Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ესტონეთის დელეგაცია ჩავიდა


ესტონეთის სახელისუფლებო და ბიზნესდელეგაცია გორში
ესტონეთის სახელისუფლებო და ბიზნესდელეგაცია გორში
ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გორში ესტონეთის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციაში ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ესტონეთის ხელისუფლება დაზარალებული ქალაქის მოსახლეობას ეხმარებოდა, გაჩნდა იდეა, რომ გორი და ესტონეთის რომელიმე ქალაქი დამეგობრებულიყვნენ. ამიტომ დღეს ესტონეთის ქალაქ იეჰვის დელეგაცია შიდა ქართლის ხელისუფლებას შეხვდა. საუბარი იყო ერთობლივი პროექტების მომზადებაზე, ეკონომიკურ და ბიზნესთანამშრომლობაზე, კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებზე.

იეჰვის მერი ტაუნო ვოჰმარი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიმართულება საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა იქნება, ამიტომ მომავალში ამ მიზნით გორში ესტონელი სპეციალისტები ჩავლენ.

აარე რეპანი ესტონელი მცირე მეწარმეა. მას ყველაზე მეტად გორის ტურისტული პოტენციალი აინტერესებს. მისი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ დიალოგი მეწარმეებმა და რიგითმა ადამიანებმა უნდა დაიწყონ.

კადრი იალონენი ესტონეთში მეწარმეთა მხარდამჭერ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მისი აზრით, საქართველო ესტონეთისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, თანამშრომლობა კი მრავალ სფეროშია შესაძლებელი.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა აღნიშნა, რომ გორის და იეჰვის დამეგობრება, პირველ რიგში, ჩვენი ქალაქისთვის იქნება სასარგებლო, რადგან ევროპული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მათ ინტენსიური კონტაქტები აქვთ ევროპულ ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამიტომ ერთობლივი პროექტების მომზადებისას ამ რესურსის გამოყენებაც შეიძლება.
XS
SM
MD
LG