Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ახალი ვიდეომასალა ჩნდება


ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ, პროკურატურაში ის ვიდეომასალა მიიტანა, რომელიც, მისი სიტყვებით, ასახავს 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ერთ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ერთ პისტოლეტს. ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები წარდგენილ ვიდეომასალას ფალსიფიცირებულს უწოდებენ და იმეორებენ, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ, პროკურატურა კი ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, პროკურატურისთვის ეს ვიდეომასალა სიახლეა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში მის ხელთ არსებული ვიდეომასალის წარდგენამდე განაცხადა, რომ, მის მიერ მოძიებული ინფორმაციით, ბუტა რობაქიძე ავტომობილში მყოფ ადამიანებს არ იცნობდა - მხოლოდ ერთი იყო მისი მეგობარი -და ავტომობილში შემთხვევით მოხვდა:

”ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის ამ მანქანაში მოხვედრილი. ეს მანქანა შუადღისას, იმ დროს ფიგურირებდა დინამოს სტადიონთან მომხდარ ჩხუბში, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და, შესაბამისად, ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე”.
ცრუობს პროკურატურის გამომძიებელი, ცრუობს აბსოლუტურად ყველა პატრულის თანამშრომელი...
ირაკლი ფირცხალავა

ირაკლი ფირცხალავას სიტყვებით, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში შეიტყო ამ კადრების არსებობის შესახებ და გარკვეული ჯგუფი თბილისში ამ კადრების სარფიანად მიყიდვას გეგმავდა ვახტანგ კომახიძისთვის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ვახტანგ კომახიძემ, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაიღო ფილმი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ავტომობილში მსხდომებს იარაღი არ ჰქონიათ და რომ პოლიციელთა ჩვენებები გაყალბებულია. 19 თებერვალს კი ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ კადრები, რომელიც პროკურატურაში მიიტანა, ნანახი ჰქონდა მხოლოდ მის შვილს, რომელსაც ასევე არ სჯეროდა, რომ ის ახალგაზრდები შეიარაღებულები იყვნენ. ირაკლი ფირცხალავა ამბობს, რომ ცრუობს ყველა, ვინც ამბობს, რომ მანქანაში იარაღი არ იყო:

”ცრუობს პროკურატურის გამომძიებელი, ცრუობს აბსოლუტურად ყველა პატრულის თანამშრომელი. თქვენ ამას ნახავთ. მე გამოსავალი არ დამიტოვეს, ჩვენ წინააღმდეგ შეთითხნეს ბრალდება, ის 30 ცრუ მოწმე დაიყენეს. თქვენ თვითონ ნახავთ ამას ყველაფერს”.

ტელევიზიების მიერ ირაკლი ფირცხალავას გადაცემული კადრების გავრცელების შემდეგ, 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, ამბობს, რომ ნაჩვენები კადრები ფალსიფიცირებულია და საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა, კიდევ ერთ ბრალდებულთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, გურამ დონაძესთან ერთად, თავის გადარჩენის მიზნით ავრცელებს ამ კადრებს:

”ჩიხში რომ არიან, ახლა ცდილობენ როგორმე თავი გამოიძვრინონ და ეს დონაძის პროფესიონალიზმი თავისი საზიზღრობის გამოაჩინა, ეტყობა, და ეს ფალსიფიკაცია გააკეთა”.

ია მეტრეველის სიტყვებით, სიცრუეა ის, რომ ბუტა რობაქიძე ავტომანქანაში შემთხვევით მოხვდა, რადგან იქ მყოფთაგან ერთი მისი ჯგუფელი, მეორე კი მისი უნივერსიტეტის მეგობარი იყო, დანარჩენები კი - საერთო მეგობრები. ბუტა რობაქიძე მკლელობის ღამეს მეგობრის ოჯახიდან ავტომანქანით სახლში დაბრუნებისას სხვა ნაცნობებთან ერთად გააჩერა პატრულმა:
ამის შემდეგ თუ ვიტყვით, რომ ეს არის ნამდვილი მასალა, მაშინ ის ხარისხის მატარებელია, მაშინ მასთან მოხდება არსებული ჩვენებების მიმართება, კრიტიკულად, სწორად არის თუ არა სხვა ჩვენებები მიცემული...
არჩილ კბილაშვილი

”9 წლის მერე ამბობენ ამას ყველაფერს, სასამართლოები ჩატარდა და ამის მერე ამბობენ, რომ თურმე ჩხუბი ყოფილა, თურმე მანქანა გადაცემული ყოფილა, თურმე ავტომატი ყოფილა. ეს ხომ აბსოლუტური ტყუილია ყველაფერი... სახლში იყო ბუტა მთელი დღე, კბილი სტკიოდა. თავისმა მეგობარმა ჯგუფელმა გამოუარა და თავის მეგობრებთან ერთად სახლში წავიდნენ, ოჯახში, სადაც მამები ქეიფობდნენ. ბავშვებს წვეთიც არ დაულევიათ, ისხდნენ და საუბრობდნენ. მერე ბუტას უთქვამს გვიან ღამით, ტაქსით წავალო და, რას ლაპარაკობო, როგორ გაგიშვებთ ტაქსითო. ბუტა ვაკეში ცხოვრობდა, ისინი დიდუბეში და არ გამოუშვეს ტაქსით, ჩვენ წაგიყვანთო, და წამოიყვანეს და გააჩერეს. ჩვეულებრივად მოდიოდნენ, არც ჩქარა, არც არაფერი, მოდიოდნენ ჩვეულებრივად”.

ბუტა რობაქიძის ოჯახს კიდევ ერთხელ თანაგრძნობას უცხადებს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და, ამასთან, მისი სიტყვებით, პირველ რიგში მოხდება ვიდეომასალის ნამდვილობის შესწავლა, მისი უწყვეტობის დადგენა, შემდეგ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის და მოვლენის შესწავლა მოხდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა:

”ამის შემდეგ თუ ვიტყვით, რომ ეს არის ნამდვილი მასალა, მაშინ ის ხარისხის მატარებელია, მაშინ მასთან მოხდება არსებული ჩვენებების მიმართება, კრიტიკულად, სწორად არის თუ არა სხვა ჩვენებები მიცემული. ასევე იქ სხვადასხვა სახეები არის და არის თუ არა ყველა დაკითხული ან საჭიროა თუ არა კიდევ დაკითხვა, - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ კრიტიკულად იქნება შესწავლილი”.

არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, საქმის ხელახლა გამოძიებას ის დადებითი მხარე აქვს, რომ გამოჩნდა ისეთი მასალა, რომელიც აქამდე ობიექტური გამოძიებით დაუინტერესებელი პირების გამო არ ჩნდებოდა. მისივე სიტყვებით, პროკურატურას მსგავსი შინაარსიის ვიდეოჩანაწერი არ ჰქონია. როგორც არჩილ კბილაშვილი ამბობს, დაინტერესებულმა პირებმა, როგორც ჩანს, იზრუნეს, რომ ეს მასალები ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი კი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მას სამინისტროში არქივი არ დახვედრია, არსებობს მხოლოდ სამინისტროს საიტზე, რომლის მისამართია police.ge, 2009 წლიდან განთავსებული ვიდეომასალები.
ვერ წარმოვიდგენ სააკაშვილის ხელისუფლებას, მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს, რომ მათ ჰქონდათ ასეთი მასალა და ასეთი მასალა არ გამოიყენეს...
ვახტანგ კომახიძე

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გურამ დონაძემ ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი მასალის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ის მასაც არ ჰქონდა ნანახი და გაოცებულია. თუმცა გადაცემა „ვიდეოპატრულის“ ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „არგუმენტებში“ ამბობს, რომ გურამ დონაძეს ფირი ნანახი ექნებოდა. ის იმასაც ამბობს, რომ 19 თებერვალს გავრცელებული ვიდეომასალის ეს ნაწილი მისთვის უცნობია, იმ ნაწილში კი, რომელიც მან გადაიღო, იარაღი არ ჩანდა:

”საბარგულზე, სადაც ეს ბიჭები იყვნენ, ალაგია ძალიან ბევრი, ზუსტად ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მახსოვს, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მახსოვს, რომ ასაფეთქებელი ხელყუმბარა და კიდევ სხვა იარაღები... ეს კადრები არსებობს, რაც იმათ გაავრცელეს შემდგომ და ბუტას ფეხებთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი”.

გადაცემა „არგუმენტების“ წამყვანი თეა სიჭინავა: თქვენ მიერ გავრცელებულ კადრებში არსად არ იყო იარაღი დაფიქსირებული?

”არც იარაღი, არც სხვა რაიმე საგანი”.

გურამ დონაძე შეეხო ასევე ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმს, რომლის ავტორი ვახტანგ კომახიძეა, და განაცხადა, რომ მასალა ისე დაამონტაჟეს, როგორც სურდათ, და ფილმში ხმა ”არაფერი არ აქვთ” ე.წ. ”ინტერშუმითაა” გადაფარული.

ვახტანგ კომახიძე ინტერვიუში, რომელსაც მედიაპორტალი „ნეტგაზეთი“ ავრცელებს, დასძენს:

”ეს ფრაგმენტი ნამდვილად დამონტაჟებულია, ოღონდ არა ისე, როგორც ამას დონაძე ამბობს. ეს ფრაზა არის ორიგინალურ ტექსტში, ანუ ორიგინალურ ფირზეა ეს ფრაზა. უბრალოდ, არ ისმის, თუ ძალიან კარგად არ დააკვირდი, ჩვეულებრივი სატელევიზიო ჩვენებისას შეიძლება მას ყური ვერ მოჰკრა. ჩვენ ეს ფრაგმენტი გამოვყავით, ავუწიეთ ხმა და გავიმეორეთ რამდენჯერმე, რომ ადამიანისთვის ეს ყოფილიყო კარგად გასაგები. ეს ორიგინალი, ალბათ, არსებობს მათ არქივშიც. შესაბამისი ორიგინალი წარმოადგინონ, ამ ადგილის იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. შეადარონ ორიგინალი ჩემი ფილმის იმ მონაკვეთს, სადაც ისმის ეს ხმა, შეანელონ კადრი, აუწიონ ხმას და ნახავთ, ეს ხმა იმ ფირში თუ არ არის. ეს კვლევა შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერმა „ტელევიზიონშიკმა“, ეუბნება ვახტანგ კომახიძე „ნეტგაზეთს“.

”ვერ წარმოვიდგენ სააკაშვილის ხელისუფლებას, მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს, რომ მათ ჰქონდათ ასეთი მასალა და ასეთი მასალა არ გამოიყენეს და ბრალდება არ მივიდა დასასრულამდე. ბრალდება შეწყდა, რადგან მათ მტკიცებულებები არ ჰქონდათ”, ამბობს ვახტანგ კომახიძე.

რაგვარად ცვლის და ცვლის თუ არა, საერთოდ, ახალი ვიდეომასალა გამოძიების პროცესს, ამის თქმა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს უჭირს, თუმცა დასძენს, შეცვლის იმგვარად, როგორც ეს საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის იქნება საჭიროო.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG