Accessibility links

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად ოფიციალურად 30 მაისი განისაზღვრა. საარჩევნო კოდექსში კიდევ რამდენიმე საყურადღებო ცვლილება შევიდა - მაგალითად, სააჩევნო სიების მონიტორინგის ვადა 10 დღით გაგრძელდა.

”2010 წლის ადგილობრივი არჩევნების თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 30 მაისი. პოლიტიკურ პარტიებს - ასევე მედიასა და ამომრჩევლებს - საშუალება მიეცემათ, რომ თავიანთი საქმიანობა ამ თარიღის შესაბამისად დაგეგმონ.”

ეს განცხადება 18 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ზურაბ ხარატიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წინა დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

კანონმა განსაზღვრა არჩევნების თარიღი, ხოლო პრეზიდენტმა 31 მარტამდე არჩევნების დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას უნდა მოაწეროს ხელი.

ასევე მარტის ბოლომდე ყველა პარტია ოფიციალურად დაასახელებს არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს. არჩევნების 30 მაისს დანიშვნის ფაქტს 18 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს და განსაკუთრებით ოპოზიციას ექნება საშუალება, სწორად დაგეგმოს საარჩევნო კამპანია. ბაქრაძის ინფორმაციით, საქართველოში ეუთოსთან არსებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ეგიდით - მარტო ეგიდით - 400 დამკვირვებელს ელიან:

” ჩვენ ასევე მოწვეული გვყავს დამკვირვებლები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ეროვნული პარლამენტებიდან, ევროპარლამენტიდან და, საბოლოო ჯამში, დამკვირვებელთა რიცხვი საკმაოდ დიდი იქნება. 30 მარტს ოფიციალურად ყველა პარტია დაასახელებს საკუთარ კანდიდატს და შევა ცესკოში და სწორედ მაშინ მოხდება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დასახელებაც, თუმცა ყველას გაუკვირდება, თუ ეს თბილისის მერი არ იქნება. თუმცა ოფიციალურად ეს ყველაფერი მარტის ბოლოს გახდება ცნობილი.”

საარჩევნო კოდექსში შევიდა კიდევ ორი საყურადღებო ცვლილება. პირველი ცვლილების თანახმად, საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესი 10 დღით - 2010 წლის 10 აპრილამდე - გაგრძელდა. ცვლილება შეეხოთ უმისამართო ამომრჩევლებსაც. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში და თბილისის მერის არჩევნებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია მრეწველთა პარტიის ლიდერის, ზურაბ ტყემალაძისათვის, რომელიც ამბობს, რომ ვადების დარღვევა საუბნო კომისიებში სიების ვადების გადაწევას გამოიწვევს.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მათ მხოლოდ მრეწველებისგან მიიღეს და რამდენიმე საკითხს უპასუხეს კიდეც. დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც შესაბამისი დაფინანსება მიიღეს სიების მონიტორინგისათვის, ჯერჯერობით ცესკოში დოკუმენტური მასალა არ წარუდგენიათ. მათ საამისოდ ჯერ კიდევ რჩებათ დრო 10 აპრილამდე.
XS
SM
MD
LG