Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა მეთვალყურეთა რაოდენობა მეთვალყურეობის ხარისხის გარანტია?


30 მაისის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 36 ადგილობრივი ორგანიზაციის დაახლოებით 13 ათასი მეთვალყურე აკონტროლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში ასეთი მაღალი მაჩვენებელი უპრეცედენტო მაჩვენებლად მიიჩნევა. რატომ გამოიჩინა საერთაშორისო საზოგადოებამ ასეთი დიდი ყურადღება და რამდენად იძლევა მეთვალყურეთა უპრეცედენტო რაოდენობა მეთვალყურეობის ხარისხის გარანტიას?

30 მაისის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ერთგვარი სერიოზული გამოცდა რომ იქნება, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად აღნიშნავდნენ და ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოყოფდნენ საერთაშორისო მეთვალყურეების როლს. 30 მაისის არჩევნებისადმი საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას ანალიტიკოსები 2009 წლის საპროტესტო მღელვარებით ხსნიან და შეგვახსენებენ, რომ სწორედ შარშანდელი დაპირისპირება დაედო საფუძვლად ამ არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებას და დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევას. ეს გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ ოპოზიციას ერთგვარი კომპრომისის სახით შესთავაზა და სწორედ ამას მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესიც.

არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისკენ თბილისს არაერთხელ და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიუთითა, მათ შორის - ევროკავშირმა, ეუთომ, ევროსაბჭომ თუ ნატომ. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის გია ნოდიასთვის ცხადია, რომ დღევანდელი არჩევნები თავისი კონკრეტული მნიშვნელობის ჩარჩოებს სცილდება:

”ეს არჩევნები განიხილება როგორც არა, უბრალოდ, მუნიციპალური არჩევნები, არამედ როგორც ერთგვარი შეჯამება იმისა, თუ დღეს რა ეტაპზეა საქართველო თავის დემოკრატიულ განვითარებაში. ”

ქართული დემოკრატიის სერიოზულ გამოცდად აღქმულ არჩევნებზე წარმოდგენილია, მაგალითად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის 424, ევროკავშირის ევროპული კომისიის 21, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 28 თუ ევროპარლამენტის დეპუტატთა 4 მეთვალყურე. გარდა ამისა, წარმოდგენილია სამეთვალყურეო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, პარლამენტებისა თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მაგალითად, საქართველოში ამერიკის საელჩოს მხრიდან არჩევნებს 68-კაციანი ჯგუფი მეთვალყურეობს.

საერთაშორისო მეთვალყურეთა საერთო რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, 1823-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროცესში სურვილი ბევრად მეტმა უცხოელმა მეთვალყურემ გამოთქვა, თუმცა მათმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, დააგვიანა და რეგისტრაციის ვადებში ჩატევა ვერ მოახერხა. ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ივანე მარგიშვილი უცხოელების ასეთი მასშტაბური და უპრეცედენტო დასწრების მიზეზს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამ ფაქტს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აქცენტს ნდობის ფაქტორზე აკეთებს:

”მათი ჩართვის მთავარი მიზანია, რომ უფრო გამჭვირვალე და უფრო სანდო იყოს და უფრო მისაღები იყოს ხალხისთვის ეს არჩევნები... რამდენად გამოიღებს ეს შედეგს, ამას მხოლოდ არჩევნების შემდეგ ვნახავთ.”

არჩევნების შედეგებზე ასახვის თვალსაზრისით, უცხოელი მეთვალყურეების მუშაობის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ თავად არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს. თუკი ნაწილი საერთაშორისო მეთვალყურეობას ერთგვარ გარანტიად აღიქვამს, მაგალითად, ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალობის დაცვის პროცესში, ნაწილი თვლის, რომ უცხოელი მეთვალყურეები ფალსიფიკაციის კარგად დახვეწილი და შენიღბული მეთოდების სათანადოდ დანახვას ვერ შეძლებენ.
მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო მეთვალყურეების მუშაობა არჩევნების გაყალბების აღკვეთის სრულ გარანტიას წარმოადგენს, არ ეთანხმება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი. ჯერ ერთი, უცხოელი მეთვალყურეების რიცხვი თითქმის 2-ჯერ ნაკლებია საქართველოს მასშტაბით აღრიცხული საარჩევნო უბნების რაოდენობაზე და, მეორე. უცხოელი მეთვალყურეები უბნებზე მხოლოდ ეპიზოდურ კონტროლს ახერხებენ, მაშინ როდესაც გაყალბება არჩევნებზე ყოველ წუთს და ყოველ წამს არის მოსალოდნელი:

”ძალიან ძნელია ისეთი ტიპის დარღვევების აღმოჩენა, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე დღის ბოლოს ან ისეთ მომენტებში, როდესაც დამკვირვებლები არ არიან ამ უბანზე. საერთაშორისო დამკვირვებლები ყურადღებას გაამახვილებენ თითოეულ უბანზე 15 წუთით, ნახევარი საათით...”

თავად ნინა ხატისკაცის ორგანიზაცია - “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” - არჩევნებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, მართალია, მხოლოდ 21 მეთვალყურის პირობებში, მაგრამ სწორედ სტაციონარული მეთოდით, ანუ დილიდან საღამომდე, აკონტროლებს. სულ არჩევნებზე აკრედიტებული ადგილობრივი მეთვალყურეების რიცხვი, ცესკოს მონაცემებით, 11005-ს შეადგენს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით, 1100 მეთვალყურით, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” გამოირჩევა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა სირაძე-დელონე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროცესში უცხოელი მეთვალყურეების ასეთ აქტიურობას, თუმცა, მისი თქმით, რაოდენობა ხარისხის გარანტიას ყოველთვის არ იძლევა, საერთაშორისო მეთვალყურეობის ხარისხი კი მისიების მიერ გაკეთებულ საბოლოო შეფასებებში გამოჩნდება. ამ ეტაპზე ისევ პასუხგაუცემელია შეკითხვა: რამდენად დამაჯერებელი იქნება უცხოელ მეთვალყურეთა დასკვნები საზოგადოებისთვის, რომლის წიაღშიც საერთაშორისო საზოგადოება აშკარად ხედავს მკვეთრ პოლიტიკურ პოლარიზაციას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG