მაკკეინი.

შეიძლება, ჩატარებულ არჩევნებს არჩევნები ეწოდოს?
პროცესის არა მარტო ცალკეული დამკვირვებლები - თუნდაც მაკკეინი და ებადი - არამედ ზოგადად, ირანის ოპოზიცია ზედმეტად მიიჩნევს ხმების ნაწილობრივ დათვლას, რასაც ირანის ხელისუფლება სთავაზობს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ, თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, დაყაბულდეს არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნას, რომელსაც ოპოზიცია გამოთქვამს, გამოდის, მომდევნო 4 წლის მანძილზე ირანის პრეზიდენტის პოსტზე კვლავაც მაჰმუდ აჰმადინეჟადი დარჩება.

უნდა ჰქონდეს თუ არა, ან რა სახის ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ირანის ხელისუფლებასთან პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას? ობამას ყოფილი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკელი მაკკეინი ფიქრობს, რომ ირანის მთავრობასთან ურთიერთობა ცუდი არ არის, მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპია მხარს უჭერდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ხალხმა ისარგებლოს თავისი ფუნდამენტური უფლებებით. ირანში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები კი, მაკკეინის შეფასებით, გვაჩვენებს, რომ საქმე ეხება არა მარტო ქვეყანას, რომელიც ადგას ბირთვული იარაღის მოპოვების გზას და საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს, არამედ თან რეპრესირებული და დაჩაგრული ჰყავს საკუთარი ხალხი. ამიტომ, დასძენს მაკკეინი, პრეზიდენტმა ობამამ თავის მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა, რათა ირანელმა ხალხმა შეძლოს თავისი უფლებებით სარგებლობა.

ჯონ მაკკეინი
ამავე ინტერვიუში მაკკეინმა “სასტიკი და რადიკალური დიქტატურა” უწოდა ირანის მმართველ რეჟიმს. რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციას, ბარაკ ობამა 15 ივნისს გამოეხმაურა ისლამურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებას (ეს ის დღე იყო, როცა საპროტესტო აქციაზე თეირანში სისხლი დაიღვარა - 7 დემონსტრანტი მოკლეს). ობამამ “ღრმა შეშფოთება გამოთქვა თეირანში ძალადობის გამო” და ირანის ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ დემოკრატიულ პროცესს. ირანში მიმდინარე მოვლენებზე მისმა გამოხმაურებამ ასევე ცხადჰყო, რომ აშშ მაინც შეეცდება ირანთან ურთიერთობის დამყარებას. ობამამ თემებად დაასახელა ბირთვული გაუვრცელებლობა და ტერორიზმი.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს თითქმის 30 წელია, გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. ბოლო წლებში დაძაბულობის მთავარი მიზეზია ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. მაგრამ ობამა ირანელებისადმი საგანგებო ვიდეომიმართვაში (წელს მარტში) გამოვიდა ურთიერთობაში ახალი დასაწყისის ინიციატივით. ეს ინიციატივა, როგორც ჩანს, ძალაში რჩება ირანში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ბრალდების მიუხედავად.

უფრო მკაცრია პოზიცია, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი გამოთქვამს - ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, თუმცა ის ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში მიუთითებს - თავს უფლებას ვერ მივცემ ვინმეს რაიმე რჩევა მივცე, ეს ჩემი აზრიაო.

ვაცლავ ჰაველი
ჰაველი აღნიშნავს, რომ ბევრი გზა არსებობს ირანის რეჟიმის იზოლაციაში მოსაქცევად, მაგალითად სხვადასხვა ემბარგოს მეშვეობით. მაგრამ ეს ზომები არ უნდა იყოს მიმართული ხალხის წინააღმდეგ. ჰაველის თქმით, “იმავდროულად, მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა იმათთვის, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს - სტუდენტებისთვის და სხვებისთვის. საერთოდ კი, ნავთობი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე უფრო მნიშვნელოვანი”.

ვაცლავ ჰაველის ამ პასუხს, ალბათ შეიძლება ითქვას, დისიდენტური წარსული ეტყობა... ჩვენი ირანელი კოლეგები (რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის კორესპონდენტები) როგორც აღნიშნავენ, ჰაველი მათ ქვეყანაშიც ცნობილი ადამიანია, ბევრი მას დიდი პატივისცემით ეკიდება.

როგორია თვით ჰაველის დამოკიდებულება ირანელებისადმი? რა ეტყოდა მათ დღევანდელ ვითარებაში? ჰაველის პასუხი: “ვეტყოდი, რომ მათდამი სიმპატიით ვარ განწყობილი, რომ წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ, სკეპტიკურები ნუ გახდებიან, თუ უმალვე ვერ მიაღწევენ შედეგებს თავიანთი ძალისხმევის მიუხედავად. ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანია თავისთავადაც და ზოგადადაც, რადგან ეთიკურად სწორია კეთილი საქმისკენ სწრაფვა. და ამ ძალისხმევის შედეგები შეიძლება მოგვიანებით გამოჩნდეს. ღმერთმა უწყის როდის, ღმერთმა უწყის როგორ. წინასწარ ვერ გამოიცნობ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი გამოცდილება”.
XS
SM
MD
LG