Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მისია საქართველოში: გადაწყვეტილი და გადასაწყვეტი საკითხები


შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი (მარჯვნივ) და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი ზუგდიდში, 17 ივლისს

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი (მარჯვნივ) და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი ზუგდიდში, 17 ივლისს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ. საქმე ეხება პირველ ასეთ შეხვედრას მას შემდეგ, რაც 1 ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას შვეცია შეუდგა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში ეწვია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ქვეყნებს ევროკავშირის დელეგაციის, ე.წ. “ტროიკის” შემადგენლობაში. ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე კარლ ბილდტს ამ ტურნეზეც უნდა ესაუბრა და ზოგადად, საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

მინისტერიალის ჯერ კიდევ დაწყებამდე იყო ცნობილი, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნებას მიაღწიეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაგრძელებაზე. მართლაც, ორშაბათს ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებით, სადამკვირვებლო მისიის მანდატი ერთი წლით, მომავალი წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

საღამო ხანს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენლის, მათ შორის ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერისა და საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანას მონაწილეობით, საქართველოზე ისაუბრა მარტო შვეციის საგარეო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ისიც მოკლედ. ბილდტმა განაცხადა, რომ მინისტერიალის მონაწილეებს მოუთხრო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ტროიკის ამასწინანდელ ტურნეზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც მოინახულეს.

ბილდტის განცხადებით, “ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის კიდევ ერთი წლით გაგრძელებამ და იმავდროულად, ერთსულოვანი აღიარება დაიმსახურა ყველამ, ვინც ამ მისიაში მონაწილეობს და აღინიშნა დიდი მნიშვნელობა ამ მისიისა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ძალიან რთული ვითარების სტაბილიზაციაში.”

მომდევნო თვეებში, დასძინა შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ევროკავშირი უთუოდ არაერთხელ დაუბრუნდება სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ რეგიონში, ბილტის განცხადებით, დიდ იმედებს უკავშირებენ ევროკავშირს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე აღმოსავლეთის პარტიორობის პროგრამის ჩარჩოებში.

ასევე წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხებოდნენ საქართველოს თხოვნას ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში აშშ-ის წარმომადგენლების ჩართვის შესახებ. ბრიუსელში ჩვენი კორესპონდენტის, აჰტო ლობიაკასის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრები სექტემბერში აპირებენ ამ საკითხის სარიოზულად განხილვას. თუმცა, საგულისხმოა, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დევიდ მილიბენდმა დღესვე განაცხადა, რომ მალეა მოსალოდნელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამერიკელების ჩართვა.

საგულისხმოა ასევე, რომ მისიაში ამერიკელების ჩართვის პერსპექტივა უკავშირდება პოტენციურად რთულ ტექნიკურ საკითხებს, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობაში ამერიკელების მონაწილეობას. იმავდროულად, სავარაუდოა სადამკვირვებლო მისიაში სხვა ქვეყნების ჩართვის საკითხის წამოჭრა. ასახელებენ, პირველ რიგში, თურქეთს, რომელმაც უკვე მიანიშნა მისიაში მონაწილეობის სურვილზე. ასეა თუ ისე, ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ევროკავშირის წევრების უმრავლესობის პირველი რეაქცია, პირველი გამოხმაურება საქართველოს თხოვნაზე, მისიის გაფართოების (ამერიკელების მონაწილეობით გაფართოების) შესახებ - დადებითი ჩანს.

როგორც კარლ ბილტმა განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც შვეციის თავმჯდომარეობით გაიმართა, ამ შეხვედრის დროს არ უმსჯელიათ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მესამე მხარის ჩართვაზე. “დღეს აქცენტი გაკეთდა მისიის გაგრძელებაზე, სტაბილურობაზე, ჩვენ იქ ვართ და იქ ვრჩებით და გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა სტაბილურობისთვის”, განაცხადა ბილდტმა. მისივე სიტყვებით, ზაფხულის შემდეგ უკვე სხვა საკითხებიც იქნება, “მათ შორის მისიაში მესამე ქვეყნის მონაწილეობა, რაც შეიძლება იყოს და იქნება კიდეც დღის წესრიგში”.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინისტერიალზე დიდი ყურადღება დაეთმო, სომალის ეხება. ევროკავშირი აპირებს აფრიკის ამ ქვეყანაში უშიშროების სამსახურის კონტინგენტის საწვრთნელი მისიის ჩამოყალიბებას და მომავალ თვეში გააგზავნის სომალიში საგანგებო ჯგუფს გეგმის შესამუშავებლად. სომალის სანაპიროსთან უკვე მოქმედებს ევროკავშირის მისია, მიმართული მეკობრეების წინააღმდეგ, თუმცა, ბრიუსელში აცნობიერებენ, რომ აფრიკის სანაპიროსთან მეკობრეობასთან ბრძოლა ეფექტიანი შეიძლება იყოს მარტო ადგილზე, სომალის ტერიტორიაზე ბრძოლის თანხლებით.

იმ საკითხებს შორის, რომლებიც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს, რჩება ირანიც. ბრიუსელში შეკრებილმა მინისტრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც, ან მათს მიერ დასაქმებული პირებიც დააკავეს ირანში გასული თვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დაკავებული იყო, მაგალითად, ბრიტანეთის საელჩოს 9 ადგილობრივი თანამშრომელი, მაგრამ ევროკავშირის ზეწოლის შედეგად, ცხრავე გაანთავისუფლეს. მეორე მხრივ, ირანში კვლავაც დაკავებული რჩება ფრანგი მოქალაქე და ევროკავშირი მის დაუყოვნებულივ გამოშვებას მოითხოვს.

ორშაბათსვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაიმართა პირველი დისკუსია ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის განაცხადის გარშემო. ამ განაცხადით ისლანდიამ გასულ კვირაში მიმართა ევროკავშირს. ისლანდიის ეკონომიკას, რომელიც დიდად არის დამოკიდებული საბანკო სექტორზე, მძიმე ზარალი მიადგა გლობალური საფინანსო კრიზისით და ქვეყანა ძლიერ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიისწრაფვის. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდია 1994 წლიდან არის ინტეგრირებული ბლოკის შიდა ბაზარში, მოლაპარაკებები მის ევროკავშირში გაწევრიანებაზე შედარებით იოლი იქნება.

ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის 6-თვიანი მორიგე თავმჯდომარეობისას შვეციის პრიორიტეტებად სახელდება ეკონომიკური კრიზისისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაზე შვეციის თავმჯდომარეობით.
XS
SM
MD
LG