Accessibility links

logo-print

სახალხო კრება პოლიტიკოსებთან ერთად და მათ გარეშე


სახალხო კრება ფილარმონიაში

სახალხო კრება ფილარმონიაში

29 დეკემბერს ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში დროებით შეიჩერეს უფლებამოსილება. ”კრება არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ბატალიების ასპარეზად”, - ნათქვამია ”ეროვნული ფორუმის” საგანგებო განცხადებაში, რომლის თანახმადაც ეროვნული კრების ფარგლებში პოლიტიკურად მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და წარმართვის უფლება სახალხო კრების ხელმძღვანელი ორგანოების არაპოლიტიკურ შემადგენლობას უნდა დარჩეს. ამ ეტაპზე კი ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ”ქართულ პარტიასთან” კონფლიქტში სახალხო კრება მხარედ წარმოჩნდა. ძირითადად, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ”სახალხო კრების” მმართველი სტრუქტურებიდან რამდენიმე პირის გასვლა.

”ეროვნული ფორუმიდან” ”სახალხო კრების” ხელმძღვანელ ორგანოებს ექვსი პირი გაემიჯნა. მათგან ორმა აღმასრულებელ საბჭოში შეიჩერა უფლებამოსილება, ოთხმა კი - სათათბირო დარბაზში. ”ეროვნული ფორუმი” სახალხო კრებასთან თანამშრომლობის პარტიულ ფორმატში გაგრძლებას გეგმავს. პარტიულმა ინტერესმა სახალხო კრება უნდა დატოვოს, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკური პატრონაჟი კი სახალხო კრების იდეის დისკრედიტაციას გამოიწვევს - ასეთია ”ეროვნული ფორუმის” ზოგადი განწყობა. მისი წევრების მიერ „სახალხო კრების“ არჩეული ორგანოებიდან წასვლის გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა პროტესტის ნიშნად რამდენიმე ანალოგიური ნაბიჯი. მათ შორის ერთ-ერთი ეკუთვნოდა ეკა ბესელიას, ხელმძღვანელს მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”. იშლება თუ არა სახალხო კრება? ამ შეკითხვით ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერს, რევაზ შავიშვილს, მივმართეთ.

”როგორ დაიშლება! კრება არის რამდენიმე ასეულ ათასი ქართველი ადამიანის წარმომადგენელთა შეკრება. ის არსად არ წასულა, თორმეტ-ნახევარი ათასი დელეგატი იყო კრებაზე. და ეს თორმეტ-ნახევარი ათასია თვითონ კრება. ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელმძღვანელ ორგანოებზე და არც მათ დაშლაზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ იქ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა გარდა, არის უამრავი სხვა უმწიკვლო წარსულისა და დიდი ავტორიტეტის ადამიანი”.

წარმომადგენლობითი სახალხო კრება დაფუძნდა როგორც ხალხის პოლიტიკური თვითორგანიზების ლეგიტიმური ორგანო. მის მიზნებში შედის ქვეყნის დემოკრატიზაცია, ახალი კონსტიტუციის მიღება, საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, სამართლიანი სასამართლოს შექმნა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, სოციალური სამართლიანობის მიღწევა და სხვა. ”კრება უფლებამოსილია მოუწოდოს და გაუძღვეს მოსახლეობას ხელისუფლების უკანონო ქმედებების მიმართ შეურიგებლობისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის მწვავე საპროტესტო პროცესებისაკენ, რათა სამართლებრივი გზით შეიცვალოს არსებული ხელისუფლება”, - ნათქვამია სახალხო წარმომადგენლობითი კრების რეზოლუციაში. თუმცა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ნოემბერში გაიმართა, კრებამ ვერც ხალხის ეგრეთ წოდებული რეკორდული რაოდენობის შეკრება შეძლო და ვერც შემდგომი მოქმედებების სტრატეგიის დაგეგმვა.

”კრებამ მიიღო გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება გულისხმობდა, უნდობლობის გამოცხადების გარდა, დაუმორჩილებლობის პროცესის მზადებას. აღმასრულებელ საბჭოს აკისრია სწორედ ეს ფუნქცია, რომ დაწყებულიყო კონკრეტული მოქმედებები, რაც გულისხმობდა დაუმორჩილებლობის კამპანიის მომზადებას. ეს გადავიდა გაურკვეველი ვადით სადღაც მომავალი წლის გაზაფხულზე და გარკვეული სტაგნაციის პროცესში უცებ შემოვიდა სრულიად გაუგებარი კონფლიქტი ოპოზიციის შიგნით, სადაც კრების დისკრედიტაციის მცდელობაც არის”, - ამბობს ეკა ბესელია, ლიდერი მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”.

სანამ ახლად შექმნილ ვითარებაში აღმასრულებელ საბჭოში უფლებამოსილების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეკა ბესელიას კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებად კრების სტრუქტურებიდან პოლიტიკური ლიდერების დისტანცირება მიაჩნდა. ამაზე „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, რეაქცია ასეთი იყო:

”ხელისუფლება მომართულია მხოლოდ სახალხო კრების და ბურჯანაძის წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ სახალხო კრება დარჩება ყველა პოლიტიკური პარტიის გარეშე, სახალხო კრება იქნება კარგი იდეა, რომელიც ძალიან მალე მოკვდება”.

სახალხო კრება ჯერ კიდევ ოქტომბერში დატოვა საინიციატივო ჯგუფის წევრმა სოსო ცისკარიშვილმა. ამის მიზეზი, მისი განმარტებით, გახდა ის, რომ კრება რეალურად ერთი პარტიის, კერძოდ, ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” დაინტერესების საგანი გახდა. მოგვიანებით კი პარტიისა და სახალხო კრების საქმიანობის ურთიერთგამიჯვნაც გაჭირდა, რამაც სახალხო კრება იმ დავის მხარედ აქცია, რომელსაც სოსო ცისკარიშვილი, თავისი სიმძაფრით ვოტერგეიტის სკანდალს ადარებს.

”მოგეხსენებათ, იქ იყო საუბარი ოპოზიციური პარტიიდან ინფორმაციის მიღების არაკეთილსინდისიერ ხერხებზე, ამ შემთხვევაში კი საუბარია იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებულად აღიარებული კანდიდატი პრეზიდენტობისა თითქოსდა დამარცხებული კანდიდატის მოსყიდვას აპირებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი თავის მოადგილეს დიდი თანხების გათეთრებას ავალებს”.

სკანდალი, რომლის შესახებაც სოსო ცისკარიშვილი საუბრობდა, ნინო ბურჯანაძის მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ, გაახმაურა, როგორც კომპრომატი ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, წინააღმდეგ. ამ სკანდალის სახალხო კრებასთან დაკავშირების გამო, უახლოეს მომავალში სახალხო კრება, შესაძლოა, ასევე კიდევ სამი პოლიტიკური სუბიექტის - „ხალხის პარტიის“, კონსერვატორებისა და „თავისუფალი საქართველოს“ - წარმომადგენელთა, ანუ ”ეროვნული საბჭოს” წევრთა, გარეშეც დარჩეს. კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს:

”მიგვაჩნია, რომ სახალხო კრება ზემოთ უნდა იდგეს ამ კინკლაობაზე, რომელიც მიდის. ეს არის პროექტი, რომელიც არის ზეპარტიული პროექტი და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფთან. ახლა ახალი წლებია, ისეთი პერიოდია, რომ აცოტა მოუხერხებელია ამ თემებზე შეხვედრაც და ლაპარაკიც და ამიტომ ეს, ალბათ, შობის შემდეგ გადაიწევს და შემდეგ გააკეთებს ეროვნული საბჭო თავის განცხადებას სახალხო კრებასთან დაკავშირებით”.
XS
SM
MD
LG