Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის გამოფენა უკვე მეთხუთმეტედ ჩატარდა


მშენებლობისა და ინტერიერის მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა ”კაუკასუს ბილდ 2010”
მშენებლობისა და ინტერიერის მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა ”კაუკასუს ბილდ 2010”
თბილისში 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით მშენებლობისა და ინტერიერის მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა ”კაუკასუს ბილდ 2010” (Caucasus Build 2010) გაიმართა, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, მასშტაბურობით გამოირჩეოდა. საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიას” სამ პავილიონსა და ეზოში 100 საგამოფენო სტენდი მოეწყო, რომელზეც 10 ქვეყნის 120 კომპანიის პროდუქცია გამოიფინა.

საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიას” პავილიონები, მიუხედავად სამშენებლო სფეროში არსებული კრიზისული ვითარებისა, სავსე იყო როგორც მონაწილეებით, ასევე დამთვალიერებლებით.

საგამოფენო ცენტრის ერთ-ერთ პავილიონში, სადაც გამოფენილი უამრავი ახალი პროდუქცია მნახველების დიდ ინტერესს იწვევდა, ერთ-ერთ დამთვალიერებელს გავესაუბრე, რომელიც ნანახით კმაყოფილებას არ ფარავდა:

”ჩვენ კერძო ინტერესებისთვის გვჭირდებოდა - საკუთარი შენობის გადახურვისთვის, მეგობარს - აუზისთვის - და გვაინტერესებდა მასალა, რომელიც იძლევა გრძელვადიან ხარისხიან შედეგს და მივიღეთ ამომწურავი პასუხი.”

დამთვალიერებელთა აქტიურობა გამოფენაში მონაწილე კომპანიებს სამშენებლო სფეროში ვითარების გამოცოცხლებაზე მიანიშნებს. ბაზრის გამოცოცხლებას აუბა მხარი ბელგიური აგურის იმპორტიორმა კომპანია ”ელიტ აგურმა” და უკვე 6 თვეა, რაც 2008 წლის ბოლოს შეწყვეტილი საქმიანობა განაახლა. მისი წარმომადგენლის, გიორგი მაისურაძის, განცხადებით, ბაზარზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შეინიშნება:

ბელგიური აგურის სტენდი
”გამოფენაზე გამოტანილი გვაქვს ბელგიური ფასადის აგური. დაახლოებით 6-7 თვეა, რაც განვაახლეთ მუშაობა. მოთხოვნილებაც გაიზარდა და ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა.”

ტრადიციული სამშენებლო მასალის გარდა, წლევანდელ გამოფენაზე კომპანიებმა სამშენებლო ტექნიკაც გამოიტანეს. თანამედროვე ბეტონმზიდები, ამწეები და საგზაო ტექნიკა დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევდა. კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ, მიუხედავად კრიზისისა, წელს სამშენებლო ტექნიკაზე მოთხოვნის ზრდა და გამოცოცხლება შეინიშნება. კომპანია ”ინტერ ტექნიკის” წარმომადგენელი პაატა მოსეშვილი ამბობს, რომ წელს თავიანთ პროდუქციას ახალი ბრენდიც კი შემატეს:
”საქართველოში შარშან საგზაო მიმართულება არ შეჩერებულა, გაიზარდა, წელსაც უფრო იზრდება. უფრო მძიმე მდგომარეობაა ბინათმშენებლობაში, მაგრამ ახალი პროგრამები რომ არის, გარკვეულ იმედებს იძლევა. წელს გამოცოცხლება მეტია, ვიდრე შარშან იყო.”

პროგრამა, რომელიც პაატა მოსაშვილმა ახსენა, თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ძველი თბილისის ავარიული შენობების რეკონსტრუქციას და, მობინადრეთა სურვილის შემთხვევაში, მათ შესახლებას ახლად აგებულ კორპუსებში. მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ამ პროგრამამ უკვე გამოაცოცხლა ბინათმშენებლობის სფერო, რამდენიმე კომპანიამ დაუმთავრებელი პროექტების დასრულება შეძლო და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. სწორედ თბილისის მერია გამოვიდა სამშენებლო მასალებისა და ინფრასტრუქტურის გამოფენის ერთ-ერთი ინიციატორი. თუმცა გამოფენის ორგანიზატორი ”ექსპო ჯორჯიას” წარმომადგენლის, მაკა კაკულიას განცხადებით, გამოფენის მოწყობის მოთხოვნა თავად ბიზნესიდან მოდიოდა:

”იყო საკმაოდ დიდი ინტერესი კომპანიების მხრიდან, რომ წარმოედგინათ თავიანთი პროდუქცია ამ გამოფენაზე. ჩვენ შევთავაზეთ მათ სივრცე და უარი არ მიგვიღია. ის, რომ ყოველწლიურად მატულობს მონაწილეთა რიცხვი და წელს მონაწილე კომპანიები უკვე დღეს ჯავშნიან ადგილებს მომავალი წლის გამოფენისთვის, ეს ნიშნავს რომ ისინი კმაყოფილნი არიან გამოფენით.”

ორგანიზატორები არ ფლობენ კონკრეტულ სტატისტიკას გამოფენის დროს გაფორმებული კონტრაქტებისა თუ დადებული შეთანხმებების შესახებ, მაგრამ კომპანიათა სურვილი მომავალ წელსაც გამოფინონ თავიანთი პროდუქცია „ექსპო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს აფიქრებინებს, რომ მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის წლევანდელი გამოფენა შედეგიანი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG