Accessibility links

logo-print
"საარჩევნო სისტემა" ჩვენთვის ხშირად ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის აბსტრაქტული ფორმაა. ბევრი გვესმის მოლაპარაკებებზე, მათ ჩავარდნაზე, მაგიდიდან ადგომაზე, ურთიერთ ბრალდებებზე, მაგრამ რა დევს თავად მოლაპარაკებათა მაგიდაზე?



სისტემა I: მოგებულს რჩება ყველაფერი

ამ სისტემით ქვეყანა ოლქებად იყოფა და ოლქებში პარტიები კანდიდატებს წარადგენენ. წარმოიდგინეთ ასეთი ჰიპოთეზური სიტუაცია: ერთი რომელიმე ოლქი - ვთქვათ, თბილისის რომელიმე ოლქი. ერთი - უმრავლესობის პარტიის კანდიდატი და, ვთქვათ, ოთხი ოპოზიციური კანდიდატი. წარმოვიდგინოთ, რომ უმრავლესობის კანდიდატი იღებს ხმათა 30 პროცენტს და პლუს ერთ ხმას, დანარჩენი ოთხი ოპოზიციური პარტიის კანდიდატები კი ინაწილებენ ამომრჩეველთა ხმების 25%, 20%, 15%, 10%-ს. არსებული კანონმდებლობით, იმის გამო, რომ უმრავლესობის კანდიდატმა ხმათა 30-ზე მეტი პროცენტი მიიღო, ის გამარჯვებული ხდება. მაგრამ აქ დავაკვირდეთ ერთ მარტივ რამეს. 30 პროცენტს იქით, რომელიც ერთმა პარტიამ წაიღო, არის დარჩენილი მოქალაქეთა ხმების 70 პროცენტი, ერთად აღებული, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებზე გადანაწილდა. ანუ რომ შევკრიბოთ ოთხი ოპოზიციური კანდიდატი, მივიღებთ, რომ სამოცდაათი პროცენტი მოსახლეობისა იმ საარჩევნო ოლქში არის ოპოზიციურად განწყობილი. ამის მიუხედავად, მათი წარმომადგენელი პარლამენტში მოსახლეობის 30 პროცენტის მიერ არჩეული უმრავლესობის წევრი ხდება. ამ არჩევის სისტემას ჰქვია „მოგებულს რჩება ყველაფერი“, რაც ზოგადად ცნობილია როგორც მაჟორიტარული არჩევის სისტემა.


სისტემა II: გამარჯვების პროპორციული გადანაწილება

არსებობს არჩევის მეორე სისტემაც. ამ სისტემაში ქვეყანა ოლქებად არ არის დაყოფილი, ან შეიძლება ითქვას, რომ ოლქი მთელი ქვეყანაა. აქ მეორე განსხვავება არის ის, რომ საქართველოს შემთხვევაში ვირჩევთ არა კანდიდატს პარტიიდან, არამედ ხმას ვაძლევთ პარტიას. ისევ ჰიპოთეზურად წარმოვიდგინოთ იგივე სიტუაცია: ერთი - უმრავლესობის პარტია და ოთხი ოპოზიციური პარტია. უფრო ცალსახა შედარებისთვის ისევ წარმოვიდგინოთ, რომ უმრავლესობის პარტია იღებს ხმათა 30 პროცენტს. დანარჩენი ოთხი პარტია იღებს ხმათა 25%, 20%, 15%, 10%-ს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? თუ პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, - როგორც ჩვენს ჰიპოთეზურ სიტუაციაში ვხედავთ, ეს ბარიერი ყველამ გადალახა, - ამ შემთხვევაში პარლამენტის ადგილების შევსება ხდება იმ პროპორციის მიხედვით, თუ ვინ რამდენი პროცენტი მიიღო (მცირე განსხვავებებით, რომელთა ახსნასაც აქ არ შევეცდებით, საკითხი რომ არ გავართულოთ). საბოლოოდ ხდება ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია ავსებს ადგილების დაახლოებით 70 პროცენტამდე, ოთხი პარტიის ხმათა ჯამს, ხოლო ხელისუფლება 30 პროცენტს. ამ სისტემას ჰქვია ინკლუზიური, ანუ მომცველი, სისტემა და სამართლის პრაქტიკასა და თეორიაში მას ჰქვია პროპორციული არჩევის სისტემა.


როგორი პროპორციით აისახება ამომრჩეველთა ხმები პარლამენტში…

შემოთავაზებული ჰიპოთეზა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკითხის ფუნდამენტური შინაარსის გაგებას და არა რაიმე რეალური მდგომარეობის შეფასებას. ის უფრო თეორიული ექსკურსია სისტემებს შორის ფუნდამენტური განსხვავების ასახსნელად, რადგან არსებობს არა პირველი ან მეორე, არამედ შერეული სისტემებიც. სწორედ ასეთი შერეული სისტემით სარგებლობს საქართველო, სადაც დღემდე პარლამენტის 50 პროცენტი კომპლექტდებოდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, მეორე ნახევარი კი - პროპორციულით. ამ შერეული სისტემით კი აქამდე არსებული გამოცდილებით რა ხდებოდა? შერეული სისტემის იმ ნაწილით, რომელიც მაჟორიტარულია (მოგებულს მიაქვს ყველაფერი), მაგალითად, წინა არჩევნებში ხელისუფლებამ ხმათა 94 პროცენტი მიიღო, მეორე სისტემით კი მან მოაგროვა ხმათა 60-მდე პროცენტი. შერეულმა სისტემამ კი გამოიწვია ის, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში ადგილების 80-მდე პროცენტი შეავსო.

აი, რას ამბობს კოტე კანდელაკი, საარჩევნო სისტემათა სპეციალისტი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრიდან:

„დღეს სიტუაცია გვაქვს როგორი, ვთქვათ, იმავე თბილისის საკრებულოში - 55-60 პროცენტი აქვს ერთ პარტიას მიღებული, რომელიც აკონტროლებს 80-85 პროცენტს მანდატებისა. იგივე სურათი გვაქვს პარლამენტშიც და ეს ხდება ზუსტად ამ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე, სადაც ერთი პარტია იგებს ასი პროცენტით.“

ანუ მმართველი პარტია, პროპორციის დაცვით, ქვეყნის მასშტაბით აგროვებს სამოც პროცენტს, თუმცა, „მოგებულს ყველაფერი რჩება“ სისტემით, ეს ბალანსი ოთხმოცპროცენტიან უმრავლესობამდე ადის.


რა დევს მოლაპარაკებათა მაგიდაზე…

მოლაპარაკებათა მაგიდაზე მთელი ამ ხნის მანძილზე სწორედ ეს ფუნდამენტური საკითხი დევს, ვერსიები კი ასეთია: მაგალითად, ოპოზიცია ითხოვდა, რომ სისტემა, სადაც მოგებულს მიაქვს ყველაფერი, გაუქმებულიყო ან გართულებულიყო. ერთ-ერთ ვერსიას განვიხილავ: მაგალითად, ოპოზიცია ითხოვდა, რომ 30 პროცენტიანი გამარჯვების მარჟა აწეულიყო 50 პროცენტამდე. რას ცვლიდა ეს 50 პროცენტი? ცვლიდა იმას, რომ თუ უმრავლესობის და, სავარაუდოდ, ასევე ოპოზიციის ვერც ერთი კანდიდატი ხმათა 50 პროცენტს ვერ მოაგროვებდა, დაინიშნებოდა მეორე ტური. აქ კი არა ხუთი, არამედ ორი, ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე, კანდიდატი შეერკინებოდა ერთმანეთს, სავარაუდოდ, ერთი ოპოზიციის, ერთიც უმრავლესობის. ეს კი იწვევდა შემდეგს: თეორიულად ჩნდებოდა შანსი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, ანუ სამოცდაათი პროცენტი იმ ოლქის ამომრჩევლისა, ჩვენი ჰიპოთეზური მაგალითის მიხედვით, მეორე ტურში, მეტ-ნაკლები აქტივობით, ხმას ერთ წარდგენილ ოპოზიციის კანდიდატს მისცემდა და გამარჯვებული სწორედ ის იქნებოდა. უმრავლესობამ ამ შემოთავაზებებზე უარი განაცხადა.


პარლამენტართა რაოდენობის ზრდა

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიიდან შემოთავაზებები უარყვეს, მათ, თავის მხრივ, წამოსწიეს პარლამენტართა რიცხოვნების ზრდის საკითხი: გავზარდოთ პარლამენტი 150-დან 190-მდე. მოდით, დავაკვირდეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. ნუ, გარდა იმისა, რომ ჯერ ვერ გაირკვა ეს შემოთავაზება კონსტიტუციურია თუ არა და უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი ამის გასარკვევად, ჩვენ, მოდი, სხვა შეკითხვა დავსვათ: რამდენად გამოიწვევს ეს რეალურ ცვლილებას?

მარტივი მათემატიკით თუ დავაკვირდებით, თუ, მაგალითად, არსებული რიცხოვნების პროპორცია არ იცვლება და ზრდაც იმავე პროპორციით ხდება, მარტივი მათემატიკური წესია, რომ პროპორცია გაზრდილ რაოდენობაშიც იგივე დარჩება. ანუ თუ, მაგალითად, პარლამენტში პროპორცია 80/20 პროცენტზეა (80 პროცენტი ადგილებისა მმართველ პარტიას და 20 ოპოზიციას) და თუ პარლამენტს გავზრდით რაოდენობაში, მაგრამ არჩევის პროპორციას შევინარჩუნებთ, გაზრდილ პარლამენტშიც პროპორცია იგივე დარჩება. ეს მარტივი მათემატიკაა. თუმცა საკითხი ასე მარტივად არ დგას. ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა. არა, არჩევის სისტემას არ შეხებია, უბრალოდ, უკვე არჩეული შედეგების პარლამენტში ასახვის პროპორცია გადახარა პროპორციული სისტემის მხარეს, ანუ პარლამენტის შევსება მოხდება არა 50/50-ზე(როგორც აქამდე იყო) არამედ 56/44 პროცენტზე. მეტი წილი( 56 პროცენტი) პარლამენტისა შეივსება პროპორციული სისტემით და ნაკლები( 44 პროცენტი) მაჟორიტარულით. ამ ათპროცენტიანი რაოდენობრივი დათმობის მიუხედავად, ექსპერტები საერთო პროპორციაში ცვლილებას მაინც არ ელიან.

კოტე კანდელაკი: დღევანდელი მოცემულობით, თუ ავიღებთ წინა არჩევნების შედეგებს, ბალანსი არანაირად არ შეიცვლებოდა, იმიტომ რომ პროპორციები და პროცენტული განაწილება მანდატების რაოდენობისა იგივე იქნებოდა. 150-ს ავირჩევთ თუ ასოთხმოცდაათს, იმ შედეგებით, რა თქმა უნდა, პროპორცია იგივე დარჩება.

მაშინ რატომ წავიდა მმართველი პარტია ამ, ასე ვთქვათ, დათმობაზე? ერთი მხრივ, დიახ, შეიძლება ითქვას, რომ დათმობა მოხდა, თუმცა, მეორე მხრივ, არის კიდევ ერთი საკითხი: საერთაშორისო ზეწოლა სისტემის კიდევ ერთი დისბალანსის მიმართ, რაც მაჟორიტარული სისტემის ფუნდამენტური პრობლემიდან მომდინარეობს. მოგეხსენებათ, მაჟორიტარული - ანუ „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ - სისტემა ქვეყანას ოლქებად ყოფს. თავად ოლქებში კი... აი, მაგალითად, როგორც კოტე კანდელაკი ამბობს:

„ყაზბეგის საარჩევნო ოლქში არის სამი ათასი ამომრჩეველი, რომელიც ირჩევს ერთ პარლამენტარს და, ვთქვათ, ქუთაისის საარჩევნო ოლქიც, ირჩევდა ერთს, სადაც არის ასი ათასზე მეტი ამომრჩეველი.“

ვენეციის კომისიაც და სხვა საერთაშორისო ექსპერტებიც ამბობდნენ, რომ ამომრჩევლის მანდატს და ხმას თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს. საქართველოში თებერვალში ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტის რობერტ დალის რეკომენდაციით, სრული გათანაბრებისათვის ქვეყანას უნდა დამატებოდა ერთი იმდენი ოლქი, რაც არსებობდა. ეს, მისი აზრით, არ წარმოადგენდა პრობლემის გადაჭრის პრაქტიკულ გზას, რადგან ეს საკმაოდ რთულად განსახორციელებელი იქნებოდა კულტურული, ეთნიკური და გეოგრაფიული მიზეზების გამო. მმართველმა პარტიამ და გუნდმა ეს გზა მაინც აირჩია, თუმცა მხოლოდ ათი ოლქი დაამატა.

ბუნებრივია, ხელისუფლება მხოლოდ მაჟორიტარული ოლქების გაზრდას ვერ შეძლებდა, რადგან სწორედ ეს იქნებოდა მოლაპარაკებათა მაგიდიდან ადგომა. შეიძლება ითქვას, ამ მთავარი მიზეზის გამო, ხელისუფლებამ 30 ადგილი პროპორციულ სისტემასაც დაუმატა, რამაც მთლიანი ბალანსი ამ ორ საარჩევნო სისტემას შორის პროპორციული სისტემის მხარეს გადახარა. როგორც აღვნიშნეთ, ეს გარკვეული დათმობაა, თუმცა, ექსპერტების აზრით, ამ დათმობის მიუხედავად, პროპორცია ძირეულად არ იცვლება.


რობერტ დალის რეკომენდაცია

რობერტ დალი საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა მოიწვია. 16 გვერდიან რეკომენდაციაში დალი არსებულ საარჩევნო სისტემაში სწორ პასუხებს არ იძლევა, თუმცა აღნიშნავს, რომ დღევანდელი სისტემა ქვეყანაში ძველია და პოსტსაბჭოთა გადმონაშთია. დალის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა - მათ შორის, საქართველომ - შერეული მეთოდები იმის გამო აირჩიეს, რომ თავიდან აერიდებინათ ნაკლოვანებანი ცალ-ცალკე აღებული სისტემებისა. თუმცა, მისი თქმით, რეალურად მოხდა ის, რომ პოსტსაბჭოთა შერეულმა მოდელებმა ორივე სისტემის ნაკლოვანი მხარეები უფრო აითვისეს. დალი მაჟორიტარული სისტემის განხილვისას ამბობს, რომ მისი რეფორმირება ამ ეტაპისთვის თითქმის წარმოუდგენელია, რადგან, მოგეხსენებათ, მაჟორიტარული სისტემა ოლქებს ეყრდნობა, რომლებიც საქართველოში - სხვადასხვა ეთნიკურ, გეოგრაფიულ თუ კულტურულ მიზეზთა გამო - რაოდენობრივად არათანაბარია. მაგალითად, სამი ათასი ყაზბეგელიც და ასი ათასი ქუთაისელიც თითო-თითო პარლამენტარს ირჩევს. ხმათა წონის თანაბრობის მიღწევა, დალის თქმით, სულ მცირე, მომავალი არჩევნებისთვის ძალიან რთული იქნებოდა. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, დალი წერს:

”პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის განხორციელების ყველაზე მარტივ გზას, რომელიც არ საჭიროებს საარჩევნო ოლქების საზღვრების გადასინჯვას, პარლამენტის სრული შემადგენლობის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მიერ არჩევაა.”

ანუ ის, რასაც პროპორციული სისტემა ჰქვია, სადაც ხმები არ იკარგება და მოგებულს ყველაფერი არ მიაქვს.


ეფექტური მმართველობა VS დემოკრატია

რატომ ვერ ელევა, ასე ვთქვათ, მმართველი პარტია მაჟორიტარულ სისტემას? სამეცნიერო დონეზე მიიჩნევა, რომ მაჟორიტარული სისტემა ეფექტური მმართველობის ტოლფასია, რადგან იმის გამო, რომ მოგებულს მიაქვს ყველაფერი, ჩვენ შემთხვევაში პარლამენტში ხვდება მხოლოდ მცირე რაოდენობა პარტიებისა. ეს კი, ბუნებრივია, დიალოგს უფრო მარტივს ხდის: სად ბევრის შეთანხმება, სად ცოტასი. აი, მაგალითად, პროპორციული სისტემით არჩევისას, როგორც კოტე კანდელაკი ამბობს,

„გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება გაძნელდეს, გაჭიანურდეს, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება იქნება და შეიძლება გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდეს და ზოგიერთი ამ შემთხვევაში - გააჩნია ქვეყანა განვითარების რა ეტაპზეა - ამჯობინებს, დიდი ბარიერები დააწესოს, რომ მხოლოდ რამდენიმე პარტია იყოს წარმოდგენილი.“


რომელი სისტემა ჯობია?

ცალსახად იმის დადგენა, რომელი სისტემაა უმჯობესი, ყოველ შემთხვევაში, თეორიულ სფეროში არ ხდება. კოტე კანდელაკის აზრით, მაგალითად, „სისტემების შერჩევა პოლიტიკური გემოვნების საკითხია“.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გემოვნების ფორმირება კონტექსტიდან გამომდინარე ხდება, კონტექსტიდან, რომელშიც ქვეყანა არსებობს. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი პიპა ნორისი ამ თემაზე გამოქვეყნებულ კვლევაში ამბობს:

”საზოგადოებებისათვის, რომლებიც არიან ღრმად განსხვავებულ ეთნიკურ და რელიგიურ დაყოფაზე დაფუძნებული, - მაგალითად, როგორიც არის მალი, ან რუსეთი, ან ისრაელი, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციული სისტემა იქნება უფრო ინკლუზიური….“

ანუ უფრო მომცველი, საზოგადოების ჩამრთველი პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პიპა ნორისი: ”სახელმწიფოებისთვის კი, რომლებიც ღრმად ცენტრალიზებულნი არიან, როგორც დიდი ბრიტანეთი და ახალი ზელანდია, მაჟორიტარული სისტემა უფრო იმუშავებს.”

რაც ნიშნავს, რომ ქვეყნები, სადაც პოლიტიკურ პარტიათა მკვეთრად ჩამოყალიბებული განსხვავებები არსებობს, ან სადაც არსებობს მხოლოდ ორი ან სამი ძლიერი პარტია, პიპა ნორისის მიხედვით, მაჟიორიტარული სისტემა უკეთესად მუშაობს. იმ ქვეყნებში კი, სადაც პოლიტიკური სპექტრი ჭრელია, სადაც მკვეთრად გამიჯნული იდეოლოგიური განსხვავებების ფორმირება არ მომხდარა, ან სადაც კულტურული ან რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებანი შედარებით მრავალფეროვანია, პროპორციული სისტემა უფრო მისაღებია.

მაგალითად, მკვლევარი რობერტ დალი საკუთარ რეკომენდაციაში აღნიშნავდა, რომ სისტემებს ქვეყნები წარსულში ხშირად მექანიკურად და სხვადასხვა გარე პროცესების გავლენით ირჩევდნენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა შერეულ სისტემებს მხოლოდ იმიტომ მიანიჭეს უპირატესობა, რომ არ იყო მკვეთრად განსაზღვრული რომელი სისტემა უფრო იმუშავებდა ქვეყანაში. დალის თქმით, ხშირად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - მათ შორის, საქართველოში -შერეულმა სისტემებმა ორივე სისტემის უარყოფითი მხარეების მობილიზება მოახდინეს საკუთარ თავში. როცა დალი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყნები სისტემებს მექანიკურად ირჩევდნენ, ეს ალბათ უნდა ნიშნავდეს, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი მნიშვნელობის საკითხები ცოტა მეტი დაფიქრებით და საზოგადოების ჩართულობით უნდა წყდებოდეს.
XS
SM
MD
LG