Accessibility links

logo-print

შეზღუდვები აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარზე


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

მოსწავლისთვის განკუთვნილი სპეციალური საშვის უქონლობის მიზეზით, რუსეთის სამხედროებმა დღეს, 13 მარტს, დილით 15 მოზარდი ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში არ გადმოუშვეს. შემთხვევა ოტობაია-განმუხურის პირობით საზღვართან მოხდა.

მოსწავლეები, რომლებიც წლებია ოკუპირებული სოფლებიდან ფიჩორიდან და ოტობაიიდან განათლების მისაღებად ზუგდიდის სოფელ განმუხურის ქართულ სკოლაში გადმოდიან, მესაზღვრეებმა საკუთარ სახლებში დააბრუნეს და მათ მშობლებს სპეციალური დოკუმენტაციის მომზადება მოსთხოვეს.

განმუხურის სკოლის დირექტორი ზურაბ ჯოლოგუა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლო სამი დღეა მეორდება:

„მოდიოდა ბავშვი მეორე გაკვეთილზე. როცა ვკითხე მიზეზი, მიპასუხა, არ გადმოგვიშვესო. შეიარაღებული ხალხი დაგვხდა და ისინი როცა წავიდნენ, მერე გამოვიპარეთო. ეს შემთხვევა სამი დღის წინ იყო. გუშინ კი ცხრა ბავშვი ვერ გადმოვიდა. იქ ვიდეოთვალია დაყენებული, ის მანქანის მოძრაობას აფიქსირებს. გამოგვედევნენო მანქანით და დაგვაბრუნესო. დღეს კი სამი ბავშვი გადმოვიდა, ისინი ეზოებით გადმოიპარნენ, დანარჩენი თხუთმეტი არ არის. უთქვამთ, საზღვარს აქეთ გადმოსვლის ნებართვა უნდა გქონდეთო“.

ძალიან მწყდება გული, რომ ბავშვებს შესაფერისი საშუალება და პირობები არ აქვთ, რომ გადმოლახონ საზღვარი და ნორმალური განათლება მიიღონ...
განმუხურის სკოლაში ყოველდღიურად სასწავლებლად 18 მოსწავლე გადმოდიოდა, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ სასწავლო დაწესებულებაში უკვე არ იციან, გამოუშვებენ თუ არა მოსწავლეებს მშობლები:

„ძალიან მწყდება გული, რომ ბავშვებს შესაფერისი საშუალება და პირობები არ აქვთ, რომ გადმოლახონ საზღვარი და ნორმალური განათლება მიიღონ“, - ამბობს განმუხურის სკოლის მასწავლებელი იზა უბილავა.

აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში აცხადებენ, რომ მშობლები თავად ცდილობენ პრობლემის ადგილზე მოგვარებას.

„მშობლები აწარმოებენ რუსებთან მოლაპარაკებას და ხვალ გვეცოდინება, რა სიტუაციაა. ჩვენ ყველას შევატყობინეთ და ვნახოთ...“, - აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ოთარ გოგოხია.

ოტობაია-განმუხურის პირობითი საზღვრის მსგავსად, გადაადგილების პრობლემა მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ საბერიო-ფახულანის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე.

ადმინისტრაციულ საზღვარზე მოსწავლეთათვის გადაადგილება ახალი სასწავლო წლიდან შეიზღუდა. მაშინ რუსეთის სამხედროებმა მოსწავლეებს და მათ მშობლებს განუცხადეს, რომ განათლების მიღება აფხაზეთშიც არის შესაძლებელი და ამ მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთა საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG