Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების და განათლების კვალდაკვალ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ნელ-ნელა პიკს აღწევს და ამ ფონზე, გასული კვირის დასაწყისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ საარჩევნო რეგისტრაციიდან ოფიციალურად მოიხსნა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და ბლოკი „თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლო“, კიდევ ერთ განსახილველ თემად იქცა. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ „მრეწველებმა“ ცესკოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და 14 სექტემბერს მოსამართლემ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, ანუ ბლოკი საარჩევნო მარათონს აგრძელებს. რაც შეეხება „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, მათ განაცხადეს, რომ არჩევნებს შეგნებულად გამოეთიშნენ. პარტიამ ცესკოში კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში არ წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია და, მათ შორის, საარჩევნო სია.

წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. იქ 23 სექტემბერს რექტორის არჩევნებია. რექტორობისათვის სამი კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე. სწორედ ამით არიან უკმაყოფილონი სტუდენტები, რომლებიც ამბობენ, რომ მისი არჩევა, ერთი მხრივ, უნივერსიტეტს ავტონომიას დააკარგვინებს, მეორე მხრივ კი, მათი თქმით, გიორგი შარვაშიძეს მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, არაფერი გაუკეთებია უნივერსიტეტისთვის და, შესაბამისად, სიტუაცია არც მისი რექტორობის შემთხვევაში შეიცვლება. ამაზე ილაპარაკა რადიო თავისუფლებასთან სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი არობელიძემ:

არჩევნების და განათლების კვალდაკვალ
please wait

No media source currently available

0:00 0:08:00 0:00
გადმოწერა

„თუ მისი მინისტრის მოადგილეობის დროს მან ვერ შეძლო უნივერსიტეტს ჰქონოდა მეტი დაფინანსება, რომელსაც კვლევებისთვის გამოიყენებდა, დღეს ის როგორ აპირებს ძალიან მწირი ბიუჯეტის პირობებში, რომ უნივერსიტეტი გადააქციოს კვლევით დაწესებულებად? ეს, უბრალოდ, აბსურდია. მას თუ უნივერსიტეტისთვის სიკეთე უნდოდა, მისი ყოფილი თანამდებობა გაცილებით ბევრ ბერკეტს აძლევდა იმისათვის, რომ უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა დახმარება მოეტანა“.

თუკი საგანმანათლებლო თემატიკაზე ვაგაგრძელებთ საუბარს, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისთან ახლოს 140 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფო ფონდ „ქართუს“დაფინანსებით უნდა გაშენდეს და რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე 12 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ეს იქნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სტუდენტებს ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის თაობაზე უკვე გაჩნდა კითხვა, არის თუ არა საჭირო ამ მასშტაბის საუნივერსიტეტო სივრცის შექმნა საქართველოში. განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ, მიუხედავად ტექნოლოგიური მიმართულების რამდენიმე უნივერსიტეტის არსებობისა, სურათი აჩვენებს, რომ დღეს საქართველოში არცთუ ისე ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ამ მიმართულებით ცოდნის მიღება სურს. ამ ფონზე კი, მისი აზრით, ამ მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნება, თუ, ცხადია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებს არ შეზღუდავენ, არარეალისტურია:

სიმონ ჯანაშია
სიმონ ჯანაშია

„დღეს, ვიცით, რომ უნივერსიტეტები ამ მიმართულებებზე, უბრალოდ, ვერ აგროვებენ სტუდენტებს და უცნაურია, რომ ასეთ პირობებში, იმის მაგივრად, რომ მოქმედ უნივერსიტეტებს დაეხმარონ, სრულიად ახალ უნივერსიტეტებს და ახალ სისტემებს ქმნიან. აი, თუნდაც, ჩვენ დღეს უმაღლესი განათლების ორი სისტემა გვაქვს: ერთი, რომელიც ეხება ყველა უნივერსიტეტს, და მეორე, ცალკე კანონი დაიწერა იმ უნივერსიტეტისთვის, იმ სამეცნიერო ცენტრისთვის, რომელსაც გია დვალი უხელმძღვანელებს. ეს ცოტა უცნაურია, რადგან მაშინ გამოდის, რომ სისტემას არ ენდობა სახელმწიფო, რომელსაც ყოველწლიურად თავად აფინანსებს მრავალი მილიონით და თან ცდილობს პარალელური სისტემის აშენებას, იმის მაგივრად, რომ უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე იზრუნოს“.

პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ კი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების იდეას წინასაარჩევნო აგიტაციის ნაწილი უწოდა.

გასულ კვირაში, 15 სექტემბერს, საქართველოში დაიწყო სწავლა, ოღონდ საქართველოს 20 სკოლაში, იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ახალი სასწავლო წლის დაწყება გადაიდო. როგორც რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, სკოლების ნაწილში სწავლის გარკვეული დროით გადადება გართულებულ ტენდერებს უკავშირდება - ზოგან ტენდერი ჩაიშალა და კონკურსის გამოცხადება თავიდან გახდა საჭირო. მინისტრის განცხადებით, ძალიან ბევრ სკოლაში პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ამას ვერ იტყვის პირველკლასელი ელენეს დედა, ნინო ტლაშაძე, რომელმაც 15 სექტემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აღწერა, თუ რა სურათი დახვდა მას თემქის რაიონში მდებარე 138-ე სკოლაში, სადაც შვილი პირველად მიიყვანა:

„სკოლის ფასადი არის საშინელი, ჩამონგრეული და, ალბათ, სკოლის აშენების შემდეგ არც გალესილა ეგ შენობა. კიბეები ისეთ მდგომარეობაშია, თუ ბავშვი ფრთხილად არ ავიდა, შეიძლება თავ-პირი დაიმტვრიოს. დერეფანში პარკეტია დაგებული, მაგრამ შიგადაშიგ ამოვარდნილი და ღრმულებია და იქაც, ერთი რომ გაირბინოს პირველკლასელმა, დიდი შანსია დაეცეს. დერეფანში დგას საპირფარეშოს აუტანელი სუნი და ამის გამო იქ შესვლა საერთოდ ავუკრძალე ჩემს შვილს“.

აქამდე ხო ვერ დაიჭირეს. ძალიან კარგად იცოდა მთელმა სამტრედიამ, სად იმალებოდა გოდერძი თევზაძე. უბრალოდ, არ უნდოდათ მისი დაჭერა...
დარიკო ჯაში

გასული კვირის ერთ-ერთ გახმაურებულ ამბად შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მან ბრალი არ აღიარა და, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. მან თქვა, რომ დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისეთი, როგორიც უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მოქალაქესთან და მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ განუხორციელებია. შეგახსენებთ, დემურ სტურუამ თავი 7 აგვისტოს ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღო. გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრების მოთხოვნა თევზაძის დაკავების შემდეგაც უცვლელია - მკაცრად დაისაჯოს დამნაშავე. ამას მოითხოვს სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა, და სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაში:

„არავითარი გათავისუფლება! მინდა, რომ მკაცრი კანონით დაისაჯოს!“

„აქამდე ხო ვერ დაიჭირეს. ძალიან კარგად იცოდა მთელმა სამტრედიამ, სად იმალებოდა გოდერძი თევზაძე. უბრალოდ, არ უნდოდათ მისი დაჭერა“.

არასამთავრობო სექტორში ასევე ფიქრობენ, რომ გოდერძი თევზაძე არ არის გამონაკლისი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა ისევ სისტემის ნაწილად რჩება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი გვილავა აცხადებს, პოლიციელების დიდ ნაწილში ადამიანებზე მუქარითა და სხვა ძალადობრივი ხერხებით ზემოქმედება და ამ გზით ინფორმაციის მიღება წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ნორმად და ეს დღემდე ასეა.

ეს საუბარი არ არის სრული, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი, რა თქმა უნდა, შედგა. საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია მონაკვეთი, სადაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც „ოცნების“ მომხრეა და არც „ნაციონალური მოძრაობის“...
დავით ჯანდიერ

გასულ კვირაში ინტერნეტით გავრცელდა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძისა, და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ იმ წევრთა პოზიციის გამო უსაყვედურებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავენ. სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „რუსთავის 2“-ის დირექტორმა იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ საუბრის ჩანაწერის გავრცელება იმის ინტერესშია, ვისაც სურს აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი 2“-თან და იმართება ნიკა გვარამიას მიერ. აქვე იგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩანაწერი, გარდა იმისა, რომ უკანონოა, დამონტაჟებულიცაა. ის, რომ ჩანაწერი მართლაც დამონტაჟებულია და წინასაარჩევნოდ მიმართულია პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციისკენ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, დავით ჯანდიერმა:

“ეს საუბარი არ არის სრული, მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი, რა თქმა უნდა, შედგა. საინტერესოა ის, რომ ამ საუბრიდან ამოღებულია მონაკვეთი, სადაც პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც „ოცნების“ მომხრეა და არც „ნაციონალური მოძრაობის“. სამწუხარო სწორედ ის არის, რომ რეალურად სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში და, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური არ არის დეპოლიტიზებული, განსხვავებით იმისგან, რასაც მუდმივად გვიმტკიცებს ხელისუფლება. ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ ხელისუფლება ერევა სხვის პირად ცხოვრებაში, პირად საუბრებში და შემდგომში ხდება მისი გასაჯაროება“.

ლევან იზორია
ლევან იზორია

ბურჭულაძისა და გვარამიას ბრალდებებს სუსი უარყოფს, თუმცა ამჯერად მას ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი იცავს. უწყება „მიუკერძოებლად“ ახორციელებს თავის ფუნქციებს, უთხრა 15 სექტემბერს ჟურნალისტებს ლევან იზორიამ, რომელიც ახლო წარსულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ვის უნდა აძლევდეს ხელს გვარამია-ბურჭულაძის საუბრის ჩაწერა? - რადიო თავისუფლების ამ კითხვას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე უპასუხებს და ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში ჩანაწერის გამოქვეყნება ორივე ძალას ხელს აძლევდა - როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“:

„თავის დროზე, თამაშდებოდა ისეთი სცენარი, რომ პაატა ბურჭულაძე, თითქოს, ან ერთი მხარის („ნაციონალური მოძრაობის“) უნდა ყოფილიყო, ან მეორე მხარის („ქართული ოცნების“). მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა დადგა დრო, როდესაც ორივე მხარე მიხვდა, რომ ჯობია პარლამენტი იყოს ორპარტიული, ანუ ყველანი გარეთ უნდა დატოვონ და ხმები არ გაუყონ არავის ... ამიტომ დაიწყო შეტევები ოპოზიციაზე, როგორც ბურჭულაძის პოლიტიკურ ძალაზე, ასევე რესპუბლიკელებზე და სხვებზე და სხვებზე“.

გასულ კვირაში ინიციატივით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. ამ ინიციატივას არჩევნებში მონაწილე პარტიები სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ. მემორანდუმის გაფორმებას უპირობოდ დაეთანხმა რესპუბლიკური პარტია. მემორანდუმის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ თავისუფალ დემოკრატებს, თუმცა ისინი მისი გაფორმების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ლეიბორისტული პარტია ფიქრობს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამის ნაცვლად კი მმართველი გუნდი პარტიებს „ფარისევლურად“ მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა „ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ მიიჩნევს მმართველი გუნდის შეთავაზებას იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ პარტიას დესტაბილიზაციის გამომწვევად აფასებენ, მაინც აცხადებს, რომ პარტიაში შეთავაზებას განიხილავენ და კოლექტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

XS
SM
MD
LG