Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნადირობა ინდოეთში“ - ფიროსმანის კიდევ ერთი დაბრუნება


შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სრული სახით პირველად გამოიფინა ფიროსმანის სურათი „ნადირობა ინდოეთში“, რომელიც რესტავრაციამდე ორ ნაწილად იყო დანაწევრებული: სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მამაკაცის ფიგურით, ტილოს ძირითადი ნაწილი კი 1930 წლიდან დახვეულ მდგომარეობაში ინახებოდა მუზეუმის ფონდში. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მუზეუმის თანამშრომლებს ჰქონდათ სურათის რესტავრაციის მცდელობა, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა. როგორ მოხვდა ფიროსმანის ნახატი ხელოვნების მუზეუმში და რა გზა გაიარა სურათმა მეორე დაბადებამდე?

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერის საინვენტარო წიგნში ვკითხულობთ ოთხმოცი წლის წინ გაკეთებულ ჩანაწერს: N-1358 - „ნადირობა ინდოეთში“, ძალიან დაზიანებულია. ამოჭრილია. 1930 წელი. 40 მანეთად შეძენილია სერგო კლდიაშვილისგან. N-229 - „ნადირობა ინდოეთში“. „მოგზაური“. დეტალი. ზეთი მუშამბა. სურათი გაჭუჭყიანებულია. მუშამბა დაკრულია ფიცარზე. ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე გვიჩვენებს ერასტ კუზნეცოვის კატალოგს, რომელშიც „ნადირობა ინდოეთში“ შესულია სწორედ ამოჭრილი ფრაგმენტის გარეშე. მუზეუმის საინვენტარო წიგნში ფრაგმენტის შეძენის თარიღი და მფლობელის ვინაობა მითითებული არაა, რაც შეეხება ტილოს ძირითად ნაწილს, ამასთან დაკავშირებით ეკა კიკნაძე ამბობს:

„სურათი მუზეუმში შემოვიდა 1930 წელს მწერალ სერგო კლდიაშვილისგან, რომელიც მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან იყო იმ მწერლებისა და მხატვრების რიგში, რომლებიც დაინტერესდნენ და მოიხიბლნენ ფიროსმანით და დაუდგნენ გვერდით დიმიტრი შევარდნაძეს იმ უდიდეს საქმეში, რასაც ფიროსმანის შემოქმედების შეგროვება და მისი მუზეუმში თავმოყრა ერქვა“.

ეკა კიკნაძის თქმით, დიმიტრი შევარდნაძის მცდელობა 1930 წელს მოეწყო ფიროსმანის გამოფენა დრეზდენში, პოლიტიკური ვითარების გამო, წარუმატებლად დამთავრდა, თუმცა ფიროსმანის ნახატები - მათ შორის, ფრაგმენტი სურათისა „ნადირობა ინდოეთში“ - გამოფინეს მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ხარკოვსა და ოდესაში.

ეკა კიკნაძე
ეკა კიკნაძე

„ბოლოს კი, 1938 წელს გამოიფინა ეს ფრაგმენტი თბილისში, ანუ დღეს პირველად ხედავს საზოგადოება ამ სურათს სრული სახით, თუ, რა თქმა უნდა, არ არის დარჩენილი ისეთი ვინმე, ვინც გასული საუკუნის ათიან წლებში დადიოდა სანდრო კოჭლაშვილის დუქან „კარდანახში“, სადაც ეკიდა ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“. ამ დუქანში რომ იყო ეს სურათი, ვიცით ილია ზდანევიჩის მიერ 1913 წელს გაკეთებული დღიურიდან, რომელშიც მან აღწერა რამდენიმე შეხვედრა ფიროსმანთან, როდესაც მხატვარი თავის ახალგაზრდა კოლეგის პორტრეტს ხატავდა. ამ დღიურის მიხედვით, ილია ზდანევიჩს აქვს შემოვლილი ყველა დუქანი და გაკეთებული აქვს აღწერა, რომელ დუქანში რა სურათი ნახა. დუქან „კარდანახის“ აღწერაში ამ სურათის შესახებ რუსულად ვკითხულობთ: Слон, пиры, кабан и медведь. პირი - სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მხცოვანს, წმინდანს ან წმიდა ადგილს. როგორც ჩანს, ასე განსაზღვრა ილია ზდანევიჩმა სურათზე გამოსახული ჩალმიანი მამაკაცების ვინაობა“, უთხრა ეკა კიკნაძემ რადიო თავისუფლებას.

სურათის ძირითადი ნაწილი მწერალ სერგო კლდიაშვილის საკუთრება იყო და, როგორც მწერლის შვილიშვილი გიორგი თოლორაია იხსენებს, ვიდრე მუზეუმს გადაეცემოდა, კარგ მდგომარეობაში იყო.

გიორგი თოლორაია
გიორგი თოლორაია

„მუშამბა მოითხოვს დაახლოებით 50-60% ტენიანობას და 20-30 გრადუს ტემპერატურას, ნახატი კი ინახებოდა სარდაფში. როდესაც ეს სურათი მუზეუმს გადასცა ბაბუაჩემმა, იმდენად კარგად იყო შენახული, რომ დედაჩემს, რომელიც მაშინ ბავშვი იყო, ეშინოდა სურათზე გამოსახული ცხოველებისა. ბატონი დიმიტრი შევარდნაძის დირექტორობის დროს ეს სურათი შეახვიეს და 50 წელიწადი ინახებოდა ბარბაროსულ პირობებში. როდესაც გახსნეს 70-იან წლებში, საღებავმა დაიწყო ჩამოცვენა და სასწრაფოდ დახურეს“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი თოლორაიამ, რომლის ნათქვამს, რომ სურათს ბევრი დაზიანება ჰქონდა, ადასტურებს რესტავრატორი ნანა მანაგაძე, რომელმაც ეველინა კერესელიძესთან ერთად ურთულესი შრომა გასწია და, არაერთი ნახევისა და დეფორმაციის მიუხედავად, ფიროსმანის შედევრს პირვანდელი იერი დაუბრუნა:

„დეტალის გამოფენა შეიძლებოდა, მაგრამ მთლიანად ამ ნამუშევრის გამოფენა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახევი ჰქონდა. პირველ რიგში გაკეთდა გამაგრება, ყველა ნახევი თავის ადგილზე დავაწყვეთ და სულ ბოლოს ამოჭრილი ფრაგმენტი ჩავსვით თავის ადგილზე, გავამაგრეთ, შემდეგ დუბლიაჟი გაკეთდა, სარესტავრაციო გრუნტით შეივსო ეს დაკარგული ადგილები და ნული ნომერი ფუნჯით გაკეთდა რესტავრაცია, ტონირება, რომ ავტორისეულ ფერწერას არ შევხებოდით“.

ნანა მანაგაძე იმასაც ამბობს, რომ ფიროსმანის სურათის რესტავრაციის მცდელობას გასული საუკუნის 70-იან წლებშიც ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ ამის გაკეთება ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.

„სათანადო ლაბორატორია არ გვქონდა. დიდი ფორმატის სურათია და მაგიდასაც დიდს მოითხოვდა და ლაბორატორიაშიც ბევრი ადგილი გვინდოდა. ბოლო დროს შეიქმნა ასეთი სამუშაო პირობები, რომ ეს სურათი დაგვემთავრებინა. როგორც კი ვნახეთ ფონდში ასეთი დაზიანებული სურათი 2004 წელს, ჩამოვიტანეთ ჩვენი ინიციატივით და გავაკეთეთ მასზე დამაგრება, რათა არ გაზრდილიყო დაზიანება. ბოლო წლებში ინტენსიურად ვმუშაობდით და კიდევაც მივეცით საგამოფენო სახე“, უთხრა ნანა მანაგაძემ რადიო თავისუფლებას.

დავით ლორთქიფანიძე
დავით ლორთქიფანიძე

რესტავრატორების მიერ გაწეულ შრომას მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომლის თქმითაც, რესტავრატორთა პროფესიონალიზმის წყალობით კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ფიროსმანის შემოქმედების სიდიადე.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, თუ რა დიდი სიმდიდრე გვაქვს და რამდენი რამ გვაქვს აღმოსაჩენი, რა ფართოა ფიროსმანის შემოქმედება და აგრეთვე აჩვენებს იმას, თუ რა მაღალი რანგის თანამშრომლები გვყავს. თითქმის არ ჩანდა ნამუშევარი და ეს არის ურთულესი პროცესი, რომელსაც შევადარებდი ნეიროქირურგიას. ურთულესი ქირურგიული პროცესი ჩატარდა და დაუბრუნდა ფიროსმანი საზოგადოებას პირველადი სახით. ფიროსმანი არ არის მარტო სპეციალისტებისთვის, მარტო ქართველებისთვის. ფიროსმანი არის მსოფლიო კულტურის ნაწილი და აგრეთვე ეს არის საშუალება გავავრცელოთ ფასეულობები“, უთხრა დავით ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას.

დაზიანების ხარისხის გარდა, რესტავრატორის შრომას ასევე ართულებდა ფიროსმანის უნიკალური ხელწერა და მხატვრის მიერ გამოყენებული საღებავების ქიმიური შემადგენლობა. მხატვარი გიორგი გეგეჭკორი იმეორებს ფიროსმანის ერთ-ერთი აღმომჩენის, მიშელ ლე დანტიუს, გამონათქვამს და ფიროსმანს ქართველ ჯოტოს უწოდებს.

ფიროსმანის ნახატების ფრესკულობას - ანუ ტრადიციული ქართული ფრესკების გავლენას - შენიშნავს კირილე ზდანევიჩიც ფიროსმანზე დაწერილ თავის ცნობილ წიგნში: ფრესკული სიბრტყელე, ხელების განლაგება და თავის სახასიათო მობრუნება, ფიგურების დიდებულება და სიმარტივეო, წერს კირილე ზდანევიჩი, რომელიც ასევე ხაზს უსვამს ფიროსმანის კომპოზიციურ ნიჭსა და შრომის ნაყოფიერებას: უზარმაზარ, ხუთმეტრიან ტილოებს რამდენიმე დღეში ხატავდა, ერთფიგურიანებს კი - რამდენიმე საათშიო. ფიროსმანის მუშაობის ტექნიკა და სისწრაფე მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარს, შორენა ლებანიძეს, აფიქრებინებს, რომ დღემდე შემორჩენილია ფიროსმანის შემოქმედების ძალიან მცირე ნაწილი:

რესტავრაციის პროცესი
რესტავრაციის პროცესი

„არც ჩანახატს აკეთებდა, არც ესკიზს, არც წინასწარ მონახაზს. პირდაპირ ფუნჯით იწყებდა მუშამბაზე ხატვას. მისი მონასმი იყო ერთადერთი და განუმეორებელი, რომელსაც გადაკეთება არ სჭირდებოდა და რაკი სწრაფად მუშაობდა, დღეში ორ-სამ სურათსაც კი ხატავდა. ჩვენამდე მოღწეულია 300-ზე მეტი ნამუშევარი, მაგრამ მას გაცილებით მეტი ჰქონდა დახატული, რაკი ხატვის ტექნიკა ჰქონდა გამორჩეული და სწრაფად ხატავდა. უბრალოდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია“.

შორენა ლებანიძის თქმით, ფიროსმანი მუშამბის გარდა, ხატავდა ასევე მუყაოზე, ლითონზე, კედლებზე, რომლებიც დაინგრა, მინებზე, რომლებიც დაიმსხვრა და, შესაბამისად, დღემდე ვერ მოაღწია.

„არის ასეთი ვერსია, რომ ფიროსმანმა ბევრი ნამუშევარი დატოვა კახეთში, მირზაანში, თავის დასთან, ფეფესთან, და ფეფემ კი 30-იან წლებში იმისათვის, რომ აეცილებინა პოლიტიკური დევნა (რაც გაუგებარია, რატომ იყო ფიროსმანთან დაკავშირებით), ეს ნახატები, ერთი ვერსიით, თითქოს დაწვა, მეორე ვერსიის თანახმად, თითქოს დაარიგა მეზობელ-მეგობრებში და მათ ეს შეინახეს და დროთა განმავლობაში ამ ნახატებმა დაიწყო გამომზეურება. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა არის ნაყალბევი და ვითომ ფიროსმანი, მაგრამ არსებობს ასეთი ვერსიებიც, რომ შესაძლოა სადღაც იყოს მისაკვლევი ფიროსმანის ნახატები“, უთხრა რადიო თავისუფლებას შორენა ლებანიძემ, რომლის ამ მოსაზრებას იზიარებს გიორგი თოლორაია, შვილიშვილი მწერალ სერგო კლდიაშვილისა, რომელმაც 1930 წელს საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეას ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ აჩუქა. გიორგი თოლორაია აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, სერგო კლდიაშვილმა მუზეუმს ფიროსმანის სურათი 40 მანეთად მიჰყიდა. სინამდვილეში, ფიროსმანის სურათები სერგო კლდიაშვილმა, კირილე ზდანევიჩმა და სხვა რამდენიმე მწერალმა და მხატვარმა აჩუქეს გალერეას დიმიტრი შევარდნაძის მოწოდების პასუხად.

„კირილე ზდანევიჩს ვიცნობდი კარგად, როცა მოსკოვში ჩავდიოდი მასთან. ის მიყვებოდა, რომ როდესაც დაიკარგა ნიკალას კვალი 1918 წლის ნოემბერში, დაიწყეს მისი ნახატების შეგროვება. ბევრი მწერლის ოჯახში დღემდე არის ეს ნახატები. სხვათა შორის, ეს ნახატი, „ნადირობა ინდოეთში“, უკვე მაშინ ღირდა დიდი ფული. დღეს ღირს 100 ათასი დოლარი და მე არ ვითხოვ, დამიბრუნეთ ეს ფულიო, მაგრამ ულამაზოა, როცა 40 მანეთად აძლევ რუბენსისნაირ სურათს და ეს 40 მანეთი საჭირო იყო გაფორმებისთვის, ეს არ ყოფილა ფასი. ესენი კი ამბობენ, რომ სერგო კლდიაშვილმა მიჰყიდა ორმოც მანეთადო. ეს ხომ სასაცილოა, ეს ხომ დაცინვაა!“ უთხრა გიორგი თოლორაიამ რადიო თავისუფლებას.

გიორგი თოლორაია, მწერალ სერგო კლდიაშვილის შთამომავალი, შეცდომის გასწორებას ითხოვს. მისი მტკიცებით, 1930 წელს ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ საქართველოს ეროვნულ გალერეას უსასყიდლოდ გადაეცა. ოფიციალური მონაცემებით, დღეს მუზეუმში არსებული ფიროსმანის 147 ნამუშევრიდან 74 სურათი სწორედ 1930 წელს შეემატა კოლექციას. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამავე წელს დიმიტრი შევარდნაძემ კირილ ზდანევიჩისაგან შეიძინა 39 სურათი, რომელთა შორის იყო საყოველთაოდ ცნობილი შედევრები: „დათვი მთვარიან ღამეს“, „აქტრისა მარგარიტა“, „მჯდომარე ლომი“ და სხვა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG