Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილ-ობამას შეხვედრის თარიღის დასახელებისა და ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის კვირა


მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა. ნიუ-იორკი, 2011 წლის 11 სექტემბერი
მიხეილ სააკაშვილი, ბარაკ ობამა. ნიუ-იორკი, 2011 წლის 11 სექტემბერი
გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების ვაშინგტონში მოსალოდნელი შეხვედრის თარიღი; გამოქვეყნდა ”ფრიდომ ჰაუსის” 2012 წლის ანგარიში; გაირკვა, რომ თურქეთი უცხოეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმს ამკაცრებს.

ორშაბათს „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ გამართა პრეზენტაცია კვლევისა, რომლის სახელწოდებაც გახლდათ: ”ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში”. აღნიშნული კვლევა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის, „კავკასიის კვლევითი რესურების ცენტრის“ მიერ პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით 2011 წლის ივლისში ჩატარდა.

როგორც ანგარიშის პრეზენტაციისას ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრ - საქართველოს” დირექტორმა კობა თურმანიძემ აღნიშნა, საზოგადოებას ევროკავშირზე წარმოდგენა შექმნილი აქვს მის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის გარეშე, თუმცა, ამის მიუხედავად, გამოკითხულთა 80% მზად არის მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათგან 38% ფიქრობს, რომ საქართველო 5 ან უფრო ნაკლები წლის მანძილზე შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. მეტიც, გამოკითხულთა 12%-ს ჰგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია. 2 პროცენტით ნაკლები იყო მათი რაოდენობა, ვინც ასე ფიქროდა 2009 წელს.
სხედან ჩვენ მიერ გამოყოფილ ოთახში და ვალდებულები ვართ ყველა გასატარებელი ოპერაცია მათ შევუთანხმოთ. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. კონტროლი...

ორშაბათსვე ”ქართუ ბანკის” წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოხატეს შემოწმებით, რომელსაც მათ ”ეროვნული ბანკი” უტარებს. ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი შიშობს, რომ ბანკ ”ქართუს” შემოწმება პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს და ის არჩევნებამდე არ დასრულდება.

”არანაირ შემოწმებას „ეროვნული ბანკი“ ”ქართუ ბანკში“ არ ატარებს. ისინი წინასწარ, ოპერატიულად აკონტროლებენ ყოველდღიურ ოპერაციებს. არც საერთაშორისო პრაქტიკაში და არც ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი არაფერია გათვალისწინებული. სხედან ჩვენ მიერ გამოყოფილ ოთახში და ვალდებულები ვართ ყველა გასატარებელი ოპერაცია მათ შევუთანხმოთ. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. კონტროლი და ეს პოლიტიკური მოტივაცია კი იქნება, სულ ცოტა, არჩევნებამდე მაინც”, - განაცხადა ორშაბათს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

მისივე სიტყვებით, ბანკი ”ქართუ” „ეროვნული ბანკისგან“ დამატებით განმარტებებს, თუ რის საფუძველზე და კონკრეტულად რის შესამოწმებლადაა შესული ”ქართუში”, სასამართლოს გზით მოითხოვს. „ეროვნულ ბანკში“ კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ”ეროვნული ბანკი”, როგორც წესი, არ იტყობინება, როდის დაასრულებს შემოწმებას და დატოვებს კომერციულ ბანკს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 30 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს, პირველად უმასპინძლებს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება იუწყებოდა. იქვე ნათქვამი იყო, რომ 2012 წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მე-20 წლისთავი და ოვალურ დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტები ილაპარაკებენ 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაზე „ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და უსაფრთხოების სფეროებში”. იმავე განცხადებაში ეწერა, რომ „პრეზიდენტი ასევე აპირებს საქართველოში მოახლოებული არჩევნებისა და იმ რეფორმების განხილვას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შემდგომ გარდაქმნას აქტიურ და სტაბილურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ.“
არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური წარმოდგენა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე...

მიუხედავად ერთსულოვანი დადასტურებისა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, ექსპერტები და ანალიტიკოსები მაინც სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამდნენ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმის თაობაზე, თუ ვისთვის რა სიგნალი შეიძლება იყოს ეს შეხვედრა და რა ჭრილში განიხილება მომავალი არჩევნების თემა.

იმ ფაქტს, რომ თეთრი სახლის განცხადებაში საგანგებოდ არის გამოკვეთილი მომავალი არჩევნების თემა, შემთხვევითად არ მიაჩნია თედო ჯაფარიძეს, საქართველოს ყოფილ ელჩს შეერთებულ შტატებში და ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. მისი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს თეთრ სახლში მოუწევს ისაუბროს პოლიტიკური კონკურენტებისადმი უსამართლო მოპყრობაზე, რადგანაც წინასაარჩევნო პროცესებს საგანგებო ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობა.
ოპონენტების მოლოდინს, რომ პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილს, შესაძლოა, სერიოზული შენიშვნები მისცეს შიდაპოლიტიკურ სარბიელზე განვითარებული მოვლენების გამო, არასერიოზულად მიიჩნევენ ხელისუფლების წარმომადგენლები.ასე ფიქრობს, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი:

”არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური წარმოდგენა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და, ასე ვთქვათ, იმ ხარისხზე, რითაც შეუძლია ისეთ მნიშვნელოვან და დიდ ქვეყანასაც კი, როგორიც არის შეერთებული შტატები, ჩაერიოს ისეთი პატარა და მეგობრული ქვეყნის საშინაო საქმეებში, როგორიც არის საქართველო. ამ შეხვედრით ასეთ ილუზიებს საბოლოოდ დაესმება წერტილი.”

ანალიტიკოსების შეფასებით, ობამა-სააკაშვილის შეხვედრა სიგნალი იქნება ბევრისთვის და, მათ შორის, უპირატესად, მოსკოვისთვის. ამასთან, ქართველი ექსპერტები კვირის მანძილზე საუბრობდნენ ირანის ფაქტორზე და გასათვალისწინებლად მიიჩნევდნენ საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებში.
თუ ცვლილება საქართველოსაც შეეხება, ფაქტია, რომ არაერთი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. იქ დასაქმებულებისათვის ეს დიდი პრობლემა იქნება...

გასულ კვირას ცნობილი გახდა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, გაამკაცროს სავიზო რეჟიმი. ახალი კანონის თანახმად, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს თურქეთში დარჩენა სამი თვით შეეძლება, ხოლო ქვეყნის დატოვების შემდეგ უკან დაბრუნებას მხოლოდ სამ თვეში შეძლებს. ეს განცხადება 17-18 იანვარს საქართველოში ვიზიტად მყოფმა დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქარმაც დაადასტურა, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი ამ საკითხს ქართულ უწყებებთან ცალკე განიხილავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საკონსულოშიც ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე ორ მთავრობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გაირკვევა, შეეხება თუ არა გამკაცრებული სავიზო რეჟიმი საქართველოსაც, რომელიც დღეს თურქეთთან მიმოსვლის გამარტივებული პირობებით სარგებლობს: თურქეთში წასვლა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ და პირადობის მოწმობებითაც შეუძლიათ.

იმის გათვალსწინებით, რომ თურქეთში დღესაც ათასობით ქართველი მუშაობს, რომლებიც ოჯახებს სწორედ იქ აღებული ხელფასით არჩენენ, გამკაცრებული სავიზო რეჟიმის პირობებში მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება გაუჭირდა ეკონომისტ ნოდარ ხადურს, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამკაცრებული სავიზო რეჟიმის პირობებში ადამიანები მეტ-ნაკლებად სტაბილურ სამსახურებს დაკარგავენ:

”წარმოიდგინეთ, აქამდე ხომ ასე იყო, რომ წამოვიდოდა საქართველოში ადამიანი შაბათს, განაახლებდა ვიზას და ორშაბათს ისევ ბრუნდებოდა და მუშაობას აგრძელებდა. თუ ცვლილება საქართველოსაც შეეხება, ფაქტია, რომ არაერთი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. იქ დასაქმებულებისათვის ეს დიდი პრობლემა იქნება.”

გასული კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს შორის უნდა გამოვყოთ შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ორგანიზაციის, ”ფრიდომ ჰაუსის” (FREEDOM HOUSE), 2012 წლის ანგარიში - ”თავისუფლება მსოფლიოში”, რომელიც 2011 წლის მონაცემებს ეყრდნობა და საქართველოს კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფს მიაკუთვნებს. 19 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია მსოფლიოს 195 ქვეყნისა და 14 ტერიტორიის მაგალითზე.

თავისუფლების ხარისხის მიხედვით, ”ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნებსა და ტერიტორიებს სამ კატეგორიად ყოფს: ”თავისუფალი,” ”ნაწილობრივ თავისუფალი” და ”არათავისუფალი”. ამგვარ გადანაწილებას საფუძვლად უდევს ორი კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულები. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. საქართველოს მაჩვენებლები ზედიზედ მეორე წელიწადია 4 და 3 ქულით განისაზღვრება.

იმ ფაქტს, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩა, გასაკვირად არ მიიჩნევს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია:
გია ნოდია
გია ნოდია

”ჩემი აზრით, არ გვაქვს საფუძველი იმის ფიქრის, რომ 2011 წელს ან, ვთქვათ, პრინციპულად დემოკრატიულები გავხდით, ანდა პრინციპულად ნაკლებად დემოკრატიულები გავხდით. პრინციპულად არაფერი შეცვლილა და ამიტომ, ვფიქრობ, სწორია, რომ „ფრიდომ ჰაუსს“ არ ჰქონდა საფუძველი, რომ წინა წლის შეფასება შეეცვალა.“

აქვე განვმარტოთ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასების მიხედვით, ნაწილობრივ თავისუფალია ქვეყანა, სადაც შეზღუდულია პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემა. ეს ქვეყნები ხშირად უჩივიან ”კორუფციული გარემოს არსებობას, კანონის უზენაესობის სისუსტეს, ეთნიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებას”. ასეთ ქვეყნებში ხშირად მოქმედებს სისტემა, რომელიც უფლებას აძლევს ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეინარჩუნოს დომინანტის როლი, შეზღუდული პლურალიზმის ფასადის მიუხედავად.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG