Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში დემონსტრანტებმა ხელთ იგდეს ელიტური სამხედრო ბაზა


ინტენსიური სროლისა და აფეთქების ხმა კვლავ ისმოდა იემენის დედაქალაქ სანააში, სადაც შეტაკება მოხდა პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებსა და იმ სამხედრო დანაყოფს შორის, რომელიც დემონსტრანტების მხარეზე წლის დასაწყისში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ამბოხებულებმა ხელთ იგდეს ელიტური რესპუბლიკური გვარდიის ერთ-ერთი ბაზაც. ამბოხებულებმა იერიშის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კვირასა და ორშაბათს იემენის უსაფრთხოების ძალებმა და მთავრობის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა 50 კაცზე მეტი მოკლეს.

იემენის დედაქალაქ სანააში დღეს მომხდარ შეტაკებებში, რომლის დროსაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 60-მდე გაიზარდა კვირის შემდეგ დაწყებული არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. იუწყებიან, რომ იემენის უსაფრთხოების ძალებმა სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს სანააში „ცვლილებათა მოედანზე“ დაბანაკებულ დემონსტრანტებს, რომლებსაც მოედანი თებერვლის შემდეგ აქვთ დაკავებული და იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას ითხოვენ. სალეჰის მომხრე სნაიპერები დემონსტრანტებს ცეცხლს უშენდნენ მახლობელი სახლების სახურავიდან.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი საავადმყოფოები. ხუთი ჰოსპიტალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სავსეა პაციენტებით...

გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეები და მათი მომხრე სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ოპოზიციის აქციებს იცავს, სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მძიმე ბრძოლებში ჩაერთვნენ და ხელთ იგდეს სანააში განლაგებული რესპუბლიკური გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბაზა. გვარდიელებმა მიატოვეს ბარაკები და საცავებში არსებული მძიმე შეიარაღება მას შემდეგ, რაც ათასობით ოპოზიციის მომხრემ სამხედრო ნაწილს ალყა შემოარტყა. ასეთი განვითარება მოჰყვა კვირასა და ორშაბათს სალეჰის ერთგული უსაფრთხოების ძალების მხრიდან დემონსტრაციის დასაშლელად ძალის გადამეტებულ გამოყენებას.

იტყობინებიან, რომ სპეცრაზმი და პროსამთავრობო ძალები დემონსტრანტთა რიგებს ცეცხლს უშენდნენ ტყვიამფრქვევებსა და ყუმბარმტყორცნებიდან.

ექიმ ტარექ ნომანის ინფორმაციით, სანაას საავადმყოფო გადავსებულია დემონსტრანტებით, რომლებიც ტყვიებითა და ნაღმების ნამსხვრევებით არიან დაჭრილი.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი საავადმყოფოები. ხუთი ჰოსპიტალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სავსეა პაციენტებით. სავსეა ასევე საოპერაციო ოთახები. ამას ისიც ემატება, რომ თავდება საველე ჰოსპიტალში შეტანილი სამედიცინო პრეპარატები და სამკურნალო საშუალებები. სამწუხაროდ, სამთავრობო ძალები აფერხებენ მათ საველე ჰოსპიტალამდე მიტანას“.

ორშაბათს დატრიალებული ძალადობის დროს დაჭრილთა შორისაა ტელეოპერატორი ჰასან ალ ვადაფი. ჭრილობა მან სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით მიიღო. ამ ფაქტმა ჟურნალისტების აღშფოთება გამოიწვია. ჟურნალისტ ჰატაბ ალ რვანის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს აღკვეთოს ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის შესახებ.

„ორშაბათს ჩადენილი დანაშაული, როდესაც ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს მიზანში იღებენ, არის მცდელობა რეჟიმის მიერ თავისი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვისა. ისინი ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების მოკვლით დამალავენ სიმართლეს და შეძლებენ, თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში სანააში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციის მხარეზე გადასული იემენის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მომხრე სამხედრო მეთაურები კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მუხლით უნდა გასამართლდნენ. იემენის პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი, ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც ივნისში თავდასხმის შედეგად მიღებულ ჭრილობებს იშუშებს. საუდის არაბეთის მეფე, აბდულა, დღეს სალეჰის შეხვდა, როგორც იტყობინებიან, ძალადობის ესკალაციის შესახებ სასაუბროდ. ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც სალეჰი საუდის არაბეთში იმყოფება. იმავდროულად, იემენის დედაქალაქ სანააში იმყოფებიან სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი და შუამავლები გაეროდან, რათა ხელი შეუწყონ კრიზისის აღმოფხვრას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG