Accessibility links

logo-print

რა პრინციპით დაკომპლექტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 8–დან 15–მდე უნდა გაიზარდოს. საბჭოს დაკომპლექტების წესებზე შესათანხმებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართა. სამეურვეო საბჭოს გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა.

საქართველოს მთავრობამ ოპოზიციის პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩასაბმელად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 8-დან 15-მდე გაზრდა და დაკომპლექტების წესის შეცვლა. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სამეურვეო საბჭოში 7 ადგილი მმართველ უმრავლესობას ეკუთვნის, 7 ოპოზიციას და ერთი კი არასამთავრობო სექტორს. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად სწორედ ეს იქცა.

ლევან ვეფხვაძე
თუ ადრე არასაპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში მონაწილეობას მოითხოვდა, ახლა ოპოზიციური ორგანიზაციების უმრავლესობა უარს აცხადებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შესვლაზე. საპარლამენტო ოპოზიციაც მზადაა არ შევიდეს სამეურვეო საბჭოში, ხოლო თუ რატომ, ქრისტიან–დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძისგან შეიტყობთ.

„მივცეთ შესაძლებლობა თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააკომპლექტონ ეს შემადგენლობა. უნდა მოხდეს უკვე დანიშნული 8 წევრის გაწვევა. თუკი ერთი მხარე თავის 7 კანდიდატზე იტყვის უარს, მაშინ ჩვენც მზად ვართ ჩვენს 7 კაციან კვოტაზე ვთქვათ უარი.“

პავლე კუბლაშვილი
ეს ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილში გაჩნდა, თუმცა მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა. თუ რატომ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის, განცხადებიდან ჩანს:

„მთლიანად მთელს ბორდს გამოვუცხადოთ უნდობლობა, დავშალოთ და ახლიდან დავიწყოთ დაკომპლექტება, არა მგონია, სწორი იყოს.“

თუ საპარლამენტო ოპოზიცია ამ დისკუსიაში ჩაერთო, არასაპარლამენტო ოპოზიციამ, სხვადასხვა მოსაზრებით, საერთოდ უარი თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში მონაწილეობაზე. ერთ-ერთი მათგანის, მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას, მოსაზრება:

ეკა ბესელია
„არ მომწონს, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩარევა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში. ეს უნდა იყოს მინიმალური.“

ისინი კი, ვინც ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის გარშემო მუშაობას აპირებენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, შეიკრიბნენ და საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ იმსჯელეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, წევრობის მსურველთა საბუთების მიღების ვადები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ოპოზიციურ პარტიებს მოუწევთ 7 კანდიდატზე შეჯერდნენ, მათ ასევე უფლება აქვთ ოპოზიციისთვის გამოყოფილი კვოტა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დააკომპლექტონ.
XS
SM
MD
LG