Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას შეუდგა


შვეციის პრემიერ მინისტრი ფრედერიკ რაინფელტი
შვეციის პრემიერ მინისტრი ფრედერიკ რაინფელტი
დღეიდან ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს - შვეცია. მან ჩეხეთის რესპუბლიკისაგან ჩაიბარა 27-წევრიანი ბლოკის ხელმძღვანელობა, რომელიც, წესისამებრ, 6 თვეს გასტანს. როგორ გაუმკლავდა ჩეხეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას და რა გეგმები აქვს შვეციას?

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობისას შვეციის პრიორიტეტებად ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ზომები სახელდება. თუმცა თვამჯდომარეობის პირველივე დღეს შვეციის პრემიერ-მინისტრ ფრედერიკ რაინფელტს სხვა საკითხზე მოუწია აქცენტის გაკეთება: ირანზე, რომელთან ევროკავშირის ურთიერთობაც სულ უფრო იძაბება.

დიპლომატების ცნობით, ევროკავშირის ზოგი ქვეყანა გამოდის მოწოდებით, დროებით გაიწვიონ ირანიდან ევროკავშირის ელჩები და ამით პროტესტი გამოთქვან გასულ კვირაში თეირანში ბრიტანეთის საელჩოს 9 ადგილობრივი თანამშრომლობის დაპატიმრების გამო. დაკავებულებიდან ხუთი უკვე გაანთავისუფლეს, ოთხი კი პატიმრობაში რჩება: მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების წაქეზებაში მონაწილეობისთვის.
შვეციის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც 1 ივლისიდან 6 თვის მანძილზე მოუწევს ევროკავშირის დიპლომატიური ძალისხმევის ხელმძღვანელობა, “უსაფუძვლო და არასწორი” უწოდა ამ ბრალდებებს და ირანის ლიდერებს მოუწოდა, თავს ნუ მოიქცევენ იზოლაციაში. რაინფელტი, მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ირანის ხელისუფლება შეძლებს აღიქვას ის, რაც ირანში ხდება, “როგორც მეტი თავისუფლების, მეტი რეფორმის დაჟინებული მოთხოვნა და არა როგორც შესაძლო საფუძველი, ირანსა და გარე სამყაროს შორის კონფლიქტისთვის”.

შვეციის პრემიერ-მინისტრი ირანისადმი ამ მოწოდებით დღეს გამოვიდა სტოკჰოლმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასიც დაესწრო. ის გვატყობინებს, რომ შვეცია, მისი ლიდერების თქმით, “მოელის მოულოდნელობებს” ევროკავშირის 6-თვიანი თავმჯდომარეობის მანძილზე, თუმცა, არ იზიარებს ვარაუდს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ზაფხულში (ამდენად, შვეციის თავმჯდომარეობისას) განახორციელოს საქართველოში მორიგი სამხედრო ინტერვენცია.

14 ივლისს შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კარლ ბილტი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანასთან და ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერთან ერთად გაემგზავრება სამხრეთ კავკასიაში, რაც საქართველოში ვიზიტსაც ითვალისწინებს.

ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, სტოკჰოლმში ვარაუდობენ, რომ შვეციისთვის იოლი არ იქნება ევროკავშირის თავმჯდომარეობისას რუსეთის ფაქტორთან გამკლავება - და ეს არა მარტო საქართველოს გამო. შიშობენ, რომ მოსკოვი ემზადება უკრაინასთან გაზის გარშემო მორიგი დაპირისპირებისთვის, რაც მძიმე შედეგებს იქონიებდა ევროკავშირის ბევრი წევრისთვის, რუსულ გაზზე მათი დამოკიდებულების გამო.

თუმცა, უკრაინა-რუსეთის დავის გამო გაზის წინა, იანვრის კრიზისს, საყოველთვაო აღიარებით, კარგად გაართვა თავი ევროკავშირის მაშინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, ჩეხეთმა. როგორც ლონდონელი ექსპერტი რიჩარდ უიტმენი ამბობს,

ეჭვი არ არის, რომ გაზის გარშემო დავასთან დაკავშირებული ძალისხმევა ჩეხეთის მორიგე თავმჯდომარეობისთვის წარმატებას უკავშირდება. უიტმენს ასევე ჩეხეთის თავმჯდომარეობის წარმატებად მიაჩნია ევროკავშირის დღის წესრიგში ბლოკის გაფართოების საკითხის დატოვება.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კი პრაღაში ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სხვა წარმატებებზეც მიუთითა. მათ შორის იყო მაისში ოფიციალურად დაწყებული “აღმოსავლეთის პარტნიორობა” - ევროკავშირის პროგრამა, რომელიც 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცებას ითვალისწინებს.

“ჩეხეთის თავმჯდომარეობამ აჩვენა, რომ ახალ წევრსაც კი - წევრს, რომელიც სიდიდით არ გამოირჩევა, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროკავშირში, შეუძლია თავისი კვალი დაამჩნიოს მას”, - ეს სიტყვები პრაღაში, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დასასრულს წარმოთქვა ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა - ადამიანმა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ მოექცა სათავეში მთავრობას, იან ფიშერმა. ის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა მას შემდეგ, რაც ამ პოსტს გამოეთხოვა მირეკ ტოპოლანეკი პარლამენტში მისი მთავრობისადმი მარტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია იმათთვის, ვინც ჩეხეთის თვამჯდომარეობას - ზემოხსენებული წარმატებების მიუხედავად - “ქაოსით მოცულს” უწოდებს.

ამ შეფასებას გაეცნობით, მაგალითად, საფრანგეთის ყოველდღიურ გამოცემა “ფიგარშო”. როგორც მასში დაბეჭდილი სტატიის ავტორი წერს, ევროკავშირში ჩეხეთის მორიგე თავმჯდომარეობა ისევე დასრულდა, როგორც დაიწყო, ქაოსშიო... ეს შეფასება მოჰყვა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის შვეციისთვის გადაცემის სიმბოლურ სცენას მდინარე ვლტავაზე, შუაგულ პრაღაში: ნიჩბიან ნავში მყოფმა ორმა მამაკაცმა, მათ შორის ჩეხეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლუდით სავსე კასრი გადააწოდა მეორე ნავში შეკრებილ შვედ დიპლომატებს ტაშის, შეძახილებისა და საყოველთაო მხიარულების ფონზე.
XS
SM
MD
LG