Accessibility links

logo-print

რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებას


თუკი სამთავრობო გუნდის წევრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღმა ბევრ სასიკეთოს - და მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პერსპექტივას - ხედავენ, გადაწყვეტილებას ამ ჭრილში სხვადასხვაგვარად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ერთნი ფიქრობენ, რომ სამოქალაქო სექტორს ბიძინა ივანიშვილის ხელი და ფინანსები სჭირდება, მეორენი კი ამგვარი დახმარების გეგმას საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევენ.

ბევრი მათგანი ისურვებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო მეტხანს დარჩენილიყო, მაგრამ მინისტრები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მაინც გაგებით ხვდებიან. და როცა ამ გადაწყვეტილების სარგებელზე ლაპარაკობენ, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის სამომავლო პერსპექტივებს უსვამს ხაზს, ხოლო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მესიებთან ბრძოლის იდეის მნიშვნელობას გამოყოფს. აქვეა კიდევ ერთი აქცენტი - სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზანი, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების ერთ-ერთ უმთავრეს მოტივაციად ასახელებს და რომელსაც ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უსვამს ხაზს:

”პირადად ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ (ბიძინა ივანიშვილი) მას შემდეგ წასულიყო, რაც ქვეყანაში, სახელმწიფოს შიგნით დალაგდებოდა ყველაფერი. როგორც ჩანს, ის ამას იზიარებს, მაგრამ მაინც ძალიან მალე აპირებს, რომ, მე ვიტყოდი, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ წერტილში გადაინაცვლოს და ამით დაეხმაროს სახელმწიფოს”.

არასამთავრობო სექტორის გარკვეულ ნაწილს მაინც მონოპოლისტური მდგომარეობა უჭირავს საფონდო პოლიტიკის მიმართულებით და ეს ვითარება გამოსასწორებელია. თუკი პრემიერი შექმნიდა ფონდს, რომელიც მოემსახურებოდა საუკეთესო საპროექტო წინადადებების დაფინანსებას, ეს იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი...
სამოქალაქო სექტორი ძალიან სუსტად მიაჩნია ბიძინა ივანიშვილსაც. ”სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი დიდი ხანია არსებობს საქართველოში, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი დონის ევროპულთან მიახლოება”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლის შემხვედრი ინიციატივითაც უკვე გამოვიდა არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი. არასამთავრობო ორგანიზაციები: "უფლებადამცველთა გაერთიანება", "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" და "ახალგაზრდა ადვოკატები" ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის სპეციალური ფონდის შექმნას სთავაზობენ. როგორც ”ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ფონდი ხელს შეუწყობდა გრანტების სამართლიანად გაცემასა და სამოქალაქო საზოგადოების ასპარეზზე ახალი სახეების გააქტიურებას:

”არასამთავრობო სექტორის გარკვეულ ნაწილს მაინც მონოპოლისტური მდგომარეობა უჭირავს საფონდო პოლიტიკის მიმართულებით და ეს ვითარება გამოსასწორებელია. თუკი პრემიერი შექმნიდა ფონდს, რომელიც მოემსახურებოდა საუკეთესო საპროექტო წინადადებების დაფინანსებას, ეს იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი და დაეხმარებოდა ახალგაზრდა არასამთავრობო სექტორს იმაში, რომ მათ თავიანთი წვლილი შეეტანათ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებრივი ცხოვრების უფრო მეტად განვითარებაში, სამოქალაქო განათლების კულტურის ჩამოყალიბებაში და უფლებების მდგრადობის თვალსაზრისით”.

ბიძინა ივანიშვილის მსგავსი გავლენიანი ფიგურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების პერსპექტივას ეჭვის თვალით უყურებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი. ჯერ ერთი, ის შიშობს, რომ სამოქალაქო სექტორი შესაძლოა გადაიქცეს ინსტრუმენტად ერთი ადამიანის ხელში და, მეორე, ანალიტიკოსისთვის წარმოუდგენელია წარმატება თადარიგის წინასწარ დაჭერის გარეშე:

”სანამ პრემიერ-მინისტრია, სიტუაცია უნდა შეცვალოს იმისკენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მეტი გავლენა და მეტი როლი ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მერე გადავიდეს სამოქალაქო საზოგადოებაში. ნიადაგი უნდა მოიმზადოს, ასე ვთქვათ, და მაშინ უფრო მეტი ექნებოდა საფუძველი ელაპარაკა, რომ რაიმე გავლენას მოახდენს, როდესაც იქნება სამოქალაქო საზოგადოებაში. ახლა ეს არის წარმოუდგენელი”.

მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს...
ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ვარაუდობს, რომ მისი გეგმა შესაძლოა გაუგებარი იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და ამ ნაწილს ურჩევს გაიხსენოს, რომ ერთ დროს ასევე გაუგებარი და წარმოუდგენელი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა არჩევნების გზით. ”მე ზუსტად ვიცი, რისი გაკეთება მინდა და რას მოუტანს ეს საზოგადოებას”, - ასეთია პრემიერ-მინისტრის მიდგომა. და იქვე ის პასუხისმგებლობას მთავრობის მუშაობაზეც იღებს.

”მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში და ამის გარანტიად ”პატიოსან სიტყვას” ასახელებს. ბიძინა ივანიშვილის ამგვარი მიდგომა აშფოთებს „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელს ელენე ხოშტარიას, რადგანაც მისთვის ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე ზეგავლენის ბერკეტების შენარჩუნებას პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგაც აპირებს. ამგვარი პერსპექტივა კი, ანალიტიკოსის აზრით, აბსოლუტურად შეუთავსებელია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სურვილთან:

”ცალკე აღებული ადამიანი, რომელსაც არა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა, რომ მან დააფინანსოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამაში პრობლემა არ არის; მაგრამ ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში და, ამასთანავე, აპირებს, რომ ფული დახარჯოს და, შესაბამისად, გავლენა მოახდინოს არასამთავრობო სექტორზე, რა თქმა უნდა, უკვე ეს არის აბსოლუტურად არადემოკრატიული და ძალიან საშიში პროცესები, რადგანაც ერთი ადამიანის ირგვლივ იყრის თავს ძალიან დიდი სივრცე ქვეყანაში - როგორც მთავრობა, ასევე არასამთავრობო სექტორი”.

იმას, თუ თავად როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს მთავრობის სამომავლო ზედამხედველობა, 2 სექტემბრის ღია წერილში ის რამდენიმეპუნქტიან გეგმას უძღვნის: 1. სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - ,,აზრის ლიდერების” პროფესიული ზრდა; 2. ადამიანური რესურსის, ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა; ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა; 3. ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება,რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად.

”ამ გზით ჩვენ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტიან მექანიზმსაც ვქმნით და საზოგადოებასაც ხელში ვაძლევთ ბერკეტს - იტვირთოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე”, - ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
XS
SM
MD
LG