Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძაღლების ლიკვიდაცია როგორც პრობლემასთან ბრძოლის მეთოდი


დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მერიის წინ თბილისში მცირე აქცია მოეწყო. ცხოველთა დაცვის საზოგადოება მერიას დასახიჩრებული ცხოველების ტრანსპარანეტებით და ოფიციალური მიმართვით მიადგა: შეწყდეს ცხოველთა, უფრო ზუსტად, ძაღლების წამება.

ერთ მხარეს არის მოქალაქის მშვიდი გადაადგილება და საფრთხე, რომელსაც შესაძლოა უპატრონო ძაღლი ქმნიდეს და ამ კუთხით, ბუნებრივია, პრობლემასთან ბრძოლა საჭიროა. მეორეა პრობლემასთან ბრძოლის მეთოდი და ამ მეთოდის ეფექტურობა. დღევანდელი აქცია მერიის წინ ნაწამები ძაღლების სურათებით და მერიის მიმართ კონკრეტული რეკომენდაციებით წარიმართა. აქციის ორგანიზატორი ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძეა. ის ითხოვს:

„პირველ რიგში, შეწყდეს მასობრივი მკვლელობები, მიღებული იქნეს საერთაშორისო კანონები, ანუ მოხდეს ხელისუფლების მიერ მათი რატიფიკაცია და გამოვიყენოთ პრობლემასთან ბრძოლის ჰუმანური მეთოდები.“

საუბარი ქუჩაში მცხოვრები ძაღლების თემას ეხება. დავიწყოთ თავიდან. ხუთი თვის წინ ერთ-ერთ ორგანიზაციას ჩაუვარდა მერიის სატენდერო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მერიამ ტენდერის პირობებში ძაღლების მასობრივი განადგურების პირობა ჩადო. დოკუმენტი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელს თამარ ჩხეიძეს ჩაუვარდა:

„ამ დოკუმენტში ეწერა, რომ დაახლოებით ორმოცი ათასამდე ძაღლის ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო.“

ამ საქმისთვის მერიამ მილიონ ასი ათასი ლარი გამოყო. ანუ მერიამ ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა და ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს, როგორც ირკვევა, იგებს კომპანია „დებიუტი“. იმის გასარკვევად, თუ როგორ ხდება სატენდერო პირობების შესრულება, ვრეკავთ ამ კომპანიაში, ვესაუბრებით ნინო კალმახელიძეს. მან უარყო სატენდერო პირობებში ძაღლების ლიკვიდაციის მითითება და განგვიცხადა, რომ ძაღლებს მაქსიმალურად უფრთხილდებიან და თუ გადარჩენა მაინც ვერ ხერხდება, მათ ევთანაზია უკეთდებათ ან ლაბორატორიაში გადაჰყავთ:

„ჩვენ ვაკვირდებით და თუ ძაღლი ჯანმრთელია, ლაბორატორიაში ვაგზავნით. სამი თვის განმავლობაში იყო, ალბათ, ასეთი ათი შემთხვევა.“

თუმცა ნინო კალმახელიძემ განგვიცხადა, რომ დღეში დაახლოებით 20-დან ორმოცამდე ძაღლი აჰყავთ. საშუალოდ რომ დღეში 30 ძაღლი ვიანგარიშოთ, თვეში გამოდის დაახლოებით 900-მდე, სამ თვეში - ორზე მეტი ათასი. ჰოსპიტალიზაცია კი, როგორც ნინო კალმახელიძემ განგვიცხადა, გაუკეთდა ათს. ნინო კალმახელიძის თქმით, მეთოდი დანარჩენი ძაღლებისთვის ევთანაზიაა, თუმცა ამას ყველა არ იზიარებს. თეიმურაზ წიქორიძის თქმით:

„ჯერ დაჭერის დროს კვდებიან ძაღლები, რადგან პირდაპირ ხერხემალს უმტვრევენ რკინის მაშებით. თუ მაინც გადარჩა ძაღლი, მათ მანქანაში რკინის მაშებით ყრიან. მერე ხდება გადმოყვანა და ხერხემლის და კისრის ძვლების გადამტვრევა.“

მერიას საკუთარ პირობებში მითითებული აქვს:

”მაწანწალა, უზედამხედველო ცხოველების ჰუმანური დაჭერა-იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურება.”

ეს ის პირობაა, რომელსაც შ.პ.ს. „დებიუტი“ უნდა ასრულებდეს. კონტროლი ამ პროცესზე არ ხდება. „დებიუტს“ კი კიდევ წელიწად-ნახევარი აქვს, ანუ მილიონ ასი ათასი ლარი, მერიის თქმით, ორწლიან სერვისში გადაიხადეს.

ყოველივე ამის მეორე მხარეა საშიშროება, რომელიც შესაძლოა უკონტროლო ძაღლებისგან მოდიოდეს. დავინტერესდით, რამდენად ეფექტურია პრობლემასთან ბრძოლის მეთოდები. სურათი ასეთია: პირველი - ძაღლების შობადობა. ექსპერტების განცხადებით, ძაღლების პოპულაციას წელიწადში საშუალოდ 500 პროცენტიანი მატება ჰქონია, რაც ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ძაღლებს ხოცავენ, რა მეთოდითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, იქ ახალი მობინადრენი ჩნდებიან, რაც პრობლემას ამოუწურავს ხდის. ექსპერტების განცხადებით, ძაღლების პრობლემა თბილისით არ შემოიფარგლება, ანუ თბილისს მთლიანადაც რომ მოსცილდნენ ძაღლები, ექსპერტთა განცხადებით, პერიფერიებიდან მიგრაციის ახალი ნაკადი გაჩნდება. ცხოველთა დამცველ ნანა ბუხსიანიძის თქმით:

„პირიქით, ჯობია, რომ მიკედლებული გონიერი ცხოველი, რომელიც არ კბენს ადამიანებს, დაასტერილონ და იმას ჰქონდეს ის ტერიტორია, რათა ახალი არ მოვიდეს და არ მოიტანოს საფრთხე და არ გამრავლდეს.“

დასტერილება, უხეშად რომ ვთქვათ, ნიშნავს ძაღლის კასტრაციას, რაც შედარებით ჰუმანურ მეთოდათ ითვლება. კიდევ ერთი თემა, რასაც უნდა შევეხოთ ძაღლებთან ბრძოლის აღებული კურსის ეფექტურობის დასადგენად, ცოფია. საინტერესოა, რომ არსებობს მოქალაქეთა ცოფით დაავადების შემთხვევების მცირედი სტატისტიკური კლება. თუმცა ასევე საინტერესოა, რომ ნახევარი ცოფის შემთხვევებისა მოდის შინაურ ძაღლებზე. წელს, მაგალითად, საქართველოში სამი შემთხვევა დაფიქსირდა, არც ერთი -თბილისში, თუმცა სამიდან ორი პატრონიანი ძაღლი იყო. ის, რომ თბილისში არ ყოფილა, ერთი მხრივ შეიძლება აჩვენებდეს, რომ, შ.პ.ს. „დებიუტის“ სიტყვებით, 2 ათასი ძაღლის ლიკვიდაციამ შედეგი გამოიღო. თუმცა ის, რომ სამიდან ორი საოჯახო ძაღლი იყო, პრობლემის შედარებით კომპლექსურ სურათს აჩვენებს, ვიდრე უპატრონო ძაღლების უბრალოდ ლიკვიდაციაა.
XS
SM
MD
LG