Accessibility links

logo-print
აზერბაიჯანში 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თუმცა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, არჩევნებს აზერბაიჯანში თან მნიშვნელოვანი პრობლემები და დარღვევები ახლდა.

საპრეზიდენტო არჩევნებს აზერბაიჯანში მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ადევნებდა თვალყურს, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODHIR) არსებული მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია, რომლის ხელმძღვანელმა, ფრანგმა კანონმდებელმა მიშელ ვოასანმა10 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების პროცესში „ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე“ ისაუბრა:

„9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში შებღალა, როგორც მედიის რეპორტაჟებიდან ჩანს, აზრის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვებმა, რაც არ უზრუნველყოფდა თანაბარ შესაძლებლობებს კანდიდატებისათვის. საარჩევნო კამპანიას თან ახლდა ბრალდებები ცალკეული კანდიდატების წინააღმდეგ და ამომრჩეველთა დაშინების თაობაზე“.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში აღმოჩნდა სერიოზული პრობლემები, რომლებზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება, რათა სამომავლოდ აზერბაიჯანმა ბოლომდე დააკმაყოფილოს ეუთოს მიერ დადგენილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნები. დამკვირვებლებმა ოთხშაბათის არჩევნებზე გამოავლინეს ხმების გაყალბება და ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა საარჩევნო ურნებში.

10 კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში ქვეყანაში პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. კარგად იყო მომზადებული არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, რომელთანაც ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ...
არჩევნები დაგვიანებით და დარღვევებით დაიწყო უბნების 19 პროცენტში, ხმის მიცემის პროცესი ცუდი ან ძალიან ცუდი იყო დაახლოებით უბნების 11 % -ში, უბნების ნახევარზე მეტში ხმების დათვლა იყო ცუდი ანდა ძალიან ცუდი, წინასაარჩევნო კამპანიისათვის კი კანდიდატებს მხოლო 21 დღე ჰქონდათ დაწესებული, - აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODHIR) არსებული მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ ანგარიშში.

შეიქმნა კურიოზულ ვითარებაც: არჩევნებამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სმარტ ფონებზე განთავსდა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც, ალიევი არჩევნებზე ხმათა 72 %-ს აგროვებდა. მოგვიანებით კომისიამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს იყო მონაცემები ერთ-ერთი საარჩევნო უბნისა, სადაც კომპიუტერის პროგრამისტმა არჩევნები საცდელად ჩაატარა. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 10 კანდიდატი მონაწილეობდა, რასაც ეუთოს სადამკვირვებლო მისია პოზიტიურ ასპექტად მიიჩნევს:

„რაც შეეხება პოზიტიურ ასპექტებს, - და აქ უნდა ითქვას, რომ ეს იყო ჩემი მეოთხე სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანში, - 10 კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში ქვეყანაში პოლიტიკურ მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. კარგად იყო მომზადებული არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, რომელთანაც ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ“.

აზერბაიჯანში 9 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ ბიულეტენების დათვლის შედეგად, ხმათა 84.6 % ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ერგო. იგი აზერბაიჯანის სათავეში 2003 წლიდან იმყოფება და ამ პოსტზე თავისი მამა, ჰეიდარ ალიევი შეცვალა. 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე, ხმების 5.5 % -ით, დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს ერთიანი კანდიდატი ჯამილ ჰასანლი გავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაასაჩივრებს არჩევნების შედეგებს. ამასთან, დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო 12 ოქტომბერს მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG