Accessibility links

logo-print

საატესტატო გამოცდები რთული არ იქნება, - უთხრეს მოსწავლეებს


დიმიტრი შაშკინი მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრისას

დიმიტრი შაშკინი მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრისას

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს მეთორმეტეკლასელები მიიწვიეს საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშთა საჩვენებლად. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირქტორმა მაია მიმინოშვილმა მოსწავლეებს მაგალითისთვის მათემატიკის ტესტის ნიმუშები წარუდგინა. მოსწავლეებთან შეხვედრის მიზანი იყო დაერწმუნებინათ ისინი, რომ გამოცდები მარტივი იქნება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 200 მეთორმეტეკლასელს აუხსნეს, რომ გამოცდა მარტივი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი გამოცდა პირველად ტარდება, ტესტებში სპეციალურად მხოლოდ მარტივი და საშუალო სირთულის საკითხები შევიდა:

”მიუხედავად იმისა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ყველა ტიპის დავალება გამოიყენება, - როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული და მარტივი, - ვინაიდან პირველი წელიწადია, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ მარტივი დავალებების ბლოკზე და მხოლოდ მარტივი დავალებების გადალახვის ხარჯზე შეუძლია მოსწავლეს გადალახოს ბარიერი”, - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

მისივე განცხადებით, გამოცდები 8 საგანს მოიცავს. ესენია: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქართული ენა-ლიტერატურა და უცხო ენა. გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით ჩატარდება. ტესტირების ამ მეთოდს ”მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირება” უწოდეს.

ტესტის პრინციპი ასეთია: სპეციალური ალგორითმის საშუალებით კომპიუტერი დავალებათა ბანკიდან შეარჩევს სხვადასხვა სირთულის კითხვებს. წელს მხოლოდ მარტივი და საშუალო სირთულის დავალებები იქნება და 4 სავარაუდო პასუხი იქნება მოცემული. პირველ კითხვაზე სწორად გაცემული პასუხის შემთხვევაში ეკრანზე ახალი დავალება გამოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მიერ კითხვაზე გაცემული პასუხი არასწორი აღმოჩნდა, მომდევნო კითხვა იქნება მარტივი კატეგორიის დავალებებიდან შერჩეული. ამგვარად, კომპიუტერი მოსწავლის ლოგიკას მიჰყვება. შესაბამისად, გამოცდის დასასრულებლად სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა რაოდენობის და სირთულის კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. შესაძლოა 15 კითხვის შემდეგ კომპიუტერი დარწმუნდეს, რომ მოსწავლემ გამოცდა წარმატებით ჩააბარა, შესაძლოა 40-მდე დავალების შეთავაზება მოუწიოს. გამოცდის ხანგრძლივობა ამაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა გამოცდის მაქსიმალური დრო მაინც გაითვალისწინეს და ის საათ-ნახევარზე მეტს არ გაგრძელდება.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, გამოცდაზე მოსწავლე ქულებს და პროცენტებს არ აგროვებს. მას ერთგვარი დიაგრამა ექნება, რომლის მიხედვითაც მისი ცოდნა შეფასდება სხვადასხვა საგანში და შეფასებასაც ამის მიხედვით დაიმსახურებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოსწავლეებს რამდენიმე მაგალითი უჩვენა. ერთი მათგანი, რომელიც მათემატიკიდან იყო აღებული, ასე ჟღერდა:

”16 კვადრატული მეტრი იატაკის შესაღებად 30 კილოგრამი საღებავი დაიხარჯა და რამდენი კილოგრამი საღებავი იქნება საჭირო 12 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე იატაკის შესაღებად?“

„მე არ მეგულება მოსწავლე ამ დარბაზში, რომელიც მეტყვის, რომ ეს ან მეათე, ან მეთერთმეტე, ან მეთორმეტე კლასში ისწავლება. ეს არის მასალა, რომელიც მეექვსე კლასში ისწავლება და სასაცილოა ამის გაპროტესტება, რომ ეს არ უნდა ვიცოდეთ. ხომ სწორია?” - თქვა მაია მიმინოშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები გაცილებით პოზიტიურად განწყობილი ჩანდნენ საგამოცდო ტესტების მიმართ.

მაგალითად, 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი თედიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახლა გაცილებით მოეშვა ის მღელვარება, რაც გამოცდების მიმართ მანამდე ჰქონდა:

”მეთერთმეტეკლასელებისათვის გაცილებით დაბალი ზღვარი უნდა იყოს. ჩვენ არ ვიცოდით ეს გამოცდები ჩასაბარებელი რომ გვექნებოდა და გარკვეულ საგნებს დიდი სერიოზულობით არ ვეკიდებოდით და როგორც ამბობენ, ეგრე მარტივად თუ იქნება, მართლა კარგია ჩვენთვის”.

კითხვა-პასუხის დროს მოსწავლეები დაინტერესდნენ, რა ბედი ელით იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდებს ვერ ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მათ მომავალში ექნებათ, თუ ამის სურვილი აღმოაჩნდათ, გამოცდის ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობა. გამოცდების აუცილებლობა კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლებში შეფასების სისტემის ჩამოყალიბების სურვილით ახსნა:

”ჩვენ უნდა შევაფასოთ ცოდნა, არ ვიყოთ ორიენტირებული ნიშანზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან განათლების დონე ჩვენს სკოლებში არ არის ისეთი მაღალი, როგორიც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ამ ყველაფრის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება არის საატესტატო გამოცდები”.

ჯერჯერობით ცნობილი არაა გამოცდების დაწყების ზუსტი თარიღი. სავარაუდოდ, გამოცდები 20 მაისიდან უნდა დაიწყოს. გამოცდა მოსწავლეებს მათსავე სკოლაში ჩაუტარდებათ კომპიუტერის მეშვეობით, საგამოცდო პროცესს კი ვიდეოთვალითაც დააკვირდებიან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG