Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს


პარტია ”საქართველოს გზის” შემდეგ, მოსასმენი აპარატურა თავ-თავიანთ ოფისებში აღმოაჩინეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც. ერთ-ერთი შტეფსელი, სადაც მოსასმენი აპარატურა იყო ჩამონტაჟებული, 30 ივნისს გახსნეს კონსერვატიული პარტიის ოფისში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ - პატრულის, კრიმინალისტური სამსახურის, ჟურნალისტების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით. დღის მეორე ნახევარში კი, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის”. ოპოზიციური პარტიები ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. როგორია თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, როგორ უნდა დადგინდეს სიმართლე და როგორ უპირისპირდება კანონმდებლობა ამგვარ ფაქტებს?

არაყიშვილის ქუჩაზე, კონსერვატიული პარტიის ოფისში, მოსასმენი აპარატურა 29 ივნისს პარტიის თავმჯდომარის კაბინეტსა და საკონფერენციო დარბაზში შტეფსელებში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი, მეტი თვალსაჩინოებისთვის, 30 ივნისს ჟურნალისტების თანდასწრებით გაიხსნა.

გახსნილი შტეფსელიდან მოკლე სადენები გადმოეკიდა, რომლებზეც მცირე ზომის მიკროფონი და დენის მუდმივი წყარო, პატარა ელემენტი, იყო მიმაგრებული. მოწყობილობა ერთი შეხედვითაც ძალიან
ზვიად ძიძიგური
ჰგავდა მოსასმენ აპარატურას, როგორიც ის ადამიანის წარმოსახვაშია. კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური მომხდარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელწერას ხედავს: ”ჩვენ ვაყენებთ საკითხს ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გადადგომის შესახებ, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ და, ამავე დროს, ვითხოვთ კონკრეტული პირების დასჯას, ვინც განახორციელა ეს ქმედება," ამბობს ძიძიგური და დასძენს, რომ ის და მისი თანამოაზრეები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

შტეფსელების შემოწმება კონსერვატორებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 29 ივნისს მოსასმენი აპარატურა ”საქართველოს გზის” ოფისში იმავე ადგილებში იქნა აღმოჩენილი. ”საქართველოს გზამ” კი, თავის მხრივ, აპარატურა შემთხვევით აღმოაჩინა მას შემდეგ, რაც დიდი ხნის მანძილზე არსებული ეჭვის გადამოწმება გადაწყვიტა. პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს საერთო სურათის კონტექსტში განიხილავს:

”მიდის ძალიან სერიოზული ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე ყველა მხრიდან. ეს არის ბოლო ეპიზოდი ამ ზეწოლის, რომელიც ხორციელდება ამ მოსმენებით და ეს ვიცოდით ადრეც, მაგრამ ეს არის დამადასტურებელი ფაქტი... მიმდინარეობს ყველა პარტიაში ამ მომენტში ტელეფონის ზარები, ზეწოლა ჩვენს წევრებზე და აქტივისტებზე, რომ - ნახავთ, რასაც ნახავთ... კიდევ რომ დაგინახოთ მიტინგზე...”

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის გარდა, კონსერვატორების ოფისში მოსასმენი აპარატურის დემონსტრირების პროცესს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ესწრებოდა და, როგორც ამბობს, ფაქტს ის არ გაუოცებია. ”გულში ჩავიხედოთ თითოეულმა ჩვენგანმა და ვიცით, რომ ეს ხდებოდა ყოველდღიურად, ყველა პარტიის ოფისში და, ალბათ, ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში... ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს უსმენდნენ. ეს არაერთხელ უღიარებია თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თვითონ პრეზიდენტსაც. გაგახსენებთ: 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩანაწერები, თუ როგორ უსმენდნენ პარტიების ლიდერებს, პარლამენტის წევრებს, სახელმწიფო მინისტრს. და პრეზიდენტმა აღიარა ”Newsweek”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, არანაირი დანაშაული იმ მოსმენებით არ დაფიქსირებულაო - ვუსმენდით და გამოვაქვეყნეთ ამ პოლიტიკური ოპონენტების მორალური სახის ჩვენებისთვისო. ეს იქნებოდა უდიდესი სკანდალი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და იმპიჩმენტის საფუძველი. მაგრამ საქართველოში ამას არ მოჰყვა არაფერი.”

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ უკანონო მოსმენის ამ ბოლო ფაქტებს მაინც მოჰყვება დამნაშავეთა დასჯა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისთვის, მსგავს შემთხვევაში, თავისუფლების 3-წლამდე აღკვეთასაც ითვალისწინებს.

როდესაც კონსერვატორების ოფისში საგანგებო ბრიფინგი იმართებოდა, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ მოსასმენი აპარატურა ასევე აღმოაჩინეს ”ალიანსი საქართველოსთვის” ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისში. შემოწმდა გაერთიანების სათავო ოფისიც, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი გამოუმჟღავნებიათ, რასაც ”ალიანსის” წარმომადგენლები ოფისის საგანგებო დაცვით ხსნიან.

როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიციური პარტიების ეჭვები შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. სამინისტრო კი 30 ივნისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში განმარტავს, რომ ”საქართველოს გზისა” და კონსერვატიული პარტიის ოფისებში ”აღმოჩენილი მოწყობილობა არ წარმოადგენს სპეცტექნიკას და მსგავს აპარატურას სპეცსამსახურები უკვე ექვსი წელია აღარ იყენებენ.” სამინისტროს ინფორმაციით, ”მსგავსი მოწყობილობის შეძენას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ლიცენზია და მისი ყიდვა ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია როგორც უცხოეთის ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში.”

ეკატერინე ზღულაძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება საქმის გამოძიებას ართულებს, მაგრამ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გაგრძელდება. აქვეა დაპირება, რომ დეტალებს საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს. სხვა საკითხია, სჯერათ თუ არა ამის ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს.

"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტორს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის რაობის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ 30 ივნისს ისეთ დროს გაავრცელა, როცა ”საქართველოს გზის” ოფისში ის ჯერ კიდევ დალუქული და შეუმოწმებელი იყო.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG