Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკომიგრანტები სახლების დაკანონებას ითხოვენ


სტიქიით დაზიანებული სახლი ერთ-ერთ რეგიონში
სტიქიით დაზიანებული სახლი ერთ-ერთ რეგიონში
ახმეტის რაიონში ჩასახლებული ეკომიგრანტები სახლების დაკანონებას მოითხოვენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში ერთიანად დაიწყება და ბინები, ეტაპობრივად, ეკომიგრანტების მფლობელობაში გადავა.
ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ეკომიგრანტები აჭარიდან და სვანეთიდან ჩაასახლეს. მათ სახლები საკუთრებაში დღემდე არა აქვთ. გარემოსდამცველები საუბრობენ, რომ ამ და სხვა პრობლემების გამო, ჩასახლებულთა ნაწილი ისევ აიყარა და 38 ოჯახიდან ახლა მხოლოდ 22 არის დარჩენილი. საკობიანოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გენადი თანდილაშვილის თქმით, სამინისტრო ეკომიგრანტებს სახლებს არ უკანონებს იმის შიშით, რომ ისინი მათ ისევ გაყიდიან:

„ადრე მოხდა ასეთი რაღაც. ეს ოსების სოფელი იყო, მეზობელი სოფელია ასევე ოსების, წინუბანი. ჩამოასახლეს ეკომიგრანტები სვანეთიდან, სახლები გაუფორმეს, მათ კი ქისტებზე გაყიდეს და დღეს სოფელი მთლიანად ქისტებს აქვთ დაკავებული. იგივე მოხდება ახლაც. აგერ რა მოხდა სოფელ მატანსა და დუისს შორის და ჩვენ პირდაპირ მათ შორის ვართ ჩასახლებულები. რა თქმა უნდა, არავის აწყობს, რომ მაგათ შეისყიდონ ეს სახლები“.

ახმეტის რაიონში ეკომიგრანტების კიდევ ერთი დასახლება სოფელ ფიჩხოვანშია. ეკომიგრანტები აქაც აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოასახლეს. დღეს იქ 55 ოჯახამდე ცხოვრობს. სახლები არც აქა აქვთ საკუთრებაში. ამასთან, არის მიწების პრობლემაც. მოსავლის მოსაყვანად ეკომიგრანტებს ადგილობრივებისგან ნაკვეთების ქირით აღება უწევთ. ქირა ჰექტარზე დაახლოებით 200 ლარია.

მათ არ ჰქონდათ ამ სახლების მიმართ კუთვნილების განცდა. მაგალითად, ფიჩხოვანში ისიც თქვეს, სამინისტროში გვითხრეს, არაფერი შეაკეთოთო. აქედან გამომდინარე, სახლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო...
ნინო თევზაძე
„სამინისტრომ რომ შეიძინა ეს სახლები, მაშინ სახლემწიფომ არ იზრუნა, რომ მიწები შეეძინა. თვითონ თუ რამე იყიდეს, ეს აქვთ“.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი ნინო თევზაძე ამბობს, რომ ქორეთში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსაც შეხვდა და აჭარიდან ჩამოსახლებულებსაც. ორივეს პრობლემა სახლების დაკანონება იყო. თევზაძე ამბობს, რომ რადგანაც მათ საკუთრებაში არ არის, ეკომიგრანტები სახლებს არ უვლიან და ზოგი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს:

„მათ არ ჰქონდათ ამ სახლების მიმართ კუთვნილების განცდა. მაგალითად, ფიჩხოვანში ისიც თქვეს, სამინისტროში გვითხრეს, არაფერი შეაკეთოთო. აქედან გამომდინარე, სახლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და რიგ შემთხვევაში ინგრეოდა კიდეც“.

გარდა ამისა, ნინო თევზაძე ლაპარაკობს ასევე ეკომიგრანტებსა და ქისტ მოსახლეობას შორის არსებულ დაპირისპირებაზეც:

„ერთი პრობლემა იყო ქორეთში, თუმცა ამაზე მოსახლეობა ღიად არ ლაპარაკობდა. ეს იყო გარკვეული დაპირისპირება აჭარლებსა და ქისტებს შორის. როდესაც ამ პრობლემაზე ვიკითხეთ, გვითხრეს, არანაირი დაპირისპირება არ არისო, მაგრამ შემდეგ კულუარულად გაგვიყვანა ერთმა-ორმა და საკმაოდ პრობლემატური საკითხები დასვეს. ერთი ამბობს, რომ ეშინოდა შვილი სკოლაში გაეშვა და რეალურად არც დაჰყავდა სკოლაში“.

არა, არა, ამ ჭორების გავრცელების საფუძველი ნამდვილად არა აქვთ. როგორ შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე...
ზაზა იმედაშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა იმედაშვილი ამბობს, რომ ეს ორი სოფელი გამონაკლისი არ არის და ეკომიგრანტებისთვის სახლების დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა, თუნდაც რეესტრისთვის დოკუმენტების მომზადება:

„ისე ნუ წარმოვიდგენთ,რომ ქორეთსა და ფიჩხოვანში არ არის დაკანონებული და სხვაგან ყველგან დაკანონებულია. ერთნაირად მიდის ეს პროცესი და უახლოეს მომავალში ყველგან დაიწყება იმ ოჯახებისთვის დაკანონება, ვისაც სახელმწიფომ როგორც სტიქიით დაზარალებულებს, შეუსყიდა სახლი“.

ზაზა იმედაშვილი კატეგორიულად უარყოფს იმ ეჭვს, რომ სამინისტროს არ უნდა ეკომიგრანტებმა სახლები ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას მიჰყიდოს:

„არა, არა, ამ ჭორების გავრცელების საფუძველი ნამდვილად არა აქვთ. როგორ შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე“.

ზაზა იმედაშვილი ასევე ამბობს, რომ სამინისტრო არათუ არ ეწინააღმდეგება სახლების შეკეთებას, არამედ ეკომიგრანტები ვალდებულებიც არიან მათთვის შეძენილ სახლებს მოუარონ. მისივე თქმით, ეკომიგრანტები დაკანონებული სახლების გაყიდვას მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეძლებენ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რამდენწლიანი შეზღუდვა დაუწესდებათ მათ.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG