Accessibility links

რატომ არ დაფრინავენ ჩინოვნიკები, როგორც დაფრინავს ჩვეულებრივი ხალხი? -კითხულობს „ნოვაია გაზეტა“. „ჩელენჯერი 330“, „გალფსტრიმ 550“, „ტუ 214“… გარე ხედები და შიდა სალონი, რომელიც დარბაზს ჰგავს, მრგვალი, ზედ ყვავილებშემოდგმული, ხის მაგიდით შუაში და ტყავის სავარძლებით გარშემო. „ნოვაია გაზეტა“ ჩინოვნიკთა მიერ ცის გადასაკვეთად გამოყენებული ტრანსპორტის დადგენას ცდილობს. მეთოდი ამ შემთხვევაში მარტივია - გაზეთმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაწყებული, მართვის უმაღლესი რგოლების ყველა უწყებას წერილები დაუგზავნა. ბევრ შემთხვევაში პასუხი არ მოსულა, ზოგ შემთხვევაში მოვიდა, მაგრამ არა ზუსტი. „ნოვაიამ“ გადაამოწმა და სურათებიც მოიძია. ბოლოს გაზეთმა მკითხველებს მოუწოდა, თუ შემთხვევით ჩაუვარდებათ ინფორმაცია ჩინოვნიკთა ფრენების შესახებ, მისწერონ გაზეთს ან სურათები ატვირთონ „ნეტში“.

მეორე საინტერესო რუბრიკა, რომელიც გაზეთმა ახლა ჩაუშვა, არის პატიმართა ოჯახის წევრების ისტორიები. გაზეთის მიხედვით, ერთი მილიონი რუსეთის მოქალაქე პატიმრობაშია. გაზეთი წერს, რომ ამ რუბრიკაში მკითხველს უამბობს, თუ რას აკეთებენ ის ადამიანები, ვინც გარეთ რჩება, როგორ ცხოვრობენ, როგორია მათი კავშირი დაპატიმრებულებთან. ამ ნომერში „ნოვაია“ გვთავაზობს ისტორიას ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის ოლგა რომანოვასი, რომელიც ყოველთვე, ჩანთებით დატვირთული, მეუღლესთან მიდის ზონაში.

საინტერესო წერილს აქვეყნებს „ვედომოსტი“. სტატია შეეხება რუსულ საბანკო სექტორს და ის არსებითად შექმნილია ერთ-ერთი მსხვილი ბანკირის, მიხეილ ალექსეევის, ინტერვიუს გარშემო. ალექსეევი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის რუსულ ფინანსურ სისტემაზე გავლენის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, არ მომხდარა. აი, ერთ-ერთი საინტერესო ციტატა, სადაც ალექსეევი არსებითად ზოგად ფინანსურ ხედვას აყალიბებს - არამარტო რუსეთის სივრცეში:

”დღევანდელ მსოფლიოში შესაძლებელია მოხდეს აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომაც რისკების მართვის საკითხს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.”- ალექსეევი ამით თანამედროვე ფინანსური სამყაროს არაპროგნოზირებად ბუნებას უსვამს ხაზს.

იგივე „ვედომოსტი“ საინტერესო სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ რა ბიზნესებს ფლობენ ჩინოვნიკების შვილები. სტატიაში ვკითხულობთ: „ახლახან ინტერნეტში გაჩნდა განსაცვიფრებელი ისტორია გუბერნატორის 18 წლის ქალიშვილისა, რომელიც ფლობს წილებს რამდენიმე ათეულ კომპანიაში და არის გენერალური დირექტორი ოცამდე კომპანიისა. ხშირად ხდება თუ არა ასეთი რამ?“ - ამ ციტატით ხსნის სტატიას ავტორი, რინატ სარგიევი. სტატიაში განხილულია რამდენიმე მაგალითი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისა 20-25 წლის ასაკში. იქვე ვკითხულობთ ქებას, რომელსაც ჩინოვნიკთა და სახელმწიფო მოხელეთა შვილების მიმართ არ იშურებენ მათი ბიზნესპარტნიორები.

დაბოლოს, ჩერნობილი. ამ თემაზე რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული რუსულ გაზეთებში. მოგეხსენებათ, 1986 წლის 26 აპრილს მოხდა ავარია. გაზეთები სვამენ კითხვას, თუ როგორია მდგომარეობა ჩერნობილზე დღეს და ასევე კითხულობენ, არის თუ არა საშიშროება, რეაქტორი ხელმეორედ აფეთქდეს. საუბარია მეოთხე რეაქტორზე, რომელიც ბეტონის სარკოფაგის (ასე უწოდებს მას „იზვესტია“ და აღნიშნავს, რომ ადგილობრივები ამ ტერმინს არ ხმარობენ) ქვეშ არის მოთავსებული. სარკოფაგი რკინის კონსტრუქციით გაუმაგრებიათ 2008 წელს, თუმცა, „იზვესტიას“ მიხედვით, ეს უსაფრთხოებას ბოლომდე მაინც ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ უნდა აშენდეს ახალი, 108 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრი სიგრძის, დამცავი თაღი, რომელიც ამ სარკოფაგს ზევიდან გადაეფარებაო, წერს გაზეთი. ეს თაღი უსაფრთხოებას, სავარაუდოდ, კიდევ ასი წლით უზრუნველყოფსო. მშენებლობა 2012-ში დაიწყება და 2015-ში დასრულდებაო. საინტერესოა, რომ გაზეთი ასევე წერს უზარმაზარ სავარუდო კორუფციულ სქემებზე, რაც ამ ახალი, ასე ვთქვათ, სარკოფაგის მშენებლობას ახლავს.
XS
SM
MD
LG