Accessibility links

logo-print
აღსრულების ეროვნული ბიურო განაგრძობს იმ პირთა დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანას, რომლებმაც პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური შემოწირულებები გაიღეს. პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ ეტაპზე 17 პირის წინააღმდეგ მიმართა. მათგან აუქციონზე 3 აგვისტოს 9 ფიზიკური პირის ქონება გავიდა, აუქციონი 6 აგვისტოს დასრულდება.

იმ პირთა შორის, რომელთა დაყადაღებული ქონებაც აუქციონზე გავიდა, პროპორციულად ყველაზე მეტი კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან. პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის გამო დასჯილ ადამიანთა შორის არის ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრიც. იგი გამონაკლისია იმ თვალსაზრისითაც, რომ, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი პარტიებისთვის ფინანსური შესაწირის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება იყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ პირზე და ამ ფაქტზე კომენტარისგან თავს იკავებენ. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ადვოკატ სანდრო ბარამიძის თანახმად, 3 აგვისტოს დაახლოებით 140 000 ლარად გაიყიდა ერთ-ერთი დაჯარიმებულის, ლევან ჩიჩუას ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე. ლევან ჩიჩუას ჯარიმა 25 000-მდე ლარს შეადგენდა, მისი დაჯარიმების მიზეზად კი „ეროვნული ფორუმისათვის“ გადახდილი თანხა გახდა. ისევე როგორც დანარჩენებს, ლევან ჩიჩუასაც ქონება გადაუხდელი ჯარიმის გამო დაუყადაღეს. ადვოკატი სანდრო ბარამიძე კანონის გაუმართლებელ სიმკაცრეზე მიუთითებს:
როგორ შეიძლება ყოფილი ელჩი, რომლის თვიური შემოსავალი იმაზე მეტი იყო, რაც მე მოძრაობა „ქართული ოცნების” ანგარიშზე გადავრიცხე, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მე გახლავართ ...

”ვთქვათ, მართლაც უკანონო შემოწირულებები იყო ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ ყოფილა და აბსოლუტურად კანონიერი იყო. შეხედეთ, როგორი სასტიკია კანონი, როგორ საშინელ სანქციას ითვალისწინებს. ხალხი უნდა გამოყარონ ქუჩებში თავიანთი ოჯახებიანად იმისათვის, რომ მათ შემოწირულება განახორციელეს ისეთი, რასაც სახელმწიფო ედავება. უსამართლოდ, მაგრამ, ვთქვათ, ედავება. ეს არის უბედურება, დისპროპორციულობა, მეტისმეტი სისასტიკე კანონის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არაპროპორციული სანქცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დარღვევა მთელ ამ ეპოპეაში.”

ადვოკატი სანდრო ბარამიძე სასამართლო პროცესზე ზაზა გოქსაძეს იცავდა. ჯერჯერობით აუქციონზე მხოლოდ მისი კუთვნილი ავტომანქანა გავიდა. რაც შეეხება სანქციის არაპროპორციულობას, ზაზა გოქსაძე ამბობს, რომ მის მიერ ”ქართული ოცნების” ანგარიშზე შეტანილი თანხა დასაბუთებული იყო, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა.ზაზა გოქსაძე 2004-2008 წლებში საქართველოს ელჩი იყო იტალიაში. ”ქართული ოცნების” ანგარიშზე მან 12 000 ლარი გადარიცხა.

”64 000-ით რატომ გაჯარიმებენ, ამაშია მთელი საქმე! როგორ შეიძლება ყოფილი ელჩი, რომლის თვიური შემოსავალი იმაზე მეტი იყო, რაც მე მოძრაობა „ქართული ოცნების” ანგარიშზე გადავრიცხე, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მე გახლავართ, ანუ სახლის ერთი უჯრიდან ამოვიღე ფული და გადავდე მეორე უჯრაში. და ამ მიზეზის გამო არ მიიღოს სასამართლომ არავითარი საბუთი, თითქოს მე არ შეიძლება ფული შენახული მქონოდა, და დაგაჯარიმოს 64 000 ლარით. ეს არც ერთი ქვეყნის, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის სასამართლოში არ ხდება.”

ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტაცია ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით, საერთოდ იგნორირებული იქნა და ყველას ერთნაირად გამოგვიტანეს გადაწყვეტილებები ...

სასამართლოში კი, როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განგვიმარტეს, ძირითადად პროცესუალური პრობლემები შეიქმნა, ანუ პარტიებისთვის დაუსაბუთებელი თანხის გადარიცხვაში ბრალდებულ პირებს არ მიეცათ საკმარისი დრო და საშუალება, რომ თავი დაეცვათ. იურისტი სოფო ვერძეული განმარტავს:

”თან შაბათ-კვირა დაემთხვა. კი გადადო მოსამართლემ ერთხელ სხდომა, მაგრამ, პრინციპში, შაბათს 4 საათზე უნდა ჩატარებულიყო, კვირას 10 საათისთვის გადადო, ამიტომ იდეაში ამ დროს მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თვითონ ამტკიცებდნენ, რომ ჰქონდათ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. უბრალოდ, ამ დოკუმენტებს შაბათ-კვირას ვერ მიიღებდნენ იმ დაწესებულებებიდან და ამიტომ ითხოვდნენ საქმის გადადებას, თუმცა პრობლემა ის არის, რომ უნდა განიხილოს 24 საათში სასამართლომ საქმე და, შესაბამისად, ბუნებრივია, მოსამართლე ვერ გადადებდა უფრო მეტად, ვიდრე გადადო.”

ერთ-ერთი დაჯარიმებული კი, პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი საქართველოს” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, თავის მხრივ, კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს:

”სასამართლო პროცესი წარიმართა კოლექტიურად. დანაშაული საერთოდ არის ინდივიდუალური. დაცვისათვის მოგვცეს ადვოკატებსა და ჩვენ, თითო პიროვნებას, 7 წუთი, ანუ საერთოდ რაც ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტაცია ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით, საერთოდ იგნორირებული იქნა და ყველას ერთნაირად გამოგვიტანეს გადაწყვეტილებები. ყველას -ერთნაირად.“

3 აგვისტოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ ეტაპზე აუქციონზე ალექსანდრე შალამბერიძის კუთვნილი სარდაფი გაიტანა. შეჩერებულია ასევე მისი საბანკო ანგარიში „თიბისიში“. ალექსანდრე შალამბერიძე 40 000 ლარითაა დაჯარიმებული. იგი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ბრძოლის სამართლებრივი გზით გაგრძელებას გეგმავს. კერძოდ, პოლიტიკურმა მოძრაობამ „თავისუფალი საქართველო”, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG