Accessibility links

logo-print

ომით დევნილის გზა ალეპოდან მალმემდე


ქალაქ მალმეს რკინიგზის სადგური

ქალაქ მალმეს რკინიგზის სადგური

18 წლის სირიელი ომარი შვედეთში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ის და მისი მშობლები ლტოლვილობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ. კონტრაბანდისტების დახმარებით ომარმა მოახერხა ქალაქ მალმეში ჩასვლა, სადაც თავისი ოჯახის მეგობრები ეგულებოდა. თუმცა ის არ არის გამონაკლისი. შვედეთი და მალმე ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან დევნილთა ძირითადი მისამართია.

შვედეთს 25 წლის წინ ბალკანეთის ომის დროსაც კი არ ახსოვს ამდენი ლტოლვილი. შვედეთის საიმიგრაციო სამსახურის ადგილობრივი ოფისი გასულ თვეში ყოველდღიურად 900-მდე ლტოლვილს არეგისტრირებდა. შვედეთის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები ახლად ჩასულ ლტოლვილებს ორ ადგილას - მალმეს ყურესა და რკინიგზის სადგურზე -აგროვებენ, საიდანაც ავტობუსებს ხალხის ნაკადი სპეციალურ ბანაკებში გადაჰყავთ. ახალჩამოსულებს საკვებითა და საწოლებით ამარაგებენ ორგანიზაცია „კეთილი სამარიტელის“ აქტივისტები, რომლებსაც მეტი დახმარების გაწევაც შეუძლიათ, მაგრამ სამთავრობო სტრუქტურებში ეს გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს.

„ჩვენ გვაქვს საკვები და საწოლები, რაც 600 კაცისთვის არის საკმარისი, მაგრამ საიმიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ მას ჩვენი დახმარება არ სჭირდება“, - ამბობს ალი ჯეჰადი, რომელიც შვედეთში ერაყიდან ჩამოსვლისას ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ახლა კი თავად უწევს კოორდინირებას რკინიგზის სადგურზე მოხალისეთა საქმიანობას.

„იყვნენ ისეთები, რომლებიც ლტოლვილთა სახლებთან მოდიოდნენ და ჯვრების დაწვას იწყებდნენ, როგორც კუკლუქსკლანელები, თან გაჰყვიროდნენ, ყველა ლტოლვილი და მსგავსი ხალხი მოშორდეს შვედეთსო. ეს არანორმალური საქციელია. შვედეთი ახლა თავად არის ჩავარდნილი დიდ კრიზისში, რადგან აქ არსებობს იმიგრანტების მოწინააღმდეგე პარტია, „შვედი დემოკრატები“, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება შვედი ხალხის ინფორმირება და მათი განათლება ლტოლვილთა საკითხში. შიშია ყველა პრობლემის სათავე“.

ასეთი შიში შვედეთის საიმიგრაციო ხელისუფლებასაც ახასიათებს. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ მოხალისეების დახმარების სურვილს, მაგრამ ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ უდოკუმენტო მიგრანტი კერძო პირის მანქანას დაესაკუთრება? კანონის თანახმად, ასეთი ხალხის ყოფნა ქვეყანაში უკანონოა“, - ამბობს ქალაქ მალმეს საიმიგრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ბეტიმ ჯაჰირი, რომელიც დასძენს, რომ ლტოლვილთა განსახლების მხრივ ქალაქი მალმე ყოველდღიურად ახალ რეკორდს ხსნის, რაც მათგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ადგილობრივმა საიმიგრაციო სამსახურმა თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადის მომსახურებისათვის კიდევ 40 თანამშრომელი დაიქირავა. ისინი ახალჩამოსულებს რეგისტრაციაში ატარებენ, უღებენ თითების ანაბეჭდებსა და ფოტოებს, ართმევენ მოკლე ინტერვიუს და გადასცემენ სადეპოზიტო ბარათს ყოველდღიური საჭიროებისათვის.

რაც შეეხება ლტოლვილთა პროცედურას, როგორც მალმეს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელი ბეტი ჯაჰირი ამბობს, თავშესაფრის მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადებების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ ლტოლვილებს საიმიგრაციო სამსახური შვედეთის ქალაქებში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, მაგრამ ბევრს, ვისაც ნათესავები და მეგობრები ჰყავს, შეუძლია მათთან დარჩენა აირჩიონ. როგორც წესი, ვიდრე მათი თავშესაფრის საკითხი განიხილება, უმრავლესობა მალმეში დარჩენას ირჩევს.

„გასულ კვირაში ჩვენ სამოთახიან ბინაში დამატებით კიდევ რვა კაცი შემოვიფარეთ“, - ამბობს 18 წლის ერაყელი მოჰამედი, რომელიც სამი წელია ცხოვრობს ქალაქ მალმეში თავის ნათესავებთან ერთად.

„შვედეთში ყველას პატივს სცემენ, ცხოველებსაც კი“, - ამბობს კიდევ ერთი იმიგრანტი, სირიელი რააფატ ამინი, რომელმაც სამი წლის წინ დატოვა სამოქალაქო ომში ჩაფლული სირია.

თუმცა შვედეთის კანონმდებლობას, რომელიც ჰუმანურად ეპყრობა ლტოლვილებს და აძლევს მათ საშუალებს საცხოვრებლად აირჩიონ შვედეთის ნებისმიერი ადგილი, თავისდაუნებურად პრობლემებიც ახლავს.

ქალაქ მალმეს დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც ინდუსტრიულ ქალაქს, სადაც გემთსაშენი ქარხანა და სანაოსნოა. მაგრამ ბოლო თაობის მიგრანტებმა შეცვალეს ქალაქი. ქალაქის 318 ათასიანი მოსახლეობიდან 43 % ან იმიგრანტები, ან პირველი თაობის შვედები არიან, რომელთა შორის ერაყიდან და ბოსნია-ჰერცეგოვინიდან ლტოლვილები დომინირებენ. მათ დღეს ერაყელთა და სირიელთა ახალი ტალღა დაემატა.

ქალაქ მალმეს მეზობლად მდებარეობს როზენგარდი. ქალაქი, სადაც დიდი ხანია თანაარსებობენ მუშათა კლასი და იმიგრანტები, ახლა მხოლოდ იმიგრანტებით არის დასახლებული. ეს იმის ბრალია, რომ რთულია ქალაქ მალმეში ინტეგრირება, უთხრა რადიო თავისუფლებას სირიელმა ჟურნალისტმა მოჰამად ალ ბალოუტმა, რომელმაც 2014 წელს მოახერხა შვედეთში ჩასვლა, ლიბიისა და იტალიის გავლით.

„ყველა უცხოელი, ვინც შვედეთში ჩამოდის, როზენგარდში ერთსა და იმავე ადგილზე ცხოვრობს. შვედეთში რთულია აქაური ტრადიციებისა და სისტემის შესწავლა. იმიგრანტები მოდიან თავიანთი ტრადიციებით, როგორიცაა არაბული ტრადიციები, აფრიკული ტრადიციები, აზიური ტრადიციები. ისინი არ ინტეგრირდებიან შვედურ საზოგადოებაში“.

სხვათა შორის, სწორედ როზენგარდში იზრდებოდა ცნობილი ფეხბურთელი, ზლატან იბრაგიმოვიჩი, ხორვატი დედისა და ბოსნიელი მამის შვილი, რომელიც ძლიერი უცხოური აქცენტით ლპარაკობს, რასაც შვედეთში როზენგარდულ შვედურს უწოდებენ.

როზენგარდში იაფია ბინის დაქირავება, მაშინ როცა უმუშევარი ადამიანი ვერ ახერხებს მალმესა და სხვა მდიდრულ ქალაქში ცხოვრებას. როგორც კი სამუშაოს იშოვიან, როზენგარდში მყოფი თავშესაფრის მქონე იმიგრანტები თანამემამულეთა კომპაქტურ დასახლებას ტოვებენ და ცალკე ცდილობენ გადასვლას. თუმცა ბოლო ხანებში შვედეთში სულ უფრო ნაკლებად შოულობენ სამუშაოს ის ადამიანები, რომელთა გვარიც არაშვედურად ჟღერს.

ბევრი შვედი ეწინააღმდეგება ქვეყანაში იმიგრაციის სწრაფ ზრდას. წელს 81 301 ადამიანმა მიიღო თავშესაფარი, მაშინ როცა 2004 წელს იმიგრანტთა რიცხვი მხოლოდ 17 530 იყო. „შვედმა დემოკრატებმა“, პარტიამ, რომელიც იმიგრანტების შემცირებას ემხრობა, მიმდინარე თვეში საყოველთაო არჩევნებში ხმათა 20.8 % დააგროვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG