Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება - დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გაგზავნოს ავღანეთში მყოფი 935-კაციანი ქართული დანაყოფის გასაძლიერებლად - სრულიად გაუგებარი ჩანს იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში სამხედრო ძალებს მნიშვნელოვნად ამცირებენ აშშ, საფრანგეთი და ესპანეთი. თუმცა ჯერჯერობით ნიშანწყალიც არ ჩანს იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადათქვას ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ხელი აიღოს ამ ჩანაფიქრზე. ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის იდეით შეპყრობილ საქართველოს ხელისუფლებას არც ის აშინებს, რომ მისი „დაუძინებელი მტერი“ - რუსეთი - აპირებს გაზარდოს საოკუპაციო ჯარების რაოდენობა თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფ რუს დიპლომატებს დაუნიშნა სახელფასო დანამატი, რომელსაც მსოფლიოს ცხელ წერტილებში - ავღანეთში, ერაყში, ლიბიასა და სომალიში მყოფი დიპლომატები იღებენ.
ვინაიდან ძალიან მალე ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რუსეთის სამხედრო მეთაურებს სურთ მოახდინონ საკუთარი გულადობისა და ერთგულების დემონსტრირება...

ცნობილი რუსი სამხედრო მიმომხილველის ალექსანდრ გოლცის აზრით, ყველაფერი ეს შეიძლებოდა ომის სამზადისის წინაპირობად მიგვეჩნია, რომ არა რუსი გენერლების ტრადიცული ფარისევლობა:

„ვფიქრობ, საერთოდ რუსეთის ჯარების ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის ერთგვარი სიმბოლო და, ვინაიდან ძალიან მალე ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რუსეთის სამხედრო მეთაურებს სურთ მოახდინონ საკუთარი გულადობისა და ერთგულების დემონსტრირება. ეს არის და ეს. არ ვფიქრობ, რომ ეს იყოს ომის სამზადისი.“

ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო დანაყოფების გაზრდას პირდაპირ სამხედრო მუქარად არ აღიქვამენ ქართველი ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი ვერ განახორციელებს ღია სამხედრო აგრესიას. თუმცა ბოლო დროს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებიდან მომდინარე რამდენიმე დივერსიული ჯგუფის აღკვეთა და განეიტრალება საქართველოს ხელისუფლებას არც ბოლომდე დამშვიდების და, მით უფრო, ავღანეთში ასეთი ხელგაშლილი სამხედრო კონტრიბუციის გაღების უფლებას უნდა აძლევდეს, - ფიქრობს ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:
ნიკა ჩიტაძე

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა გაზარდოს თავისი კონტინგენტი, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები იმყოფებიან 40 კილომეტრში თბილისიდან. შეიძლება, კი ბატონო, იქ გაგზავნილი იქნენ სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც გაწვრთნიან აფხაზეთის უსაფრთხოების ძალებს - და მაგაზეც იყვნენ გაგზავნილი ინსტრუქტორები. რაც შეეხება უშუალოდ ქართული სამხედრო ოპერაციის ჩართვას, - დამატებით სამხედრო კონტინგენტს ვგულისხმობ, - მე ვფიქრობ, ეს ვერ იქნება გამართლებული, პირველ რიგში, იმიტომ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები იმყოფებიან 40 კილომეტრში თბილისიდან და, მეორეც, საქართველოს ისედაც ჰყავს საკმარისი კონტინგენტი ავღანეთში - 935 სამხედრო მსახურობს და მსახურობს ერთ-ერთ ცხელ რეგიონში, ჰელმანდის პროვინციაში.“
ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-თან აქვს, ჰქონდა წინასწარი შეთანხმება, რომ ჩვენ კონტინგენტს გავზრდიდით...

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არანაირი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია, აპირებს თუ არა ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის გეგმებს გადახედოს მას შემდეგ, რაც, აშშ-ის მიბაძვით, ნატოს წევრი ქვეყნებიც აპირებენ ავღანეთიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანას. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯარის გაგზავნას დააჩქარებს, რადგან დამატებითი სამხედრო ძალა ნატოს კოალიციას სწორედ მას შემდეგ დასჭირდება, რაც ქვეყანას 2012 წლისთვის 30 000-კაციანი ძლიერი ამერიკული არმია დატოვებს:

„ვფიქრობ, საქმე გვაქვს საპირისპირო ვითარებასთან. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-თან აქვს, ჰქონდა წინასწარი შეთანხმება, რომ ჩვენ კონტინგენტს გავზრდიდით; ამიტომ აშშ-მა როდესაც გამოაცხადა, რომ შეამცირებს და გაიყვანს გარკვეულ კონტინგენტს ავღანეთიდან, ციფრობრივად შეიძლება იგულისხმა ის, რომ იქნება დამატება, მათ შორის - საქართველოს მხრიდან. ამიტომ ნებისმიერი დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა - მათ შორის, საქართველოდან - აშშ-ისათვის იქნება კარგი.“

სამხედროების ავღანეთში გაგზავნას საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი მშვიდად და მხარდაჭერით ეკიდება. არ ყოფილა არც ერთი საპროტესტო გამოსვლა მაშინაც კი, როდესაც 2010 წელს სააკაშვილის ბრძანებით 650 კაცით გაიზარდა ქვედანაყოფი ავღანეთში; არც სამგლოვიარო საპროტესტო აქცია გამართულა, როდესაც ივნისის დასაწყისში რიგით მეცხრე ქართველი ჯარისკაცი ჩამოასვენეს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციიდან.

საქართველოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არ მოსწონთ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ავტორიტარული სტილი და ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ დემოკრატიის ნორმების დარღვევაში, ავღანეთში საქართველოს მზარდ მონაწილეობაზე დუმილს ამჯობინებენ. ირაკლი სესიაშვილის ვარაუდით, პროდასავლური პოლიტიკური ძალები საქართველოში შესაძლოა შიშობენ, რომ ხელისუფლება ვაშინგტონის და ბრიუსელის თვალში მარგინალურ, ანტიდასავლურ ძალებად მონათლავს ოპონენტებს, რომლებსაც ჰაერივით ესაჭიროებათ დასავლეთის მხარდაჭერა:

„სააკაშვილი ერთგვარად მანიპულირებს ამ ვითარებით და თუ ქვეყანაში გამოჩნდება რომელიმე დემოკრატიული ძალა, რომელიც ოპოზიციურ სპექტრშია და შეეწინააღმდეგება პირდაპირ ნატოს, სააკაშვილი ამას გამოიყენებს დასავლეთთან მიმართებაში და იტყვის: იცით, რა, მე რომ წავიდე ხელისუფლებიდან, მოვა ის ძალა, რომელიც ქვეყანას დასავლეთის ნაცვლად შეატრიალებს ჩრდილოეთისკენ!“
მე მგონია, რომ საქართველომ ისედაც დაუმტკიცა ნატოს, რომ მას შეუძლია იყოს კონტრიბუტორი, რადგან 935 სამხედრო მოსამსახურე ძალიან დიდი რიცხვია...

თუმცა ცოტა ძნელი სათქმელია, რატომ უნდა ჩაითვალოს ანტიდასავლურ ნაბიჯად მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ არ გაგზავნოს კიდევ ერთი ბატალიონი, ანუ დამატებით კიდევ 600 ჯარისკაცი მაშინ, როდესაც საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ისედაც ლიდერობს კოალიციის შემადგენლობაში (ISAFI-ის ოპერაციაში) 935 სამხედრო მოსამსახურით? მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველოში პოლიტიკური სპექტრი მიყუჩებულია, ანალიტიკოსები სულ უფრო ხმამაღლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ, თეთრი სახლის გეგმების გათვალისწინებით, ახლა სწორედ ხელსაყრელი დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გადახედოს საკუთარ ჩანაფიქრს, რადგან ჯარისკაცების დაღუპვის გარდა ავღანეთში კონტინგენტის გაზრდა საქართველოს ახალს არაფერს მოუტანს.

„მე მგონია, რომ საქართველომ ისედაც დაუმტკიცა ნატოს, რომ მას შეუძლია იყოს კონტრიბუტორი, რადგან 935 სამხედრო მოსამსახურე ძალიან დიდი რიცხვია. საქართველო არის მეორე, ავსტრალიის შემდეგ, სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით, ვგულისხმობ - ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის. თუმცა ავსტრალიის მოსახლეობა 30 მილიონს აღემატება, საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 4.5 მილიონს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ისედაც ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი გვყავს ავღანეთში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ჩვენი დასავლელი მეგობრები ისედაც აფასებენ ჩვენს ღვაწლს ავღანეთში. ამიტომ, ჩემი აზრით, მცდელობა და მტკიცება, რომ საქართველო მზადაა გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი და ამით კიდევ უფრო გააფართოოს ნატოსთან თანამშრომლობა, ვერ იქნება გამართლებული, იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს ეს თანამშრომლობა ჩვენი ბიჭების მსხვერპლის ფასად“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
თუკი ავღანეთში ამ რაოდენობის ჯარისკაცების გაგზავნა სასარგებლოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის, მაშინ ხომ არ აჯობებს, 37 ათასივე ქართველი სამხედრო გავგზავნოთ?..

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მცირე საექსპერტო ნაწილის დამოკიდებულებას არავითარ ყურადღებას არ აქცევს. სააკაშვილის ხელისუფლებისათვის ძნელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა მაშინაც კი, როცა ხელისუფლების ნაბიჯი დიდ რისკთან და ნაკლებ მოგებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ უსაფრთხოების ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებას მიმართოს მეტად უცნაური წინადადებით - რაკი ამერიკას ავღანეთიდან 30 000 კაცი გაჰყავს, საქართველოს ხელისუფლებამ მთელი ქართული არმია გაგზავნოს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში:

„თუკი ავღანეთში ამ რაოდენობის ჯარისკაცების გაგზავნა სასარგებლოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის, მაშინ ხომ არ აჯობებს, 37 ათასივე ქართველი სამხედრო გავგზავნოთ, თუკი ეს მართლაც ნატოს კარებს გაგვიღებს. და ისიც ვთქვი, რომ მეც მზად ვარ, ავღანეთში წავიდე საომრად, თუკი ეს ქვეყანას რეალურად მოუტანს ნატოში გაწევრიანებას.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG