Accessibility links

logo-print

მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებულ ყველა პოლიტიკურ ძალას 10 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში ელის. პარლამენტის თავმჯდომარის კონკრეტულ შეთავაზებას საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა ელოდება. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა უნდა შეძლონ და სათანადო გარემო შექმნან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. წინასწარი ინფორმაციით, პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოებაც იქნება ჩართული.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ერთობლივად მუშაობის სურვილი ბოლო დღეებში არაერთხელ გამოხატეს. 9 ნოემბერს კი ლოდინის ეტაპი დასრულდა და აი, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიცია კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე დაიბარა:

„მე ვთავაზობ ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას – საპარლამენტო ოპოზიციასაც, არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, ნებისმიერ მსურველ პოლიტიკურ ძალას, – ხვალ მობრძანდნენ პარლამენტში, 3 საათზე. მე ყველას ველოდები. მზად ვარ, ერთად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და დავიწყოთ კონკრეტული და პრაქტიკული მუშაობა იმ მიზნით, რომ ერთად შევიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები; ერთად ვიმსჯელოთ იმ ნაბიჯებზე, რომლითაც გავაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოს. ეს პროცესი უნდა იყოს ღია, ეს პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული, ეს პროცესი უნდა იყოს გასაგები და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“.

როდესაც დავით ბაქრაძე ამ განცხადებას აკეთებდა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში იმყოფებოდნენ. დახურულ კარს მიღმა მასპინძელი პარტიის ლიდერი, ირაკლი ალასანია კოლეგებს იმ შეხვედრის დეტალებს აცნობდა, რომელიც რვა ნოემბერს მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. საუბარია პარტიებზე, რომლებმაც, ერთობლივი მუშაობის შედეგად, უკვე კარგა ხანია შეიმუშავეს კონკრეტული წინადადებები, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ეს პარტიებია: „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.

რვა ნოემბერს ამ რვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ნდობის მანდატით აღჭურვილმა ირაკლი ალასანიამ დავით ბაქრაძეს კიდევ ერთხელ ამცნო, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა აუცილებელია და რომ ის და მისი კოლეგები სრულ მზადყოფნას აცხადებენ პროცესში საქმიანად ჩართვისათვის.

ირაკლი ალასანია, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი
„ლაპარაკიდან ყველანი გადავიდეთ კონკრეტულ საქმეზე, ანუ საარჩევნო გარემოს მთლიან შეცვლაზე, რაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს უფლებას – თავისუფალი არჩევანი გააკეთოს შემდეგ არჩევნებში... დღეს ვსაუბრობთ, რომ უახლოეს დღეებში საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესი დაიწყება ... ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას იმ პროცესში, რომელიც პირველი შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება“, – განუცხადა ცხრა ნოემბერს ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, 10 ნოემბერს 3 საათზე თავად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უმასპინძლებს, უპირველეს ყოვლისა, მოლაპარაკებათა ფორმატთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეთანხმდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებათა ორგანიზებას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ითავებს და პროცესში სხვადასხვა ფორმით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. უნდა ითქვას, რომ ირაკლი ალასანიას ოფისში ცხრა ნოემბერს გამართულ შეხვედრას NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ კომენტარები არ გაუკეთებიათ.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესის დაწყებას მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, თუმცა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ეკა სირაძე-დელონეს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, პროცესი რამდენიმე თვით ადრე დაწყებულიყო. როგორც იგი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნავს, იმ დრომდე, როდესაც საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დემოკრატიის პირველი მკაცრი ტესტის ჩაბარება მოუწევს, არც ისე დიდი დრო რჩება:

”...წარმოიდგინეთ, არჩევნები 2012 წლის გაზაფხულზე რომ ჩატარდეს, ფაქტობრივად, 2011 წლის დეკემბერში უკვე უნდა იყოს საბოლოო სახით ცვლილებები შეტანილი საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, გვრჩება სულ ერთი წელი და ერთი წელი ნამდვილად არ არის ბევრი... იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ძირეული გააზრება სჭირდება... 2009 წელმა ბრწყინვალედ გვიჩვენა, რომ, როდესაც მიმდინარეობდა კონსულტაციები საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რამხელა დრო სჭირდებოდა თითოეული საკითხის განხილვას, გააზრებას და შემდეგ უკვე გადაწყვეტილების მიღებას...”

საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საკუთარი გამოცდილების გამოყენებას „სამართლიანი არჩევნები“, ასე ვთქვათ, პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევს, თუმცა ორგანიზაციას კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ მიუღია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ცხრა ნოემბრის გამოსვლაში განაცხადა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

10 ნოემბერს პარლამენტში მისვლას და ხელისუფლებასთან ერთ მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს „ეროვნული ფორუმი“, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური ძალა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა პარტიას შორის. თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული პროცესებიდან გამოთიშვას არ ნიშნავს. როგორც ცხრა ნოემბერს ირაკლი მელაშვილმა აცნობა ჟურნალისტებს, ხელისუფლებასთან შეხვედრისას, „ეროვნული ფორუმის“ სახელით დანარჩენი შვიდი პარტიის წარმომადგენლები იმოქმედებენ. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტი. როგორც ცნობილია, „ეროვნული ფორუმის“ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე, ზაზა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მართალია, ჩაკვეტაძის საკითხი ხელისუფლებასთან საარჩევნო თემატიკაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად არ განიხილება, მაგრამ ამ საკითხს ოპოზიციურ პარტიათა ჯგუფი მუდმივად დასვამს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ეს საკითხი ირაკლი ალასანიამ რვა ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროსაც დააყენა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG