Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზღვევის ხელმისაწვდომობა საქართველოში


სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ახალი სამედიცინო ცენტრი ზესტაფონში
სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ახალი სამედიცინო ცენტრი ზესტაფონში
საქართველოში 150-მდე ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო უნდა აშენდეს. ამ რაოდენობის თითქმის მესამედი უკვე პირადად გახსნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ახალი სამკურნალო დაწესებულებებით სარგებლობა პირდაპირ კავშირშია დაზღვევის ბიზნესის განვითარების დონესა და მის ხელმისაწვდომობასთან.

საქართველოში დაზღვევის ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, იმის გამო, რომ პენსიონრებსა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სახელმწიფო დააზღვევს, წლის ბოლოს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაზღვეული იქნება:
2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე, ანუ თითქმის ორმილიონ-ნახევარი ადამიანი...
მიხეილ სააკაშვილი

„2006 წლამდე საქართველოში სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა 40 000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით, 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ, 2012 წელს კი 60-ჯერ გაიზრდება. 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე, ანუ თითქმის ორმილიონ-ნახევარი ადამიანი; სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება. და ეს იქნება დიდი გარდატეხა ასობით ათასი ოჯახის ცხოვრებაში.”

საპარლამენტო უმრავლესობა ტაშით შეხვდა პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფო დაფინანსებით დაზღვეულთა რაოდენობის ზრდის შესახებ. ახალი ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო დაზღვევა შეეხება იმ კატეგორიის მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე თითქმის ვერ ახერხებდნენ ჯანმრთელობის დაზღვევას. ესენი არიან პენსიონრები და სკოლამდელი ასაკის ბავშვები, თუმცა რიგითი მოქალქეებიც თითქმის ვერ ახერხებენ პიროვნულად დაზღვევას. ამის მიზეზებზე საუბრობს ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევების და კონსულტაციების ცენტრის” "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი:

”13 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ 4 მათგანი თავაზობს ინდივიდუალური პირების დაზღვევას რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ეს არნიშნავს, რომ საქართველოში ინდივიდუალური პირები არ ეზღვევიან, უბრალოდ ისინი ეზღვევიან იურიდიული პირების გავლით, ანუ ორგანიზაციებიდან. რაც ალბათ განპირობებულია იმით რომ რისკები ერთი პირის დაზღვევასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მაღალია ვიდრეკორპორატიული რისკი.”

გიორგი აბაშიშვილის ორგანიზაციამ მოამზადა სადაზღვევო სისტემის კვლევა, რომელმაც სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების განვითარების დონის, ხელმისაწვდომობისა და ფასების ანალიზი მოამზადა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირი სადაზღვევო პროდუქტია ჯანმრთელობის დაზღვევა. დღეში მინიმუმ 1 ლარი მაინც არის საჭირო, რომ ადამიანმა ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს. კვლევამ გამოავლინა ყველაზე მეტად და ნაკლებად განვითარებული სადაზღვევო პროდუქტებიც. მათ შესახებ გიორგი აბაშიშვილი ამბობს:

”ყველაზე უფრო ნაკლებად შემოთევაზებადი სადაზღვევო პროდუქტი არის აგროდაზღვევა. ჩვენს მიერ გამოკვლეული კომპანიებიდან მხოლოდ ოთხმა წარმოადგინა ეს პროდუქტი. როდესაც ქვეყნაში ლაპარაკი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ბუნებრივია წარმოუდგენელია აგროდაზღვევის გარეშე.”
საქართველოში სადაზღვევო ბიზნესი საერთოდ ჩანასახის ფორმაში არის, ვთქვათ, იმავე ბანკებთან შედარებით...
მიშა თავხელიძე

გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ყველაზე შემოთავაზებადი პროდუქტი სამოგზაურო დაზღვევაა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს უამრავი სადაზღვევო პროდუქტი, რაც ხელმისაწვდომია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, საქართველოში სადაზღვევო სექტორი ჩანასახის სტადიაზე იმყოფება. ამ აზრისაა ჟურნალ ”ტაბულის” ერთ-ერთი ავტორი, მიშა თავხელიძე:

”საქართველოში სადაზღვევო ბიზნესი საერთოდ ჩანასახის ფორმაში არის, ვთქვათ, იმავე ბანკებთან შედარებით. ამ შემთხვევაში ლოგიკურად გასაგებია, რომ რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემ და ნაკლებად შეაწუხებ, მით უფრო მეტი საშუალება ექნება განვითარების.”

მიშა თავხელიძის ეს კომენტარი შეეხება მთავრობისა და სადაზღვევო სფეროს მარეგულირებლის, ეროვნული ბანკის სურვილს უფრო მეტად აკონტროლოს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა. ამის შესახებ თავის საპარლამენტო გამოსვლაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა:

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
”ვქმნით თამაშის ახალ წესებს, რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან დაზღვეული მოქალაქეების ინტერესები და არ მოატყუონ ისინი. ამ სფეროში პრობლემები ჯერაც ბევრია: არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აწყდებიან უსამართლობას სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის პროდუქტის შეთავაზებისას. ხშირად, არაკეთილსინდისიერი მანიპულაციების შედეგად, დაზღვეულმა მოქალაქემ რეალურად არ იცის რა ეკუთვნის და რა არა, რას დაფარავს დაზღვევა და რას არა - ან ჰგონია, რომ იცის, მაგრამ მისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღმოაჩენს, რომ თურმე მწარედ ცდებოდა.”

სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო ჩარევის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც დაზღვევის მთავარი დამფინანსებელი სახელმწიფო გახდება. მაგრამ აქ დიდ საშიშროებას ვერ ხედავს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი. მისი აზრით, მომხმარებელთა უკმაყოფილებას ძირითადად ის ფაქტი იწვევს, რომ ისინი დეტალურად არ ეცნობიან ხელშეკრულების პირობებს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრობლემების გარდა, საქართველოში სადაზღვევო სფეროს სხვა პრობლემებიც ახასიათებს, კერძოდ, 2011 წლის პირველი ნახევარი ამ ბიზნესისთვის წამგებიანი აღმოჩნდა. იმედოვნებენ, რომ შარშანდელი ჩავარდნის დაძლევა სახელმწიფოს მიერ ახალი სადაზღვევო პროგრამების განხორციელებით მოხერხდება.
XS
SM
MD
LG