Accessibility links

logo-print

ჯიოევა ინაუგურაციის თარიღის დასანიშნად ემზადება


ალა ჯიოევა

ალა ჯიოევა

დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას ულტიმატუმის ვადა დღეს ამოიწურა. იგი თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევისგან ხელისუფლების გადაცემას მოითხოვს. რამდენიმე დღის წინ ჯიოევა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დეკემბერში მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა და ხელისუფლება ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. შაბათს ცხინვალში მიტინგი გაიმართა. ჯიოევას შტაბთან მისულმა დაახლოებით 200-მა კაცმა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნება და ჯიოევასთვის ძალაუფლების გადაცემა მოითხოვა. მიტინგზე შეკრებილებს ლიდერმაც მიმართა. მისი თქმით, თუ ბროვცევი პასუხს არ გასცემს, იგი 23 იანვრის შემდეგ თავისი საპრეზიდენტო ინაუგურაციის თარიღს გამოაცხადებს.

მიტინგზე შეკრებილებს ჯიოევამ შეთანხმების ის პუნქტები გააცნო, რომლებიც ხელისუფლების მიერ დაირღვა. თანამდებობებზე დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისა და გენერალური პროკურორის დატოვება, პოლიტიკური ნიშნით მისი მომხრეების დევნა, ჩაკეტილი საინფორმაციო სივრცე, მთავრობაში მისი მომხრეების არდანიშვნა – ამ პუნქტების შეუსრულებლობამ, ოპოზიციის მომხრეების აზრით, ჯიოევა შეთანხმების გაწყვეტამდე მიიყვანა. მან 25 მარტს დანიშნული არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის პასუხი ჯიოევას მოთხოვნებზე ოსური მედიით გავრცელდა. მის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯიოევას ნაბიჯები არაკონსტრუქციული და პროვოკაციულია, რაც რესპუბლიკაში არჩევნების წინ შიდაპოლიტიკური ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება შეასრულა და ჯიოევას მოთხოვნებს არც მორალური და არც იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. უკვე ცხადია, რომ ბროვცევი ჯიოევასთვის ძალაუფლების გადაცემას არ აპირებს.

ამასობაში დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატების რეგისტრაციას განაგრძობს. რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლათ თედეევმა. ნოემბრის არჩევნების წინ მას რეგისტრაციაზე უარი რესპუბლიკაში საცხოვრებელი ცენზის უქონლობის გამო უთხრეს. ამის შემდეგ თედეევმა მხარი ჯიოევას დაუჭირა, ახლა კი აცხადებს, რომ კომისია უკვე დამოუკიდებელია და მას რეგისტრაციაზე უარი აღარ უნდა უთხრან. ამ ინფორმაციამ ცხინვალში ბევრი დააბნია: ოპოზიციის მომხრეები ვერ იგებენ ჯიოევა და თედეევი ისევ ერთად არიან, თუ მათი გზები გაიყარა. არადა, ჯიოევა შტაბად თედეევის სახლს იყენებს და მიტინგებსაც იქვე მართავს, თედეევი კი იმ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელსაც ჯიოევა არალეგიტიმურად მიიჩნევს და ბოიკოტს უცხადებს. ექსპერტების აზრით, თედეევი და ჯიოევა ისევ ერთად არიან, მაგრამ არსებული ხელისუფლების დასამარცხებლად სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ.

თედეევის განცხადებამ კოკოითის მომხრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ექს-პრეზიდენტ კოკოითის თანამებრძოლები არიან, პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს და საარჩევნო კომისიას გაფრთხილება გაუგზავნეს, რომ თედეევის რეგისტრაციის საკითხი აღარ განიხილონ. ექსპერტების აზრით, კოკოითის მომხრეები ძალაუფლების დაკარგვას ადვილად არ შეეგუებიან, ბრძოლაზე უარს არც ოპოზიცია ამბობს. 25 მარტამდე თვე-ნახევარი რჩება, ამ პერიოდში კი ვითარება სულ უფრო დაიძაბება. ანალიტიკოსების აზრით, ჯიოევამ და თედეევმა საპროტესტო მუხტის აწევა უკვე დაიწყეს.
XS
SM
MD
LG